ჯაბა სამუშიამ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებთან ერთად მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი დაათვალიერა, სადაც შესაძლოა თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი განთავსდეს
ახალი სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტებთან ერთად, მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა დაათვალიერა. როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნის შემთხვევაში, უნივერსიტეტი მზად არის, დაიწყოს 350 სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლის პროექტირება და მშენებლობა.
პოტენციური სტუდენტური საცხოვრებლის შენობის მდგრადობის შემოწმების მიზნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტებმა შენობა ვიზუალურად დაათვალიერეს და აზომვითი სამუშაოები განახორციელეს.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა საცხოვრებლების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გასულ პარასკევს გაიმართა და მასში მონაწილეობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა მიიღეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ყველა ის შესაძლებლობა განიხილეს, რაც სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობის პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი