„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ – პირველი ინტერდისციპლინური კვლევები გამოქვეყნებულია
„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ პირველი ნომერი გამოიცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეების ინიციატივით, შექმნილია პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამართლის სფეროს წარმომადგენლებმა სამედიცინო სამართლის დარგის განვითარების მიზნით ინტერდისციპლინური კვლევები დაიწყეს. სამეცნიერო დატვირთვასთან ერთად, ჟურნალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას სამედიცინო სამართლის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ჟურნალის პირველ ნომერში გაერთიანებული სამეცნიერო კვლევები შემდეგ თემებს მოიცავს:
- სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება და მისი დიგიტალიზაცია;
- სამედიცინო ტირაჟის სისხლისსამართლებრივი და კონსტიტუციური ასპექტები;
- მიზეზობრივი კავშირის სტანდარტი ექიმის უმოქმედობით პაციენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას;
- მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში;
- სამედიცინო შეცდომები და სისტემური მიდგომის მაგალითები მათი ანალიზისთვის;
- ინფორმირებული თანხმობა მედიცინაში;
- გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 630a-630h პარაგრაფები – სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულება;
„სამედიცინო სამართალი და სამედიცინო მენეჯმენტი გადაჯაჭვული დარგებია – სამედიცინო მენეჯმენტში მოქმედი სტანდარტი მეტწილად განაპირობებს იმას, თუ რისთვის აგებს პასუხს ექიმი თუ კლინიკა, თუმცა, ამავდროულად, თავად სამართლის ზოგადი პრინციპებიც აყალიბებენ იმ ჩარჩოს, რომელიც შემდეგ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე წესებითა და ინსტრუქციებით კონკრეტდება. ეს ინტერდარგობრივი სფეროები შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ორივე პროფესიის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით.
„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ მიზნად ისახავს, პირველ რიგში, სამეცნიერო, თუმცა, ასევე, საგანმანათლებლო და, ზოგადად, დარგობრივი პოპულარიზაციისაკენ მიმართული აქტივობების მეშვეობით სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფს შორის დიალოგისა და თანამშრომლობისათვის საფუძვლის ჩაყრას და ამ ერთობლივი ძალისხმევით სამედიცინო სამართლის დისკურსის განვითარებას“, – აცხადებს ჟურნალის რედაქტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი რუსიაშვილი.
ჟურნალის კონცეფციის მიხედვით, სამედიცინო სამართლის დარგის სავარაუდო თემატიკა, რომელიც ქართულ სამართალში მეტწილად დაუმუშავებელია, ფართო სპექტრს მოიცავს: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და პირველადი ჯანმრთელობის დაცვა; ეპიდემიოლოგიური კონტროლი; ექიმის პროფესიის განხორციელება და კლინიკის გაძღოლა; სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა და ფუნქციონირების ხარვეზების თანმდევი სამართლებრივი შედეგები; სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა ექიმსა და პაციენტს შორის სამედიცინო მომსახურების ხელშეკრულებით და ხელშეკრულების გარეშე; კლინიკაში მიღების სხვა წინაპირობები (პაციენტის პირადი მონაცემები: დოკუმენტაცია, მონაცემთა დაცვა, დოკუმენტაციაზე წვდომა და გაცემა, გაუთქმელობის ვალდებულება და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა); საავადმყოფოს მფლობელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და სადაზღვევო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება; ჯანმრთელობის დაზღვევა; პასუხისმგებლობა ექიმის შეცდომისათვის; პაციენტის თანხმობა და ინფორმაციის მიწოდება; პაციენტის მოვალეობა; სამედიცინო მომსახურების გამწევის პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები; მოწყვლადი ჯგუფების (მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი, მოხუცებული პაციენტები, უგონო პირები, უცხოელები, სექტის მიმდევრები, ფსიქიკურად დაავადებულნი) სამედიცინო მომსახურების სტანდარტები; პასუხისმგებლობის ფარგლები, თანაბრალეულობა და ხანდაზმულობა; პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხები – სამართალწარმოების სუბიექტები, მტკიცების ტვირთი და მტკიცებულებები; ექიმის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები; ექსტრემალური სიტუაციები: გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა, ინტენსიური მედიცინა, ევთანაზია, გარდაცვალების მომენტი და ა.შ.
დარგის ინტერდისციპლინური მახასიათებლებიდან გამომდინარე, სარედაქციო კოლეგია იურიდიული, სამედიცინო დარგების წარმომადგენელი აკადემიური პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალისგან შედგება.
ჟურნალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ დაარსდა და იურიდიული ფირმების – „ბიგვავა-ბატიაშვილი“ და „MG Law“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიცემა.
ჟურნალის ელ-ვერსია განთავსებულია ბმულზე: http://lawjournal.ge/wp…/uploads/2022/11/MED-1-2022.pdf