თენგიზ მეუნარგია – 85
85 წლის წინ, 1937 წლის 17 აგვისტოს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა თენგიზ მეუნარგია ცნობილი ექიმის ვალერიან მეუნარგიასა და ქალბატონ თამარ შონიას ოჯახში. მასთან ერთად ოჯახში იზრდებოდნენ უფროსი ძმა ვახტანგი და უმცროსი და მაია. მშობლებმა უზრუნველყვეს შვილების კარგი ოჯახური აღზრდა და განათლება, ისინი ყველანაირად ხელს უწყობდნენ ბავშვების ცოდნისადმი ლტოლვასა და ინტერესს.
თენგიზ მეუნარგია 1944 წელს შეიყვანეს ზუგდიდის ვაჟთა პირველ საშუალო სკოლაში, რომელიც მან 1955 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა. მიუხედავად მამის სურვილისა – სამივე შვილი ექიმი გამოსულიყო, თენგიზ მეუნარგიამ თავის პროფესიად მათემატიკა აირჩია და იმავე 1955 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათემატიკოსის პროფესია აირჩია ასევე მაიამაც. როგორც თენგიზ მეუნარგია აღნიშნავდა, მათემატიკის ნიჭი მათ დედისგან ჰქონდათ. მამის პროფესიას კი უფროსი ძმა ვახტანგი გაჰყვა, რომელიც მედიცინის დარგის ცნობილი სპეციალისტი იყო.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თენგიზ მეუნარგიამ ყურადღება მიიქცია როგორც ნიჭიერმა და შრომისმოყვარე სტუდენტმა. მას ასწავლიდნენ ღვაწლმოსილი მეცნიერები და პედაგოგები ვიქტორ კუპრაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ვლადიმერ ჭელიძე, არჩილ ხარაძე და სხვები. 1960 წელს თენგიზმა წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიის განხრით. ნახევარი წლის შემდეგ ის გაემგზავრა მოსკოვში, სადაც ესწრებოდა სემინარებს ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პ. ულიანოვის სემინარი) და საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში (დ. მენშოვის სემინარი).
თბილისში დაბრუნების შემდეგ, 1962 წელს თენგიზ მეუნარგია აირჩიეს ასისტენტად თსუ ფიზიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1964–1966 წლებში მუშაობდა ასისტენტად თსუ კიბერნეტიკის ფაკულტეტზე.
როგორც ცნობილია, 1966 წლის აპრილში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა აკადემიკოსი ილია ვეკუა, რომელიც ორი წლის დაბრუნებული იყო საქართველოში. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში ბევრ ნოვატორულ იდეას შეესხა ხორცი, კერძოდ, დაარსდა რამდენიმე ახალი ფაკულტეტი, ჩამოყალიბდა ახალი კათედრები და კაბინეტები. 1966 წელს უნივერსიტეტთან შეიქმნა გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილი იყო იმ დროისთვის საუკეთესო ელექტრონული გამომთვლელი მანქანებით. ამ ლაბორატორიის პირველ თანამშრომლებს შორის (ლერი გოგოლაძე, ვანო კიღურაძე და სხვ.) თენგიზ მეუნარგიაც იყო.
სწორედ ამ დროიდან ილია ვეკუას ხელმძღვანელობით იწყება თენგიზ მეუნარგიას ნაყოფიერი მეცნიერული მუშაობა გარსთა მათემატიკურ თეორიაში.
1968 წელს, როდესაც გამოყენებითი მათემატიკის პრობლემური ლაბორატორიის ბაზაზე გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა, თენგიზ მეუნარგია ამ ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად აირჩიეს.
1973 წელს თენგიზ მეუნარგიამ წარმატებით დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „ცვალებადი სისქის ფირფიტების ღუნვის თეორიის შესახებ“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი ილია ვეკუა). ამავე წლიდან 1986 წლამდე თენგიზ მეუნარგია მუშაობდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილებაში განყოფილების გამგის მოადგილედ.
1989 წელს თენგიზ მეუნარგია არჩეულ იქნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის გარსთა თეორიის განყოფილების გამგედ. მისი თაოსნობით განყოფილებაში წლების განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე სამეცნიერო და სასწავლო-სამეცნიერო რეგულარული სემინარი გარსთა თეორიაში, დრეკადობის მათემატიკურ თეორიაში, ვარიაციულ მეთოდებში, ტენზორულ ანალიზში. სემინარების მუშაობაში განყოფილების გამოცდილ წევრებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა მკვლევრები.
1997 წელს თენგიზ მეუნარგიამ წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „სწრაფად ცვალებადი გეომეტრიის მქონე დრეკადი გარსების მათემატიკური თეორიის სასაზღვრო ამოცანები“. თენგიზ მეუნარგიას ამ ფუნდამენტურ ნაშრომში ი. ვეკუას მიერ აგებული გარსების თეორია გათავისუფლდა დაშვებისგან გარსების დამრეცობის შესახებ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაფართოვდა კლასი იმ სხეულებისა, რომელთა დაძაბულ დეფორმირებული მდგომარეობის განსაზღვრა შესაძლებელი გახდა შემოთავაზებული თეორიის გამოყენებით. შემდგომში თენგიზ მეუნარგიამ მოახერხა ი. ვეკუას მეთოდის განზოგადება როგორც გეომეტრიულად, ასევე, ფიზიკურად არაწრფივი არადამრეცი გარსებისთვის.
გარსთა თეორიის განყოფილების გამგის თანამდებობაზე თენგიზ მეუნარგია 2006 წლამდე მუშაობდა. 2007 წელს, ინსტიტუტის რეფორმირების შემდეგ, იგი ამ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო, ხოლო 2018 წლიდან არჩეულ იქნა დრეკადობის და გარსთა თეორიის განყოფილების ხელმძღვანელად, რომელსაც გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.
თენგიზ მეუნარგიას თავისი შრომები გამოქვეყნებული აქვს ადგილობრივ, საკავშირო და საერთაშორისო პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში. მას გაკეთებული აქვს უამრავი, მათ შორის, პლენარული მოხსენება ადგილობრივ, საკავშირო და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე.
თ. მეუნარგია ხშირად იყო სამეცნიერო კონფერენციების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და სხვადასხვა სექციის ხელმძღვანელი. იგი იყო თსუ ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის ჟურნალების „ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის შრომები“, „ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის მოხსენებები“ და „ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სემინარის გაფართოებული სხდომების მოხსენებები“ სარედაქციო კოლეგიების წევრი.
თენგიზ მეუნარგია ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობას უთავსებდა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1977 წელს ის აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტად, ხოლო 1997 წელს ამ უნივერსიტეტის პროფესორად. თენგიზი წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს (უმაღლესი მათემატიკა ეკონომისტებისათვის, ტენზორული აღრიცხვის საფუძვლები, მათემატიკური ფიზიკის განტოლებები) თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტზე. პარალელურად, 1994 წლიდან იგი კითხულობდა ლექციებს ახლადდაარსებულ ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში და თსუ-ს ზუგდიდის ფილიალში. ვინც დასწრებია თენგიზ მეუნარგიას ლექციებს ან სემინარებს, ყველა ერთხმად აღნიშნავს მისი, როგორც ლექტორის, მაღალ პროფესიონალიზმს და საქმისადმი შემოქმედებით მიდგომას.
თენგიზ მეუნარგიას ხელმძღვანელობით ხუთმა მისმა მოწაფემ დაიცვა დისერტაცია მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკის და მათემატიკური მოდელირების სპეციალობით.
პროფესიულ მოღვაწეობასთან ერთად, თენგიზ მეუნარგიას ბევრი გატაცება ჰქონდა. მას სპორტიც იზიდავდა – კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, კარგად თამაშობდა ჭადრაკს, მაგრამ მისი ყველაზე დიდი გატაცება ლიტერატურა, ქართული ფოლკლორი და ქართული ხალხური სიმღერები იყო. იგი შესანიშნავად მღეროდა და შეეძლო ზეპირად წაეკითხა ბევრი ადგილი ქართული თუ მსოფლიო ლიტერატურის შედევრებიდან. დაჯილდოებული იყო დიდი იუმორის გრძნობით.
ყველაფერთან ერთად, თენგიზ მეუნარგია იყო შესანიშნავი მეოჯახე. მან თავის მეუღლესთან, ქალბატონ დოდო გეგეჭკორთან ერთად, აღზარდა სამი შვილი – ვალერიანი, თამარი და ვახტანგი. სამივე მათგანს მიღებული აქვს ჩინებული განათლება, წარმატებული არიან თავიანთ სფეროში, ჰყავთ ოჯახი და შვილები.
მიმოვიხილოთ მოკლედ თენგიზ მეუნარგიას მეცნიერული შედეგები, რომლებიც შეეხება გარსთა მათემატიკური თეორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
თენგიზ მეუნარგიას პირველი შრომები მიეძღვნა ვეკუას თეორიით კონკრეტული სასაზღვრო ამოცანების ამოხსნას. მან ანალიზურად ამოხსნა ძაბვის კონცენტრაციის ამოცანები უსასრულო ფირფიტებისთვის წრიული ხვრელით, ი. ვეკუას თეორიის სხვადასხვა მიახლოების შემთხვევაში.
შემდგომი შრომები მიეძღვნა ძაბვის კონცენტრაციის ამოცანების ამოხსნას ანიზოტროპული ფირფიტებისათვის. ამოცანები ამოხსნილი იყო ფირფიტების სხვადასხვა დაზუსტებული თეორიების გამოყენებით (ვეკუას, რაისნერის, ამბარცუმიანის) და მიღებული შედეგები შედარებულიაროგორც ერთმანეთთან, ასევეკლასიკური თეორიით მიღებულ შესაბამის შედეგებთან.
თენგიზ მეუნარგიამ ი. ვეკუას განზომილების რედუქციის მეთოდი გამოიყენა დრეკადობის მომენტური სამგანზომილებიანი თეორიის ძირითადი განტოლებების რედუცირებისთვის. ამ მიმართულებით მიღებული შედეგები შეჯამებულია მონოგრაფიაში „ი. ნ. ვეკუას მეთოდის განვითარება დრეკადობის მომენტური თეორიის სამგანზომილებიანი ამოცანებისთვის“, რომელიც გამოსცა თსუ გამომცემლობამ 1987 წელს. ეს ნაშრომი შეიძლება დღეს უფრო აქტუალურიც გახდეს, იმის გათვალისწინებით, თუ რა დიდი ყურადღება ექცევა ბოლო პერიოდში მიკროპოლარული გარემოსგან შედგენილი დრეკადი სხეულების შესწავლას.
გარსთა თეორიის თითქმის ყველა ვარიანტში არის დაშვება გარსების დამრეცობის შესახებ. თენგიზ მეუნარგიამ თავის შრომებში განავრცო განზომილების რედუქციის ვეკუას მეთოდი არადამრეცი გარსებისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა გარსის სისქის მიმართულებით მეტრიკის ცვლილების გათვალისწინება. შემდგომი ეტაპი იყო მიღებული შედეგების განზოგადება გეომეტრიულად და ფიზიკურად არაწრფივი შემთხვევებისთვის.
არაწრფივი დიფერენციალური განტოლებებისთვის სასაზღვრო ამოცანების ამოსახსნელად ლიტერატურაში კარგად არის ცნობილი ე.წ. მცირე პარამეტრის მეთოდი, როცა საძიებელი სიდიდეები იშლებიან ხარისხოვან მწკრივად გარკვეული მცირე პარამეტრის მიმართ. თ. მეუნარგიამ გამოიყენა ეს მეთოდი არადამრეცი და არაწრფივი გარსებისათვის.
ი. ვეკუას ცნობილი მონოგრაფია – „გარსთა თეორიის სხვადასხვა ვარიანტის აგების ზოგიერთი ზოგადი მეთოდი“, რომელიც 1982 წელს გამოიცა მოსკოვში და მალევე ინგლისურ ენაზეც გამოიცა გამომცემლობა Pitman-ის მიერ (თარგმნა ციცინო გაბესკირიამ), ხოლო 2007 წელს, ავტორის დაბადებიდან 100 წლისთავზე, თენგიზ მეუნარგიას მიერ ქართულად თარგმნილი, გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ.
თავისი გამორჩეული პიროვნული თვისებებით, განვლილი სამეცნიერო ცხოვრების გზით, არჩეული პროფესიისადმი და სამართლიანობის პრინციპებისადმი ერთგულებით, ქართული სამეცნიერო ტრადიციებისადმი ერთგულებით თენგიზ მეუნარგიამ მოიპოვა დამსახურებული ავტორიტეტი ახლობლებში, მეგობრებში, კოლეგებსა და მთლიანად საზოგადოებაში.
თენგიზ მეუნარგია გარდაიცვალა 2021 წლის 2 დეკემბერს თბილისში. ის გარსთა მათემატიკური თეორიის აღიარებული სპეციალისტი იყო, რომელმაც აღნიშნულ დარგში წარმატებით განავითარა თავისი სახელოვანი მასწავლებლის ილია ვეკუას მეცნიერული მემკვიდრეობა.
ნატალია ჩინჩალაძე, ციცინო გაბესკირია, გიორგი ჯაიანი, რომან ჯანჯღავა, ბაკურ გულუა