თარიღი: 2022-12-01 16:08:13

გენდერულ თანასწორობაზე, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე ისაუბრა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან საჯარო დისკუსიაზე ,,ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია: საუკეთესო პრაქტიკა და საქართველოს გამოცდილება.“ ღონისძიება საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
 

დისკუსიაში თსუ სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად მონაწილეობდნენ  პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ბაია კვიციანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ გენდერული თანასწორობის მაგალითებზე ისაუბრა საქართველოს ისტორიიდან და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალური თემა უცხო არასდროს ყოფილა საქართველოსთვის. მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე საუბარი როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებში; აუცილებელია, რომ ახალგაზრდებს ასეთ მწვავე პრობლემებზე სასაუბრო სივრცე ჰქონდეთ, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება არსებული სიტუაციის გაჯანსაღებას.“
 

ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევ მიზეზ-შედეგობრივ ფაქტორებზე, ასევე ძალადობის პრევენციის საშუალებებსა და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე გაამახვილეს ყურადღება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც სტუდენტებს საქართველოში ამ კუთხით არსებულ რეალობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. დისკუსიის დროს საუბარი შეეხო პრობლემის მოგვარების წარმატებულ საერთაშორისო  მაგალითებზე.
 

,,მოხარული ვართ, რომ სტუდენტებს ძალიან აინტერესებთ მსგავსი საკითხების განხილვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შეკრებილი ახალგაზრდები ცალსახად გმობენ ძალადობას და მზად არიან სიტუაციის გასაუმჯობესებლად გასატარებელ ღონისძიებების თვალსაზრისით შემდგომი თანამშრომლობისთვის,“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.
 

საჯარო დისკუსიის მსვლელობისას თსუ სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის  ძალზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა მსგავს კამპანიებში მონაწილეობა და მასში საკუთარი წვლილის შეტანა. ,,ისეთ საკითხებში, როგორიცაა ძალადობა და, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობა. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს – საქართველოს პარლამენტს, ასევე სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის. ვფიქრობ,  რომ ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა დავძლიოთ ერთობლივი ძალებით და ამ პროცესში ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შევიტანოთ,“ – განაცხადა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა შოთა მშვენიერაძემ.
 

საჯარო დისკუსია თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თექვსმეტდღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

Facebook
Twitter
LinkedIn