მეცნიერება – ჭეშმარიტების შეცნობის გზა

თარიღი: 2022-11-30 16:53:11

ბავშვობაში ცნობისმოყვარე იყო. მუდმივად უჩნდებოდა ათასი კითხვა ისეთ რაღაცებზე, რაც, ერთი შეხედვით, მისთვის უხილავი იყო. რამდენი ვარსკვლავი არსებობს? რატომაა იდუმალი გალაქტიკა? ან ეს პლანეტები? მზე? მსგავს კითხვებს მუდმივად სვამდა პატარა, ცნობისმოყვარე გოგონა რევაზაშვილების ოჯახში. იზრდებოდა, ასაკი ემატებოდა, მაგრამ კითხვების რაოდენობა არ მცირდებოდა, პირიქით.

კლასში იმ უმცირესობას მიეკუთვნებოდა, რომელსაც ფიზიკა, ქიმია ან/და მათემატიკა უყვარდა. დროთა განმავლობაში კი, როდესაც სამყაროს შეცნობა და მასთან დაკავშირება დაიწყო, ფიზიკის მიმართ სიყვარული ნელ-ნელა გაუღრმავდა. სწორედ აქედან გახდა ნინოს ყოველდღიურობის ნაწილი ასტროფიზიკა.

2014 წელს ნინომ  თსუ-ში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტზე, ფიზიკის მიმართულებით ჩააბარა, ბაკალავრიატიდანვე ჩაერთო სხვადასხვა კონფერენციაში და ამით ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა მეცნიერებაში.
როგორც ნინო ამბობს, მეცნიერება ძალიან ამოუწურავი და შეუცნობელი სფეროა, მაგრამ შეუძლებელია, დაიღალო აქ ყოფნით. „ფიზიკა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების სტილს, ხასიათს და თვისებებს. ეს საგანი გეხმარება ჭეშმარიტების დანახვასა და დეტალების მარტივად შემჩნევაში,“ – ასე დაახასიათა ნინომ თავისი პროფესიული არჩევანი.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს ამ სფეროში ახალბედას ეძახის, თვლის, რომ წინ დიდი გზაა. ამ გზის გაკაფვაში კი ეხმარება მისი ხელმძღვანელი, პროფესორი  ნანა შათაშვილი. მან მესამე კურსიდან ნინოს საშუალება მისცა, დაეწყო მუშაობა მეცნიერულ კვლევაზე შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში. შეუძლებელია ადამიანი ოთხ წელში გახდეს მეცნიერი. ამისთვის დიდი დრო და ენერგიაა საჭირო.

„მეცნიერებას სხვა შინაგანი კულტურა სჭირდება, მისი განვითარება კი ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს, სკოლის პერიოდში. მეცნიერად უნდა გაიზარდო და გაგზარდონ. შინაგანი დისციპლინა ამ საქმეში დიდ როლს თამაშობს,“ – ამბობს ნინო.

უნივერსიტეტში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ნინომ აღნიშნა, რომ მადლიერია აქ არსებული თანასწორი გარემოსთვის. მას არასდროს უგრძნია ლექტორების მხრიდან სტუდენტების გამორჩევა. უმაღლესი სასწავლებელი მისთვის აღმოჩნდა ადგილი, სადაც გამოასწორა პატარ-პატარა ხარვეზები, რომლებიც მომავალი მეცნიერისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა. „არ ვფიქრობ, რომ ამით დიდი საქმე გავაკეთე. ეს იყო აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ბაკალავრიატზე ყოფნის პერიოდში მომეთხოვებოდა,“ – ამბობს ის.

ნინოს მიერ დაწერილი საბაკალავრო ნაშრომის წარმატება გასცდა უნივერსიტეტის ფარგლებს. პირველი სტატია, რომელიც ხელმძღვანელთან და თანაკურსელთან ერთად დაწერა, მოიცავდა მის საბაკალავრო ნაშრომსაც. მათი საერთო ნამუშევარი 2020 წელს გამოქვეყნდა ევროპულ ჟურნალში – “Astrophysics and Space Science”.
ჩვენი სტატია, რომელიც  ევროპულ ჟურნალში დაიბეჭდა, ჩემთვის, როგორც მომავალი თეორიული ასტროფიზიკოსისთვის, პიროვნული და პროფესიული განვითარების ინდიკატორია. თანამედროვე მსოფლიოში, წარსულისგან განსხვავებით, მარტივად შეგიძლია გააცნო ხალხს ის, რასაც აკეთებ. ეს მართლაც გამართლებაა,“ – გვიხსნის ნინო.

ნებისმიერ კვლევაზე მუშაობა ნინოსთვის გამოწვევაა, თითოეული ამოცანა – ახალი შესაძლებლობა. ამჟამად ხელმძღვანელთან ერთად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე (თემა – „ასტროფიზიკური დისკი – ჯეტის ერთიანი სტრუქტურის ფორმირება“). ჯერ დასრულებამდე დიდი დროა, მაგრამ დამთავრებისთანავე მის გამოქვეყნებასაც აპირებენ. კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ამ კვლევაზე მუშაობა მისთვის, ნინომ შემდეგი პასუხი გაგვცა: „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ. საქართველოში ცოტა ძნელია დაფინანსება მოიპოვო მეცნიერულ საქმიანობაში, რადგან დამფინანსებლების მხრიდან დაინტერესების დეფიციტი შეინიშნება. ამის მიუხედავად, აქტიურად ვარ ჩართული სამეცნიერო საქმიანობაში, რომელიც საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვანია. ეს სფერო არაა იზოლირებული. თეორიული ფიზიკა/ასტროფიზიკა, ძირითადად, კოლექტიურია. მნიშვნელოვანია გუნდთან ერთად მუშაობა,” – ამბობს ის.

ნინო არ მიიჩნევს, რომ ჯერ რაიმე განსაკუთრებული აქვს გაკეთებული. ასე ხდება მაშინ, როდესაც არსებულს არ სჯერდები და შენი პროფესიული მიზნები სხვა მწვერვალზეა. მომავლის მთავარი მიზანია, დასვას და ამოხსნას საკუთარი ამოცანა, რაც მისცემს საშუალებას, გახდეს სრულფასოვანი ასტროფიზიკოსი. მანამდე კი ინარჩუნებს ენთუზიაზმს, გამძლეობას და აგროვებს ცოდნას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია მიაღწიო წარმატებას ნებისმიერ სფეროში.

სწავლის პარალელურად, ნინო უძღვება მისი ხელმძღვანელის, ქალბატონი ნანა შათაშვილის სამაგისტრო კურსის პრაქტიკულ მეცადინეობებს. ეს პროცესი მისთვის ერთგვარი გამოწვევაა, რადგან თვლის, რომ ნებისმიერი საქმიანობა ამ სფეროში მისი პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია.

იმედითა და დადებითი ენერგიით დამუხტული მუშაობს ნინო მომავლისთვის. სწავლის გაგრძელებას და საკუთარი თავის განვითარებას საზღვარგარეთ გეგმავს. მისთვის თსუ-ს სამივე სასწავლო საფეხურის დამთავრება საკმარისი არაა. როგორც თავად ამბობს, დოქტორანტურის დამთავრებით კი არ სრულდება, არამედ იწყება ახალი ეტაპი მის სამეცნიერო სამყაროში.

გვანცა პავლიაშვილი,

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი


Facebook
Twitter
LinkedIn