გამოიცა მონოგრაფია VIII-XII საუკუნეების კახეთის პოლიტიკური ისტორიის შესახებ
2022 წლის ნოემბერი ქართველი მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მათ სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი დამსახურებებისთვის სხვადასხვა დარგში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელები გადაეცათ. საპატიო ჯილდოს მფლობელთა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებიც არიან, ამ მხრივ აღსანიშნავია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის წარმატება. ისტორიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელების მფლობელები გახდნენ პროფესორი თედო დუნდუა და ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღიარება თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის წევრების იმ წარმატების გამოძახილია, რომელსაც მათ ქართველოლოგიის დარგში მიაღწიეს . ჯერ კიდევ მიმდინარე წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გახდა ამავე ინსტიტუტის პროფესორი ჯაბა სამუშია (თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი), ხოლო ახლახან ლატვიის მეცნიერებათა აკადემიამ უცხოელ წევრ – აკადემიკოსად აირჩია თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი. ისტორიის დარგში აღიარება მიღებული აქვთ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის სხვა წევრებისაც. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება“, – ამბობს თსუ- ის ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე.
აღსანიშნავია, რომ ლერი თავაძე უკანასკნელი წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (კალიფორნია, აშშ) საქართველოს პროგრამებზე. იგი რამდენიმე მონოგრაფიის ავტორია, ბოლო მისი ნაშრომი VIII-XII საუკუნეების კახეთის პოლიტიკური ისტორიის განხილვაა.
აღნიშნული მონოგრაფია 2022 წლის დასაწყისში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. წიგნი ორი ქართული პოლიტიკური გაერთიანების, კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოს ისტორიას მოგვითხრობს: მეცნიერის ინფორმაციით, აღნიშნული გაერთიანებათა პოლიტიკური ცენტრი კახეთში მდებარეობდა, შესაბამისად, წიგნში მათი ისტორია კახეთის პოლიტიკური ისტორიის კონტექსტშია განხილული. შესწავლილია პოლიტიკური ისტორიის საკითხები.
კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოს ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორისაა როგორც სხვა ქართული ქვეყნები, ასევე მათ მეზობლად მდებარე არაქართული პოლიტიკური გაერთიანებები. ნაშრომი იყოფა რამდენიმე ნაწილად, ესენია: წინასიტყვაობა, შესავალი, პროლოგი, თოთხმეტი თავი და ეპილოგი. მონოგრაფიას დართული აქვს ბიბლიოგრაფია, სამი დამატება და ინგლისური რეზიუმე. წინასიტყვაობაში საუბარია წიგნის შექმნის დეტალებზე, მონოგრაფიის აგებულებაზე და შინაარსის სპეციფიკაზე, ასევე დეტალებზე, რომელიც უშუალოდ ზემოთ ხსენებული ნაშრომის დაწერასთან არის დაკავშირებული. შესავალში განხილულია საკვლევი თემის აქტუალობა, მოკლედაა მიმოხილული კახეთის წარსული, ვიდრე VIII საუკუნემდე. ვრცელი ნაწილი ეთმობა ისტორიული წყაროების დახასიათებას. მიმოხილულია კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროები. მოცემულია ქართული, სომხური, არაბული, სპარსული და ბიზანტიური ნარატიული მასალის ანალიზი, რაც პირდაპირ თუ ირიბ შემხებლობაშია VIII-XII საუკუნეების კახეთთან, ასევე, ზოგადად, საქართველოსთან. თხრობითი წყაროების გარდა მიმოხილულია ჰაგიოგრაფიული ძეგლები, ნუმიზმატიკა და ეპიგრაფიკა. ისინი მდიდარ მასალას გვაწვდიან VIII-XII საუკუნეების კახეთისა და კახეთ-ჰერეთის შესახებ. ვრცლად არის ასევე მიმოხილული სპეციალური ლიტერატურა.
ავტორის თქმით, კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოს შესახებ მრავალი ნაშრომი (წიგნი, სტატია და ა.შ.) დაიწერა. შესავალში განხილულია ძირითადად ქართველი ავტორების შრომები (ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, მარიამ ლორთქიფანიძის, დავით მუსხელიშვილის, თენგიზ პაპუაშვილის, როინ მეტრეველის, გურამ მაისურაძის, ჯაბა სამუშიასა და სხვა ავტორთა ნაშრომები), ვინაიდან დიდი ნაწილი ისტორიკოსებისა, რომელიც ზემოთ ხსენებულ საკითხებზე მუშაობდნენ ან აგრძელებენ მუშაობას, ეროვნული ისტორიოგრაფიის წარმომადგენელია. ქართველი ისტორიკოსების შრომების გარდა, განხილულია ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი, სომეხი და სხვა ეროვნების ისტორიკოსთა ნაშრომები, რომელშიც კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოს თემა გარკვეულ ადგილს იკავებს.
პროლოგი წარმოადგენს ნაშრომის პრობლემატიკის შესწავლის დასაწყის ნაწილს, რომელშიც განხილულია კახეთის საქორეპისკოპოსოს წარმოშობა. მიღებული დასკვნის მიხედვით, კახეთის საქორეპისკოპოსო არ ჩამოყალიბებულა კახეთის ხანგრძლივი სეპარატიზაციის შედეგად ან, თუნდაც, ფეოდალური ურთიერთობების გაღრმავების გამო, მისი ჩამოყალიბება გამოიწვია შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში ორი დაპირისპირებული ძალის კონფლიქტთან, სადაც ერთი ბაგრატიონთა ახალ ხელისუფლებას ემხრობოდა, ხოლო მეორე – ხოსროიანთა დინასტიას. გაყოფა ასევე გამოწვეული იყო არაბთა ექსპანსიით, რომელმაც ქართლის ორი მსხვილი რეგიონი, ზემო ქართლი და კახეთ-კუხეთ-გარდაბანი, ერთი პერიოდი ერთმანეთს მოწყვიტა.
პირველ თავში განხილულია გრიგოლ ქორეპისკოპოსის მოღვაწეობა და მის, თითქმის, ორმოცწლიან მმართველობაში მომხდარი პოლიტიკური პროცესები, როდესაც არაბული არმენიის ხელისუფლება სისტემატურად ცდილობდა კახეთის დამორჩილებას, ხოლო გრიგოლის პოლიტიკა არაბთა განდევნისა და ხოსროიანთა დინასტიის აღდგენის მცდელობა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე თავი ეხება დაჩი ქორეპისკოპოსის მოღვაწეობას, რომელიც, ავტორის აზრით, ხოსროიანთა დინასტიის უმცროსი შტოს წარმომადგენელი გახლდათ. დაჩის დროს გრძელდებოდა კონფლიქტი სახალიფოსთან, ხოლო „სრულიად ქართლის“ გაყოფამ უფრო გაფორმებული სახე მიიღო. მესამე თავი ეხება სამოელ დონაურის ქორეპისკოპოსობის პერიოდს, როდესაც კახეთის მესვეურები მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი წარმატება შეაფერხა ბუღა თურქის სამხედრო ლაშქრობამ, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. მეოთხე თავი ეხება გაბრიელ დონაურის მმართველობას, რომელიც აგრძელებდა ძმის პოლიტიკას, მაგრამ მოექცა გუარამ მამფლის გავლენის ქვეშ, რამაც საქართველოში ქორეპისკოპოსთა პოზიცია შეასუსტა. სომხეთის აგრესიამ კი მათ გარდაბნის მნიშვნელოვანი ნაწილი დააკარგვინა და, საბოლოოდ, ხელისუფლებაც. მეხუთე თავი ეხება არევმანელთა დინასტიის პირველი წევრის ფადლა პირველის მოღვაწეობას, რომელმაც განამტკიცა ახალი დინასტიის მმართველობა კახეთში. მეექვსე თავი ეხება კვირიკე პირველის მოღვაწეობას, როდესაც არევმანელთა სახლი, ფაქტობრივად, ცალკე დინასტიად გაფორმდა და გარკვეულ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. მეშვიდე თავი ფადლა მეორის ზეობას ეხება, როდესაც გაჩაღდა გარკვეული აღმშენებლობითი მოღვაწეობა. მერვე თავში საუბარია წყაროებით შედარებით უფრო ნაკლებად ცნობილ კვირიკე მეორის ხანგრძლივ ზეობაზე, რომელშიც მისივე მმართველობის მეორე პერიოდია გამორჩეული, რომლის შესახებაც მასალა უფრო მრავალფეროვანია. მეცხრე თავში საუბარია დავითის შესახებ, რომელმაც გააერთიანა კახეთი და ჰერეთი, შესაბამისად, გახლდათ პირველი, ვინც იწოდა რანთა და კახთა მეფედ. მეათე თავი ეთმობა კახეთ-ჰერეთის ყველაზე გამორჩეული მეფის კვირიკე მესამე დიდის ზეობას. მეთერთმეტე თავში მოთხრობილია გაგიკ ბაგრატუნ-კვირიკიანის დამკვიდრება კახეთ-ჰერეთში, რომელიც წარმატებით იგერიებდა ბაგრატ მეოთხის ექსპანსიას და მოახერხა ახალი დინასტიის განმტკიცება. მეთორმეტე თავში შესწავლილია აღსართან პირველის ზეობა, რომელიც უაღრესად არასტაბილური გახლდათ. მეცამეტე თავში მოცემულია კვირიკე მეოთხის პერიოდის კახეთ-ჰერეთის ისტორია, როდესაც ქვეყანაში შედარებით სტაბილური ვითარებაა. ხოლო ბოლო, მეთოთხმეტე თავში მოცემულია აღსართან მეორის ზეობა, როდესაც დავით აღმაშენებლის მეოხებით კახეთ-ჰერეთის სამეფო საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდა. ეპილოგში წარმოდგენილია ბაგრატიონთა დინასტიის პოლიტიკა კახეთ-ჰერეთის მიმართ VIII-XII საუკუნეებში, რაც დავით აღმაშენებლის დროს მისი სტაბილური ინტეგრაციით დასრულდა ერთიან ქართულ სამეფოში.
მონოგრაფიის ბიბლიოგრაფია იყოფა ორ სექციად, ესენია: წყაროები და გამოყენებული ლიტერატურა. ნაშრომს აქვს სამი დანართი. პირველ დანართში მოცემული კახეთისა და კახეთ-ჰერეთის მმართველთა ნუსხა, ასევე წარმოდგენილია სხვა მეზობელი ქვეყნების მმართველთა ნუსხები. მეორე დანართში VIII-XII საუკუნეების კახეთის მმართველი დინასტიების გენეალოგიური ტაბულა არის მოცემული. მესამე დანართში განხილულია ვახუშტი ბატონიშვილის ცნობები კახეთის შესახებ და გამოთქმულია მოსაზრება, რომ ერთ-ერთი წყარო, რომელსაც ვახუშტი იყენებდა თავის ნაწარმოებში უნდა იყოს დაკარგული ნუსხა პირობითი სათაურით, „კახეთის მეფე-მთავართა დივანი“. ნაშრომს ბოლო დართული აქვს ინგლისური რეზიუმე. ამგვარად, წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის. თუმცა, ასევე, ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატის, ირანისა და თურქ-სელჩუკთა ისტორიის მოყვარული მკითხველისთვისაც, ვინაიდან მონოგრაფიაში ქართველების პოლიტიკური ურთიერთობა ყველა ამ ქვეყნებთან ჯეროვნად არის ასახული.