DRG – ქართული ჯანდაცვის სისტემაში

თარიღი: 2022-11-21 15:52:37

შეფასებები  დანერგვა-აღსრულება-კონტროლის ჭრილში

1 ნოემბრიდან საქართველოში DRG – სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ერთსა და იმავე მომსახურებას ერთი ტარიფი ექნება. პაციენტები მხოლოდ იმ თანხას გადაიხდიან, რასაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისი თანაგადახდის წილი, რომელიც ამ დროისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარების დიფერენცირების მიხედვით 0-დან 30%-მდე მერყეობს.

„ეს მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას და იძლევა საშუალებას, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, უფრო მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს“, – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

თუმცა, ამ ეტაპზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა არ ვრცელდება რამდენიმე სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის: გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია; ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა; გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა; მშობიარობა/საკეისრო კვეთა; ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია, მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები; კომბუსტიოლოგია; თრომბოლიზი და თრომბოექტომია, ინსულტი.

საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკების ქსელი მოიცავს თბილისს, იმერეთს, კახეთს, ქვემო ქართლს, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიას, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელო-ზემო სვანეთს და აჭარას. კონკრეტული ინფორმაცია, თუ რომელ რეგიონში რომელი სამედიცინო დაწესებულება რა სახის მომსახურებას სთავაზობს საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, მოცემულია ვებ-გვერდზე – https://nha.gov.ge/ge/c/sayovelTao. DRG-ის დაფინანსების სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით მონაცემები პერიოდულად ახლდება.

კონკრეტულად რა მექანიზმები განაპირობებს DRG -ის დაფინანსების მოდელის ეფექტიანობას და რა იცვლება საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და პაციენტებისთვის? – ქართული ჯანდაცვის სისტემის სახელმწიფო დაფინანსების რეფორმას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები თენგიზ ვერულავა და ნატა ყაზახაშვილი დანერგვა-აღსრულება-კონტროლის ჭრილში აფასებენ.

რა არის DRG – სამედიცინო მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელი

 DRG-ის დაფინანსების მოდელი 1970-იან წლებში იელის უნივერსიტეტში რობერტ პეტერმა და ჯონ ტომპსონმა შეიმუშავეს. მოდელი ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემაში 1980-იანი წლებიდან დაინერგა. 1990-იანი წლებიდან კი DRG-ის დაფინანსების მოდელი ევროპის ქვეყნებში ამოქმედდა. დღეს უკვე DRG-ის მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების საუკეთესო ვერსიად მიიჩნევენ, რადგან სახელმწიფო ფინანსური რესურსების ეფექტიან ხარჯვას და პაციენტის ინტერესებზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.

 თენგიზ ვერულავა: „1980-იან წლებამდე მთელ მსოფლიოში საავადმყოფოები ფინანსდებოდნენ ინდივიდუალურად, ფაქტიური, წინასწარ განუსაზღვრელი ხარჯების მიხედვით, რაც კატასტროფულად ზრდიდა ჯანდაცვის ხარჯებს. პრობლემის გადაჭრის მიზნით, 1983 წელს რეიგანის ადმინისტრაციამ შემოიღო იელის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ეკონომისტების მიერ შეთავაზებული დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი. იელის უნივერსიტეტში გაანალიზებულ იქნა რამდენიმე შტატის 170 საავადმყოფოს 700 000 დაავადების ისტორია. დიაგნოზით მსგავსი დაავადებები (მაგალითად, სასუნთქი სისტემის დაავადებები, ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) გაერთიანებულ იქნა ერთ ნოზოლოგიურ ჯგუფში. განისაზღვრა თითოეული ჯგუფის აუცილებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მოცულობა, თანმხლები დაავადებები, ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა და ღირებულება. თითოეული დაავადებების (დიაგნოზით მსგავსი) ფაქტიური ხარჯების საფუძველზე დადგინდა თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის საშუალო ხარჯი. მსგავსი დიაგნოზების ჯგუფებით დაფინანსების მეთოდი ფართოდ დაინერგა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მედიცინაში არსებული ინფორმაციული ასიმეტრიის გამო, პაციენტს ძალიან მცირე ინფორმაცია აქვს სამედიცინო სერვისების შესახებ. ექიმი განსაზღვრავს პაციენტის მკურნალობისათვის საჭირო სერვისებს, რის გამოც იგი შეიძლება დადგეს ნეგატიური ცდუნების წინაშე, კერძოდ, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ექიმმა პაციენტს შესაძლოა დაუნიშნოს არააუცილებელი, არასაჭირო და კვლევები. 1980-იან წლებამდე ჯანდაცვის სისტემა უძლებდა ამ ხარჯებს, მაგრამ 1980-1990-იან წლებში, სამედიცინო დიაგნოსტირების ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჯანდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. DRG-ის დაფინანსების მოდელის შემუშავების ერთ-ერთი მიზანს შეადგენდა გაზრდილი ხარჯების შეკავება.“

რა იცვლება საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებისა და პაციენტებისთვის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების შეფასებით, DRG-ის მოდელის დანერგვა ქართული ჯანდაცვის ორ მთავარ მახასიათებელს გააუმჯობესებს: სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას.

 ნატა ყაზახაშვილი: „DRG უფრო პროგრესული მოდელია და განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა იყენებს სტაციონარული სამედიცინო მომსახურების დაფინანსებისთვის. საქართველოშიც ამოქმედდა სპეციალური პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაა, აიტვირთა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არსებული ყველა დიაგნოზი. მოხდა მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და გართულებული შემთხვევების დიფერენცირება საერთაშორისო დიაგნოზების კლასიფიკატორების მიხედვით, მიენიჭა კოდი – სახელდებები. სამედიცინო დაწესებულების მოვალეობაა პაციენტის ისტორიის ზედმიწევნით ზუსტი რეგისტრირება, რის შემდეგაც პროგრამის ხელოვნური ინტელექტი კლინიკას ავტომატურად მიაწვდის მომსახურების შესაბამის განფასებას. სამედიცინო დაწესებულებებს აღარ ექნებათ მოტივაცია, რომ პაციენტი დიდხანს გააჩერონ სტაციონარში, რადგან მანამდე კლინიკაში (განსაკუთრებით რეანიმაცია/ინტენსიური თერაპიის პალატებში) გატარებული საწოლდღეების მიხედვით ხდებოდა დაფინანსება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც DRG მოდელი მოაგვარებს, დაავადებების რეგისტრაციაა. სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა ყველა დაავადების მკურნალობას არ მოიცავს, შესაბამისად, კლინიკა ცდილობდა პაციენტის დაავადება ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომიჯნავე დაავადებისთვის მიესადაგებინა დაფინანსების მიღების მიზნით. შედეგად, რიგი დაავადებებისა საერთოდ აღარ რეგისტრირდებოდა. შესაბამისად, ქვეყანაში დაავადებების აღრიცხვის ხარისხი გაუმჯობესდება.“

DRG მეთოდით დაფინანსების მექანიზმის დანერგვის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების მიხედვით, სამედიცინო მომსახურების ფასები უკვე ყოველწლიურ განფასებას ექვემდებარება: „ბრძანებით განსაზღვრული DRG კოდები, საბაზისო ღირებულება, წონა და ფასები ექვემდებარება გადახედვას ბრძანების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 თვეში და შემდგომ – ყოველწლიურად“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

თენგიზ ვერულავა: „DRG-ის დანერგვამდე სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეულ მომსახურებას 2010-დან 2012 წლამდე განფასებული ტარიფებით ანაზღაურებდა. არ ხდებოდა ბოლო 10 წლის განმავლობაში მიმდინარე ინფლაციისა და სამედიცინო ბაზარზე მოქმედი იმ ფაქტორების გათვალისწინება, რაც სამედიცინო მომსახურებებზე ფასების ზრდას იწვევს. მართალია, 2012 წელთან შედარებით დღევანდელი სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაში ორჯერ და სამჯერაც გაიზარდა – სახელმწიფო წილი ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში 45%-ს შეადგენს, მაგრამ პაციენტებს, მათ შემოსავლებთან მიმართებით, მაინც კატასტროფული ხარჯების გაწევა უწევდათ. DRG-ის დანერგვის შედეგად, სახელმწიფო გადაიხდის იმ თანხას, რაც სჭირდება კონკრეტულ დიაგნოზს დღეს არსებული ფასების გათვალისწინებით.

ეს რეფორმა პაციენტების ინტერესებს ემსახურება. ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე უნდა გაიზარდოს, რადგან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდება, კონკურენცია გაიზრდება და უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ სამედიცინო მომსახურების ხარისხის ზრდას“.

ნატა ყაზახაშვილი: „სამედიცინო სერვისების ხარისხის მიმართ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება და კლინიკაში პაციენტის დაყოვნების მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა ექნება, რასაც მეორენაირად სპეციალისტები ინტელექტუალურ მაჩვენებელსაც უწოდებენ, ანუ რაც უფრო კარგია დაყოვნების მაჩვენებელი, მით უფრო მაღალი დონის არის კლინიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ კლინიკა ორგანიზებულია, დიაგნოზის დასმა სწრაფად ხდება და შესაბამისად, მკურნალობაც სწრაფად იწყება“.

როგორ განხორციელდება და უნდა განხორციელდეს DRG-ის ეფექტიანობის კონტროლი

საჭიროა შუალედური მონიტორინგები, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, ზრუნვა პაციენტების განათლებაზე – ამბობენ ექსპერტები. გარდა ამისა, კონტროლის ე.წ. ჯვარედინი მექანიზმი DRG-ის პროგრამაშიც ჩადებულია.

თენგიზ ვერულავა: „DRG-ის სისტემის დანერგვა არ არის მარტივი, მოითხოვს სათანადო კადრების გადამზადებას, მუდმივ მონიტორინგს, რომ სამედიცინო დაწესებულებებმა ფიქსირებულ ფასებს არ მოუმატონ, თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ პაციენტს არაოფიციალურად დაამატებინეს თანხა, ამოქმედდება საჯარიმო ბერკეტები, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, აუცილებელია სხვა მეთოდების დანერგვაც – პაციენტების განათლების ამაღლება – მათი სათანადო დონეზე ინფორმირება, შიდა და გარე მონიტორინგების წარმოება, მონაცემების შეჯამება, ანალიზი და წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრა“.

ნატა ყაზახაშვილი: „დაყოვნების მაჩვენებელი, რომელიც DRG-ის პროგრამაში ჩადებულია – ერთგვარი კონტროლის მექანიზმია. მაგალითად, თუ კლინიკა დაიწყებს ძვირადღირებული დიაგნოზების წერას, მეტი დაფინანსების მიღების მიზნით, მაშინ უნდა აჩვენოს, რომ პაციენტი კლინიკაში დიდი ხნით ყოვნდება, რაც არცერთი კლინიკისთვის არ არის კარგი. ეს კონტროლის ე.წ. ჯვარედინი საშუალებაა, რადგან სამედიცინო დაწესებულება ყველანაირად უნდა ეცადოს პაციენტი გაუმართლებლად არ დააყოვნოს კლინიკაში, მიაწოდოს ხარისხიანი სერვისი, უმკურნალოს ახალი მეთოდებით, იზრუნოს სამედიცინო პერსონალის უწყვეტ განათლებაზე, მოამარაგოს კლინიკა ახალი აპრატურით…. ანუ ეს პროგრამა კონტროლის ბევრ მექანიზმს ითვალისწინებს“.  

რატომ არ გავრცელდა DRG-ის დაფინანსების სისტემა ყველა სამედიცინო მომსახურებაზე

სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ჯანდაცვის დანახარჯების მთავარი სიმძიმის ცენტრი ჰოსპიტალურ სექტორზე მოდის. პირველადი ჯანდაცვის რგოლი, რომელმაც მისი განტვირთვა უნდა უზრუნველყოს, სუსტად განვითარებულია. შედეგად, სახელმწიფო, ფინანსური რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, შეზღუდულია. სპეციალისტების მოლოდინია, რომ, ეფექტიანი რეფორმების შედეგად გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსის მეშვეობით, DRG-ის დაფინანსების სისტემა ყველა სამედიცინო მომსახურებას ეტაპობრივად  მოიცავს.

 თენგიზ ვერულავა: „ცხადია, დღეისათვის საქართველოს ყოვლისშემძლე ბიუჯეტი არ აქვს. შესაბამისად, შედარებით მცირეა ჯანდაცვის სახელმწიფო დანახარჯები. თუმცა, შესაძლებელია მწირი ბიუჯეტის უფრო ეფექტიანად მართვა ხარჯების შეკავების სათანადო მექანიზმების დანერგვით. ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული ნაბიჯია ქვეყანაში გამართული პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება. კვლევები ადასტურებენ, რომ ადამიანს სამედიცინო საჭიროების 80% პირველადი ჯანდაცვის დონეზე უნდა გაეწიოს, რაც მოითხოვს ოჯახის ექიმის ინსტიტუციის მიმართ ნდობის ამაღლებას – რაც ოჯახის ექიმების სამედიცინო განათლების ხარისხის ზრდითა და მათი ანაზღაურების ზრდით მიიღწევა. ამ დროისთვის საზოგადოების ნდობა ოჯახის ექიმის მიმართ ძალიან დაბალია. მათ ურჩევნიათ ოჯახის ექიმის გვერდის ავლით, პირდაპირ ექიმ-სპეციალისტებს მიმართონ, რაც ჯანდაცვის დანახარჯებს ზრდის. პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების შემთხვევაში უკეთ მოხდება დაავადებების მართვა, რაც ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლას შეამცირებს. გარდა ამისა, ჯანდაცვის ხარჯების შეკავების ერთ-ერთი საშუალებაა მედიკამენტების რეფერენტული განფასება, რის დანერგვასაც სახელმწიფო იანვრიდან აპირებს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ მსოფლიოში მედიკამენტებზე საშუალოდ 20% იხარჯება, საქართველოში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ია. აღნიშნული რეფორმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  ჯანდაცვის ხარჯების შეკავებას.

ნატა ყაზახაშვილი: „მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი მაღალ თანამდებობებზე და ჯერ კიდევ 1998-99წწ. იქნა  პირველადი ჯანდაცვის რეფორმის კონცეფცია შემუშავებული. რამდენიმე დონორი ორგანიზაციის დახმარებით, პილოტური პროექტებიც განვახორციელეთ, მაგრამ შეფერხდა. ეს პროცესი ახლა ისევ განახლდა.

პანდემია კარგი მაპროვოცირებელი აღმოჩნდა და მთავრობა მიხვდა – თუ არ არის ძლიერი პირველადი ჯანდაცვა, ვერცერთი ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი ვერ გაუძლებს იმ წნეხს, რასაც ჰქვია ყველა ავადგამხდარი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ხარჯების დაფინანსება.

პირველადი ჯანდაცვა არის მეკარიბჭე, რომელიც პაციენტს, კარგი გაგებით, აკავებს, კერძოდ, პირველად ჯანდაცვას შეუძლია მსუბუქი პაციენტების შეკავება, სპეციალური ალგორითმის მიხედვით მომზადებულმა ოჯახის ექიმებმა კარგად იციან ის რისკები და საშიშროების ნიშნები, რომლის არსებობის შემთხვევაში პაციენტი სტაციონარში უნდა გადაამისამართონ. გარდა ამისა, ოჯახის ექიმი ქრონიკული დაავადებებით დაავადებულ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად პრევენციულ ზომებს იღებს, პერიოდულად სინჯავს, უკვე დადგენილი დაავადების შემთხვევებს მართავს, იცის, როდისაა გამწვავების პერიოდები და პაციენტს წინასწარ უტარებს მკურნალობას, რომ ააცილოს თავიდან გამწვავება… აი, ესეთ ნაბიჯებს თუ გადადგმას პირველადი ჯანდაცვა, მაშინ ჩათვალეთ, რომ ჩვენს ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა შემცირდება“.

რამ უნდა უზრუნველყოს DRG-ის დაფინანსების მოდელის გრძელვადიანი ეფექტიანობა

მთავარი წინაპირობა, რაც DRG-ის დაფინანსების მოდელის გრძელვადიან ეფექტიანობას განსაზღვრავს – უწყვეტი და მდგრადი განვითარებაა.

თენგიზ ვერულავა: „ჩვენ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, DRG-ის დაფინანსების მოდელის დანერგვა 50 წლით დავაგვიანეთ, თუმცა მცდელობა 90-იან წლებში უკვე გვქონდა. დიაგნოზებზე დაფუძნებული, წინასწარ დადგენილი და განფასებული სამკურნალო სტანდარტების, ე.წ. სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტებით დაფინანსების მოდელის საქართველოში დანერგვა ჯერ კიდევ 1995 წელს მიმდინარე ჯანდაცვის რეფორმის დროს დაიწყო. სახელმწიფომ დაადგინა თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის აუცილებელი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ღონისძიებების მოცულობა, თანმხლები დაავადებები, ჰოსპიტალიზაციის საშუალო ხანგრძლივობა. თითოეული დაავადების (დიაგნოზით მსგავსი) ფაქტიური ხარჯების საფუძველზე დადგინდა თითოეული ნოზოლოგიური ჯგუფის საშუალო ხარჯი. თითოეული სახის სამედიცინო მომსახურება განფასებული იყო წინასწარ განსაზღვრული სტანდარტული სამედიცინო ჩარევის მოცულობის მიხედვით. ამ მომსახურების ფასი დამოკიდებული იყო სამედიცინო პერსონალის მომსახურეობის ობიექტურად საჭირო მოცულობაზე, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევების რაოდენობაზე, „საჭირო“ მედიკამენტების და სამედიცინო მასალების ღირებულებაზე. ამის გარდა, ამ სტანდარტულ ფასში ასევე შედიოდა გარკვეული არაპირდაპირი ხარჯებიც, რომლებიც დამოკიდებული იყო სტანდარტით განსაზღვრული სრულფასოვანი მკურნალობისათვის საჭირო საწოლდღეების რაოდენობაზე. სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტებით დაფინანსების მეთოდში გათვალისწინებული იყო ქვეყნის გეოგრაფიული დაყოფა (ქალაქი, რაიონი),  სამედიცინო დაწესებულების დონე (ზოგადი პროფილის საავადმყოფო, რეგიონული, ქალაქის და რაიონული საავადმყოფოები). ამგვარად, სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები აგებული იყო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მეთოდზე. სამწუხაროდ, შემდგომ მოსულმა ახალმა მთავრობამ სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები გააუქმა. საქართველოს უახლოესი წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განვითარება, რომლის მიზანია მოსახლების ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, საჭიროებს სისტემურ მიდგომას. სისტემის სრულყოფაზე მიმართული ძალისხმევა მოითხოვს თანმიმდევრულობას, უწყვეტობას და მემკვიდრეობითობას. დაუშვებელია, რომ ის განიცდიდეს გაუთავებელ პერმანენტულ რყევებს. ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებები და სამოქმედო ხედვა, რაც ხელს უწყობს მის ეფექტიან და თანმიმდევრულ განვითარებას. სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართული უნდა იყოს დაინტერესებული მხარეების ფართო წრე. გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის ზეპარტიული კონსესუსის თემა და საგანი უნდა გახდეს. მიუხედავად მთავრობების ცვლისა, სტრატეგიული კურსი კარდინალურად არ უნდა იცვლებოდეს და მიღწეულის უარყოფა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების გამო არ უნდა ხდებოდეს“.

ნატა ყაზახაშვილი: „DRG-ის დაფინანსების მოდელის გრძელვადიან ეფექტიანობას ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს: 1. სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება; 2.პაციენტების ინფორმირებულობისა და სამედიცინო კულტურის ამაღლება (პაციენტების დიდი უმრავლესობა სხვადასხვა მიზეზით არ მიმართავს ექიმს, ვიდრე მდგომარეობა ძალიან არ გაუარესდება). 3. დაფინანსების ამ ახალი მოდელის თანმიმდევრული შესწავლა-ანალიზი და უწყვეტი განვითარება. 4. სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ზედამხედველობის არსებული სისტემის ძირეული ცვლილება. აუცილებელია სასჯელებსა და სანქციებზე დაფუძნებული სისტემის ნაცვლად  დაინერგოს ანალიზზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც ბევრი განვითარებული ქვეყანა იყენებს.“

როგორც შესავალში აღვნიშნეთ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების რაოდენობა ცვალებადია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, პროგრამა მხოლოდ ერთეულმა კლინიკებმა დატოვეს. ნოემბრისთვის ბოლოსთვის იგეგმება ცვლილებების პაკეტის მომზადება, სადაც DRG-ის სისტემაში შესატანი სიახლეები გაიწერება.

Facebook
Twitter
LinkedIn