ძველბერძნული ენა თსუ-ს სტუდენტის ინტერესებში
გიორგი კახიშვილი – პროფესიით ფილოლოგი, კულტურის საკითხებით დაიტერესებული ახალგაზრდაა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორედ აირჩია. პირველად მაშინ, როდესაც ქართული ფილოლოგიის ბაკალავრიატის ხარისხს დაეუფლა, ხოლო მეორედ – როდესაც სწავლა მაგისტრატურაზე, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო.
გიორგის ანტიკური კულტურისადმი სიყვარული სკოლის ასაკიდანვე ჰქონდა. მან საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და რთული გზა განვლო იქამდე, სანამ შემოგვთავაზებდა მის მიერ ძველი ბერძნულიდან ნათარგმნ ტექსტებს. მისი გამორჩეული თარგმანი „ტრაქისელი ქალებია“, რომელშიც დიდი ძალისხმევა, დრო და ენერგია ჩადო.
„ბაკალავრიატის პირველივე სემესტრში ავირჩიე ძველი ბერძნული ენის კურსი. ენის სირთულემ, ერთი მხრივ, შემაშინა, მაგრამ, ამავდროულად, სწავლის სურვილი გამიმძაფრა, ამიტომ საფაკულტეტო ბერძნულის დახურვის შემდეგ სპეციალობის ძველი ბერძნული ენის კურსი ავირჩიე. შემდგომ საფეხურად ერთ-ერთი კურსის ფარგლებში ძველ ბერძენ ავტორებს დედანში გავეცანით. კლასიკური ენებიდან თარგმნის სურვილი მანამდეც მქონდა და ზემოაღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, ჩავთვალე, რომ ამისათვის, მეტ-ნაკლებად, მზად ვიყავი. ავტორისა და ტექსტის არჩევა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ქართულენოვანი თარგმანი ამ უმნიშვნელოვანესი ტექსტებისა არ არსებობდა“, – გვიყვება გიორგი კარიერული წინსვლის პირველ ნაბიჯებზე და პროფესიის პირველ სირთულეებზე.
არ არსებობს პროფესია სირთულეებისა და დაბრკოლებების გარეშე. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესოა – თუ რა სახის სირთულეებთანაა დაკავშირებული ძველი ბერძნული და ლათინური ენების თარგმნა. გიორგის თქმით: „კლასიკური ენებიდან თარგმნა განსხვავდება სხვა, ცოცხალი ენებიდან თარგმნისაგან. საქმეს ართულებს ლექსიკურ ფორმატივთა პოლისემანტიკურობა, დიალექტური ფორმების სიმრავლე, სტილის ნაირგვარობა და არაერთი სხვა დეტალი. სწორედ ამიტომ, ძველი ბერძნული და ლათინური ენებიდან თარგმნას გაცილებით დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ხშირად ტექსტის ცალკეული მონაკვეთი იმდენად რთული გასააზრებელია, რომ ლექსიკონებიც კი ვერ გიწევენ დახმარებას. ყოფილა შემთხვევებიც, როცა კონკრეტული ლექსიკური ფორმატივი ავტორიტეტულ ლექსიკონში, სულაც, არასწორად ყოფილა განმარტებული. ეს კლასიკური ენების, უფრო კი, ძველი ბერძნული ენის ერთ-ერთი თავისებურებაა. მისი სირთულე ხშირად უზუსტობისა და ჩიხში მოქცევის მიზეზი ხდება.“
საინტერესოა, დღევანდელ რეალობაში რას ემსახურება ძველი ბერნული ენიდან თარგმნილი ტექსტების არსებობა, რამდენად შემეცნებითია საზოგადოებაში ეს ყოველივე. „არახალია, რომ მთელი ევროპული ცივილიზაცია, არსებითად, ძველბერძნულ კულტურულ მონაპოვარზე დგას. ელინთა ღვაწლი ხშირად ფუძემდებლობითაა გამორჩეული, ხშირად კი – განვითარების უმაღლესი საფეხურის მიღწევით. საკუთრივ ანტიკურმა დრამამ არამც თუ აქტუალურობა არ დაკარგა, არამედ თანამედროვე ადამიანის სული ახალი ძალით ააღელვა. ანტიკური ტრაგედია მითოსით საზრდოობს, მითოსი კი, უხეშად რომ ვთქვათ, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის სულიერი გამოცდილების ასახვა. და რადგან ადამიანი არსებითად ანტიკური დროიდან დღემდე არ შეცვლილა, ძვ.წ. V საუკუნეში დაწერილ ტრაგედიას ზუსტად ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს (თუ უფრო დიდი არა), როგორც გუშინ და გუშინწინ შექმნილ ნებისმიერ კარგ ლიტერატურულ ძეგლს“, – აცხადებს რესპონდენტი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება და თავგადასავლები სტუდენტებისთვის მუდამ კარგ მოგონებად იქცევა. გიორგი კახიშვილი უნივერსიტეტის შესახებ საუბრობს: „ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დღესდღეობით ნაკლებად ანიჭებენ პრივილეგიას, შესაბამისად, გაჭირდება თუნდაც ხუთი ისეთი უნივერსიტეტის ჩამოთვლა, სადაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე ხარისხიანი სწავლებაა. თსუ-ს აქვს მრავალწლიანი ტრადიცია კარგი ფილოლოგების აღზრდისა. რაკი ჩემი სურვილი და გადაწყვეტილება ფილოლოგობა იყო, არჩევანიც, ბუნებრივად, თსუ-ს დაუკავშირდა.“
ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობა განსაკუთრებულია იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ინტერესის სფეროები ერთმანეთისას პირნათლად ემთხვევა. რესპონდენტის წარმოდგენით, უნივერსიტეტში სწავლის წლები ნამდვილად ღირებულია – „უნივერსიტეტმა სტუდენტს განვითარების გზა უნდა უჩვენოს, სხვა დანარჩენი თვითგანვითარების საქმეა. ამ თვალსაზრისით, უნივერსიტეტმა ბევრი რამ მომცა. განსაკუთრებით ღირებული ჩემთვის ის არის, რომ სწორედ აქ სწავლისას გახდა ნათელი ცალკეულ დისციპლინათა მნიშვნელობა. იყვნენ და არიან ლექტორები, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა იქონიეს ჩემზე, როგორც ადამიანსა და მომავალ ფილოლოგზე. ზოგიერთ ლექტორთან ურთიერთობა განსაკუთრებით საინტერესო იყო, ზოგთან – ნაკლებად, თუმცა ამის მიზეზი უფრო ის არის, რომ ყველა საგანს ერთნაირი ინტერესით არ ვსწავლობდი. ბუნებრივია, უფრო ნაყოფიერი იყო იმ ლექტორებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო საგნებს მასწავლიდნენ. შესაბამისად, რომ არა უნივერსიტეტი, ამ ადამიანებს ვერასოდეს შევხვდებოდი და ვინ იცის, ვინ ან რა ვიქნებოდი ახლა.“
გიორგის სხვა ინტერესები დაკავშირებულია ქართული სასიმღერო თუ სამგალობლო კულტურასთან. დაკავებულია ქართული კანონიკური გალობით. ამჟამად ასწავლის სკოლაში როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისე ლათინურ ენას. ყოველდღიურად კი ემსახურება ზემოთ ხსენებულ საქმიანობას – ძველი ბერძნული ენიდან თარგმანს. მისი საყვარელი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველია, უცხოელი კი – მარსელ პრუსტი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გიორგი საბას პრემიის ფინალისტია. ის განცდებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით ასე საუბრობს – „რთულია მოლოდინზე საუბარი. ბუნებრივია, სასიხარულოა, როდესაც საკმაოდ რთული სამუშაოს მეტ-ნაკლები წარმატებით შესრულება რაიმე ფორმით გიფასდება და მეც ძალიან გახარებული ვიყავი.“
საბოლოოდ, სკოლის ასაკიდანვე დაწყებული დაინტერესება დღეს პროფესიული სახით გვხვდება. მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სფეროში ეძებო გზა, რომელსაც სირთულეების მიუხედავად, საინტერესოდ გაივლი. როგორც გიორგი კახიშვილი აღნიშნავს, პროფესიული წარმატების განმაპირობებელი ფაქტორები „დროის სწორად გამოყენება, შრომა და თვითგანვითარებაზე ზრუნვაა.“
მარიამ ჯაბანიშვილი
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების სტუდენტი