სალომე ცელაძის ნაბიჯები მიზნის მისაღწევად

თარიღი: 2022-11-12 18:14:08

სალომე ცელაძე თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეორე კურსზე სწავლობს. პროფესია ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას აირჩია: ,,მესამე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად მასწავლებელმა ისაუბრა ჟურნალისტიკაზე, ომის ჟურნალისტიკაზე. მთელი სიმძაფრით და მხატრულად გვიყვებოდა იმას, ომის დროს ერთ-ერთ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში როგორ მოხვდა ტყვია, რა დროსაც კორესპონდენტი  არც ერთი წამით არ შედრეკილა; რომ იქვე უცებ  გადაიხვია ხელი და კვლავ გააგრძელა საუბარი. მასწავლებელი გვესაუბრებოდა იმაზეც – თუ როგორი დიდი საქმეების კეთება შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომ ყველგან პოულობენ და მოაქვთ ინფორმაცია საზოგადოებამდე, ნათელს ჰფენენ მალულს და ემსახურებიან ხალხს.  გაკვეთილი რომ დასრულდა, მე მივედი მასწავლებელთან და ვუთხარი – მეც მინდა ჟურნალისტი გავხდე-თქო. მან მითხრა, რომ მე ყველაფერი გამომივიდოდა. სწორედ ამ გაკვეთილიდან მოყოლებული მინდა – ვიყო ჟურნალისტი და არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში არც ერთი წამი, როდესაც მე ეჭვი შევიტანე ჩემს გადაწყვეტილებაში“, – ამბობს სალომე.

ჩვენს შეკითხვაზე – როგორი მედია გარემოა დღეს საქართველოში, სალომე გვპასუხობს: ,,რთულია დღეს ისეთი მედიასაშუალების პოვნა, რომელიც ღირსეულად და სრულფასოვნად ასრულებს თავის ფუნქცია-მოვალეობებს. ბალანსი თითქმის არ არსებობს! ძალიან ცუდია, როდესაც გჭირდება რამდენიმე საინფორმაციო გამოშვების ყურება და სტატიებისთვის თვალყურის დევნება იმისათვის, რომ აღიქვა სინამდვილე და არ მოექცე ვინმეს ზეგავლენის ქვეშ. პოლიტიკურ მიკერძოებულობას რომ თავი დავანებოთ, ძალიან დიდი ნეგატივი მოდის ეკრანიდან, გამუდმებით მიმდინარეობს მხოლოდ ამ ნეგატიური ამბების და ზიზღის გაშუქება. დღევანდელი მედია გარემო თითქმის არ ემსახურება განათლების, კულტურისა თუ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებას, რაც ქართული ჟურნალისტიკის პირვანდელი მიზანი იყო“, – აცხადებს სალომე.

სალომე ცელაძეს დასაქმება ჟურნალ-გაზეთის რომელიმე რედაქციაში ან ონლაინ მედიაში სურს. ფიქრობს, რომ წერა მისი ძლიერი მხარეა.

,,ვფიქრობ, ეს არის ის პროფესია, რითაც შემიძლია საზოგადოებას დაველაპარაკო იმ თემებზე, რასაც, უბრალოდ, თავს არიდებენ და მათი სახელით ვილაპარაკო, ვისაც სათქმელის თქმის გამბედაობა არ ჰყოფნის. ვფიქრობ, რომ ამ დისციპლინის საფუძვლიანად შესწავლა დამეხმარება ეთიკის ყველა ნორმის დაცვით ვაკეთო ჩემი საქმე“, – ამბობს სალომე, რომელმაც პროფესიის დასაუფლებლად თსუ-ს პუბლიცისტიკისა და ელექტრონულ მედია ცენტრშიც აირჩია სტაჟირების კურსი  – ჟურნალისტიკა და პრაქტიკა.  

სალომესთვის პასუხისმგებლიანობა ნიშნავს მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩადებას იმ საქმეში, რაც დააკისრეს ან რაც საკუთარი სურვილით აირჩია. უნდა, რომ იმედები გაუმართლოს მათ, ვინც სალომესგან საუკეთესოს მოელის. ამისთვის  თავდაუზოგავ შრომასაც არ მოერიდება.

,,პატიოსნების და ადამიანობის შენარჩუნება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ჩემი დიდი სურვილია  – ჩემი ადამიანობა არასდროს დავკარგო.  ჩემი პიროვნული და პროფესიული განვითარება არის ჩემი ძირითადი მიზანი, რისთვისაც ყოველდღიურად მივილტვი. საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმის კეთება და მის სამსახურში დგომა არის ის საქმე, რისი კეთებაც მინდა. ჩემთვის უდიდესი მარცხი იქნება, როდესაც აღარ ვიქნები ბრძოლისუნარიანი, დავნებდები და შევწყვეტ თვითგანვითარებას და ბრძოლას სასურველი მიზნის მისაღწევად“, – გვეუბნება სალომე.

თავისუფალ დროს ძველი ფილმების ყურებას და მათ განხილვას უთმობს.  უყვარს რეტრო სტილი და მოსწონს სიმღერები კინოკლასიკიდან. მეგობრებთან ერთად ხშირად სეირნობს და  ყოველ საღამოს ოჯახთან ერთად განვლილ დღეზე საუბარში ატარებს. კერძების მომზადება მისთვის ერთობ დიდი სიამოვნებაა, მით უფრო მაშინ, თუკი  კერძი გემრიელი გამოსდის.

სალომეს ზოგჯერ დღე-ღამეში 24 საათი არ ჰყოფნის, რათა ყველაფერი მოასწროს. სწორედ ამიტომ ყოველდღიურ გეგმას აყალიბებს და პუნქტებს განსაზღვრას – რა როდის უნდა გააკეთოს. დარწმუნებულია, რომ მიზნის დასახვის შემთხვევაში თუ მისკენ ყოველდღიურად პატარ-პატარა ნაბიჯებით ილტვი, ადრე თუ გვიან, წარმატებას აუცილებლად მიაღწევ.

Facebook
Twitter
LinkedIn