ანა კორშიას პასუხისმგებლიანობა იმ შედეგებზე გადის, რასაც აღწევს  

თარიღი: 2022-11-11 18:56:25

ანა კორშია თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მეორე კურსზე სწავლობს. ამბობს, რომ ჟურნალისტიკა მისი მოწოდებაა სულით ხორცამდე. უნდა, რომ დასაქმდეს ტელევიზიაში ახალი ამბების მიმართულებით.

,,ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია  – გავხდე წარმატებული, ცნობილი ჟურნალისტი. მინდა, როცა ქუჩაში გავალ, ხალხი მცნობდეს. ასევე, მინდა შევძლო დავეხმარო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი დახმარება სჭირდება. მსურს, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადგე.

ჟურნალსტიკა არის ერთადერთი პროფესია, რომელშიც ჩემ თავს ვხედავ. მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, კამერებთან ურთიერთობა, პირველს ახალი ამბების გაგება და მათი სხვისთვის გაზიარება, მუდმივი ქაოსი“, – ამბობს ანა.

ანას აზრით, საქართველოში დღეს არსებული მედიაგარემო ზედმეტად პოლიტიზირებულია.  მას  არ მოსწონს მედიის მიკერძოებულობა და თვლის, რომ არც ერთი ტელევიზია თავისუფალი არ არის.

ანა კორშიას ყოველდღიური საფიქრალია – როგორ გადაანაწილოს დრო ისე, რომ კარგად მეცადინეობაც შეძლოს და ცოტაც განიტვირთოს. მას ძალიან უნდოდა სტაჟირების გავლა და სწორედ ამიტომ აირჩია თსუ-ს პუბლიცისტიკისა და ელექტრონულ მედია ცენტრში ახალი კურსი – ჟურნალისტიკა და პრაქტიკა. მისი პასუხისმგებლიანობა იმ შედეგებზე გადის, რასაც აღწევს.  

,,პასუხისმგებლობა ჩემთვის ნიშნავს  – ვაგო პასუხი საკუთარ მოქმედებებზე და ამ მოქმედების თანახმად მიღებულ შედეგებზე. პასუხისმგებლობა ჩემთვის არის მზაობა  – შევასრულო საკუთარი დაპირებანი და ეს შესრულება განვახორციელო საუკეთესოდ“, – ამბობს ანა.

თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ერთობა, უყვარს სეირნობა, ასევე, ფოტოების გადაღება და კითხვა. საკუთარი თავის მოტივაციად ოჯახს და საკუთარ ,,მე“-ს მიიჩნევს და იმედით უყურებს მომავალს, რომლისკენაც დიდ ნაბიჯებს დგამს.   

Facebook
Twitter
LinkedIn