დოქტორანტ თამთა ჭუმბაძის ინტერესები თავისუფლებისა და რელიგიის ურთიერთკავშირზე

თარიღი: 2022-11-11 18:08:28

თამთა ჭუმბაძე თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის დოქტორანტია. მისი ინტერესის სფერო საკმაოდ ფართოა, განასკუთრებით კი ის საკითხები აინტერესებს, რომელიც თავისუფლებისა და რელიგიის ურთიერთკავშირს ეხება. მისი კვლევის ობიექტი, ჯერ კიდევ მეორე კურსიდან,  იტალიელი ჰუმანისტის (1463-1494) ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას  შემოქმედებაა. თამთა იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ამ უდიდესი მოაზროვნის ტრაქტატზე შეაჩერა ყურადღება.

„თანამედროვე გლობალიზაციის პროცესებში, როცა „დომინოს პრინციპზე“ აწყობილ მსოფლიოს  საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული პოლიტიკა მეტნაკლებად განსაზღვრავს, „აქილევსის ქუსლად“ რჩება რელიგიური დაპირისპირება ქრისტიანობასა და ისლამს შორის. ამიტომ მირანდოლას „900 თეზისი ფილოსოფიაში, კაბალასა და თეოლოგიაში“ თანამედროვე მსოფლიო წესრიგის გადასახედიდანაც კი მნიშვნელობასა და აქტუალობას არ კარგავს. სწორედ ამ საკითხმა დამაინტერესა მეც თავდაპირველად, მაგრამ რაც უფრო მეტად ვეცნობოდი მირანდოლას პიროვნებასა და მის ნააზრევს, მით უფრო საინტერესო და მრავლისმომცველი ხდებოდა საკითხი. ის გახლდათ პიროვნება, რომელმაც სრულიად ახალი ფილოსოფიური და რელიგიური იდეები ჩამოაყალიბა. მან საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ კაბალას, სინკრეტიზმსა და ნატურფილოსოფიას. მირანდოლა იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელმაც გააცოცხლა ანტიკურ-ბერძნული ფილოსოფიის ჰუმანიზმი, მას ასევე სჯეროდა, რომ თითოეულ რელიგიაში იყო ჭეშმარიტების მარცვალი, ამიტომ სცადა შეექმნა მასშტაბური სინთეზი რელიგიებისა და ფილოსოფიის, მათ შორის, პლატონისა და არისტოტელეს მოძღვრებაზე დაყრდნობით. მისი ეს ნააზრევი იმ დროს არსებული ფილოსოფიური მსოფლმხედველობისაგან და დოგმატიკური რელიგიისაგან განსხვავდებოდა, რაც ძალზედ საინტერესოს ხდის მირანდოლას პიროვნებას და მის გარემოცვას.  გარდა ამისა, როდესაც მირანდოლაზე კვლევა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ მასზე ქართულად თითქმის არაფერია დაწერილი, ამიტომ მირანდოლას პიროვნება და მისი განსხვავებული და გამორჩეული მსოფლმხედველობა ქართული სამეცნიერო სივრცისთვის ერთგვარ სიახლეს წარმოადგენს“,  – ამბობს თამთა.

თამთას სტატიებმა  ჯოვანი პიკო დელა მირანდოლაზე ისტორიკოსების ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. პირველი სტატია სათაურით  – „ჯოვანი პიკო დელა მირანდოლას ფილოსოფიურ-რელიგიური მოძღვრებების თანამედროვე ასპექტები „900 თეზისის“ მიხედვით“ დაიბეჭდა სერგი დანელიას 130 წლისთავისადმი  მიძღვნილ საიუბილეო კრებულში, რომელიც ქუთაისში გამოიცა.  მეორე სტატია  კი დაიბეჭდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალში –  „სტუდენტური წელიწდეული  – ჰუმანიტარული კვლევები“.

თამთა ჭუმბაძე ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება იტალიელი მოაზროვნის სხვა ნაშრომების გაცნობაც.  იგი დაინტერესდა სხვა იტალიელი მოაზროვნეების შემოქმედებითაც, რომელთა ნააზრევი დღესაც არ კარგავს აქტუალობას, კერძოდ,  ჯიროლამო სავონაროლას ცხოვრებითა და მოღვაწეობით. 

„სავონაროლას პიროვნება დღმდე არ არის ცალსახად შეფასებული, ზოგს იგი ფანატიკოსად მიაჩნია, ზოგიც კი  განადიდებს. დღემდე მისი პიროვნება მკვლევართა ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამიტომაც ჩემი  სამეცნიერო ხელმძღვანელის, ია ხუბაშვილის რჩევით,  საკვლევ თემად „სავონაროლა და   მისი გავლენა ჰუმანისტებზე“ ავირჩიე“.
თამთა  გეგმავს, რომ,  გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიის უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, რათა ადგილზე გაეცნოს პირველწყაროებს;  მიაჩნია, რომ ეს  მის კვლევას უფრო სიღრმისეულსა და საინტერესოს გახდის. 

Facebook
Twitter
LinkedIn