რა შემთხვევაში ჩათვლის ელენე ბახია, რომ მიზანი მიღწეულია…

თარიღი: 2022-11-07 21:24:38

ელენე ბახია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიის მესამე კურსზე სწავლობს. თვლის, რომ ჟურნალისტიკა მისი მოწოდებაა, თუმცა სხვა სფეროებიც აინტერესებს. სიამოვნებით იმუშავებდა მედიაში ჟურნალისტად, რადგან უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ახალი ინფორმაციის გაზიარება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან თსუ-ს პუბლიცისტიკისა და ელექტრონულ მედია ცენტრში სტაჟირების გავლა კურსზე – ჟურნალისტიკა და პრაქტიკა.

,,ჟურნალისტიკის შესწავლაზე დიდი ხნის განმავლობაში ვოცნებობდი – ეს არის მრავლისმომცველი სფერო, სადაც ემსახურები ხალხს და ცდილობ  – მათთან სათქმელი  სწორად მიიტანო. ჟურნალისტიკა – ამ სიტყვის გაგონებაზეც კი თვალწინ მიდგება უამრავი თავგადასავალი, დატვირთული დღეები და საინტერესო რესპონდენტები“, – ამბობს ელენე.

დღევანდელ მედია სივრცეში მომავალ ჟურნალისტს მოსწონს ის, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები ცდილობენ ყოველი ახალი დღე,  ყოველი ახალი სეზონი, ყოველი ახალი ჩანაწერი  უკეთესი გამოვიდეს, რაც, ელენეს აზრით, ხელს უწყობს მათ გაზრდას. არ მოწონს მიკერძოების შემთხვევები და ფიქრობს, რომ  ნამდვილი ტელევიზია და, მითუმეტეს, ჟურნალისტი არ უნდა იყოს მიკერძოებული.

ელენესთვის წარმატება მრავალი წინაღობის გადალახვის შედეგად მოდის და ამბობს: ,,პიროვნება განსაკუთრებით მაშინაა დამარცხებული, როდესაც მას საარსებო მინიმუმის გამომუშავება არ შეუძლია, როდესაც ამისათვის ყველა შესაძლებლობა აქვს ან არ უნდა ამის გაკეთება. მაგალითად, მე სულ მიწევს ვიფიქრო იმაზე – როგორ შევუთავსო ერთმანეთს სამსახური და სწავლა ისე, რომ სწავლის ხარისხი არ დავარდეს. თანაც ვიცი, რომ აუცილებლად უნდა ვიმუშავო, რადგან ოჯახს კისერზე არ დავაწვე (რეგიონიდან ჩამოსვლა ხომ დიდ ხარჯებთანაა დაკავშრებული).“

ელენეს სამომავლო მიზნები ბაკალავრიატის კურსის წარმატებით დასრულებას უკავშირდება და ფიქრობს, რომ თუ საკუთარი თავის რეალიზებას ჟურნალისტიკის სფეროში შეძლებს, ჩათვლის, რომ მიზანი მიღწეულია.

Facebook
Twitter
LinkedIn