თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩთა სკოლებმა მუშაობა განაახლა
თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის ნორჩთა სკოლებმა მუშაობა დასწრებით რეჟიმში აღადგინეს. ამ დროისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს „ნორჩ ქიმიკოსთა“, „ნორჩ ჰუმანიტართა“ სკოლებში, სალექციო კურსი დაიწყო „სამართლის კლუბში“, სადაც 200-ზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული. უკვე დაიწყო ახალი კურსი – „კულტურის მკვლევარი“. უახლოეს მომავალში იგეგმება სალექციო კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სხვა დარგების მიმართულებებით.
პანდემიამდე არსებული ვითარებისგან განსხვავებით, თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო კურსები ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება.
„პანდემიის დროს მიღებული გამოცდილების ნიადაგზე ვაგრძელებთ საბავშვო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტების ჰიბრიდული ფორმატით განხორციელებას, შედეგად როგორც თბილისის, ასევე, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლების მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ჩვენს აქტივობებში და ეს შესაძლებლობა არ დაკარგონ.
ჩვენი პროექტები ემსახურება თსუ-ს მესამე მისიის განხორციელებას, აქ ჩართულები არიან პროფესორები, სტუდენტები, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მოსწავლეები. ვცდილობთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგროვილი ცოდნის ტრანსფერი მაქსიმალურად მასშტაბური და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვუსმენთ და ვითვალისწინებთ სკოლის მოსწავლეების ინტერესებს, ვცდილობთ შევთავაზოთ იმ ფორმატის პროექტები, რაც მათ დანაკლისს შეუვსებს.
ჩვენი უმთავრესი მიზანია – მიიღონ ზოგადი ცოდნა ყველა დარგის შესახებ, გააკეთონ პროფესიის გააზრებული არჩევანი და სკოლის პერიოდიდანვე გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს“, – გვითხრა თსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორმა დემეტრე მოდებაძემ.