ეკონომისტების საიუბილეო კონფერენცია და ყურადსაღები რეკომენდაციები მთავრობისთვის

თარიღი: 2022-11-05 16:10:58

,,ეკონომისტები მსჯელობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს მომავალი გლობალიზაცია. გაჩნდა ასეთი პირობითი ტერმინი – თურმე ეს უნდა იყოს უკეთესი გლობალიზაცია, უკეთესი, ვიდრე იყო ჰიპერ გლობალიზაცია, უკეთესი, ვიდრე იყო ტურბულენტური გლობალიზაცია და უკეთესი, ვიდრე არის კონფრონტაციული გლობალიზაცია… მაგრამ, რა არის ეს უკეთესი?  – ამაზე არაფერი თქმულა და აი, სწორედ ჩემს დღევანდელ მოხსენებაში (გლობალიზაციის ფუნქციონალური ტიპების შესახებ) გავაკეთე აქცენტი იმაზე, რომ მომავალი გლობალიზაცია იქნება  ეკონომიკური უსაფრთხოების გლობალიზაცია, სადაც წინა პლანზე წამოვა ენერგეტიკული, სასურსათო უსაფრთხოება, ანუ უსაფრთხოების თემები დაიკავებს მნიშვნელოვან როლს გლობალიზაციის პროცესში“, – ასეთი ჰიპოთეზის შემცველი მოხსენებით წარსდგა აკადემიკოსი, პროფესორი ლადო პაპავა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. კონფერენცია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.


კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს 100 წლისთავი მიულოცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  მიხეილ ჩხენკელმა.  ,,თანამედროვე ეპოქაში უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების გზით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს, სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერასთან ერთად, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა და აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც ეკონომისტმა პროფესორებმა აქტუალური საკითხები წარმოადგინეს. ,,ვფიქრობთ, რომ ასეთი საკითხები დღევანდელი საქართველოსთვის  ძალიან საინტერესოა. ოთხმოცამდე მოხსენება, რომლებიც  წარმოდგენილია  დღეს  კონფერენციაზე, ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესურა  აქტიურად ცდილობს შეისწავლოს ის სირთულეები, რაც საქართველოს ეკონომიკის წინაშეა, ის საერთაშორისო გამოწვევები, რაც ქართული ეკონომიკის წინაშე დგას“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებლებისა და დოქტორანტების ნაშრომები ცალკეული მკვლევრის არა მხოლოდ თეორიული ინტერესის სფეროს, არამედ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული ასპექტების ანალიზს წარმოადგენს.

,,წელს ჩვენს ტრადიციულ ღონისძიებაზე გაკეთდა ზუსტად ის აქცენტები, რაც არის მსოფლიო ეკონომიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი, ეს არის – როგორი იქნება მსოფლიო ეკონომიკა გლობალიზაციის ახალ ეტაპზე? მეორე  – როგორი არის რეგიონალური კონტექსტი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისა ჩვენთვის, ანუ რა  სიახლეებია მოსალოდნელი მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენ როგორ უნდა მოვემზადოთ შესაბამისად, რათა ამ სიახლეებს შევხვდეთ. მოხსენებების აბსოლუტური უმრავლესობა ამ საკითხებზეა ორიენტირებული. მასალები ატვირთული იქნება ელექტრონულად, მასზე წვდომა არის თავისუფალი და, როგორც წესი, ეს მასალები ასევე მიეწოდება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი თემატიკა მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ. პლენარული სხდომის შემდეგ, სექციური მუშაობის ფორმატში, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შემდეგი მოხსენებები იქნა განხილული: იური ანანიაშვილი – საქართველოს შრომის ბაზრის წონასწორობის შეფასების ეკონომეტრიკული მოდელი;  ნინო მიქიაშვილი – სიღარიბე, როგორც სოციალური პრობლემა და მისი შეფასების სირთულეები; რევაზ გველესიანი და ირინა გოგორიშვილი – ევროკავშირის ინდუსტრიული პოლიტიკის განვითარების მიმართულებები და თანამედროვე გამოწვევები; გულნაზ ერქომაიშვილი – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში. ლალი ხურცია და ვანო ცერცვაძე – თამბაქოს პოლიტიკისა და კონტროლის ფინანსური საკითხები; ელგუჯა მექვაბიშვილი – ეკონომიკის ფინანსებიზაცია: ბოროტება თუ სიკეთე? მიხეილ ჯიბუტი – ბიზნესის მასობრივი კრიმინალიზაციის ნიშნები საქართველოში; გივი ბედიანაშვილი – კულტურული ფაქტორის გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და სამეწარმეო საქმიანობაზე: თანამედროვე გლობალიზაციის გამოწვევები; ნაზირა კაკულია და თეა ლაზარაშვილი – რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე; მანანა ლობჟანიძე – უმუშევრობა ახალგაზრდებში და პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელობა; მურმან ცარციძე – მინიმალური ხელფასი საქართველოში; სალომე თვალოძე – კლიმატის ცვლილება, როგორც მონეტარული პოლიტიკის ახალი გამოწვევა და სხვ.

Facebook
Twitter
LinkedIn