ქეთი თუთბერიძის მოგონებების სკივრი
წელს, 1 საქტემბერს, 45 წელი შესრულდა, რაც ქეთევან თუთბერიძეს – უნივერსიტეტის პრორექტორების, კანცლერების შეუცვლელ თანაშემწეს „ჩვენს ქეთის“ ვეძახით. უნივერსიტეტში მის მოხსენიებას არც გვარი სჭირდება და არც რეგალიები…
ყველამ იცის, სტუდენტმაც და პროფესორმაც, რომ მასთან ყველაფერზე შეიძლება დაიჩივლო და „საიდუმლოც“ კი ანდო, გონივრული რჩევა მიიღო და უკვე დამშვიდებული შეხვიდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან…
მისი პირველი შთაბეჭდილება უნივერსიტეტზე ბავშვობის წლებს უკავშირდება. დედა პედაგოგი ჰყავდა, როდესაც მასთან ერთად ამ შენობის გავლა უწევდა და რომელიც ყოველთვის ახსენებდა: „ეს ჩვეულებრივი შენობა არ გეგონოს, ეს ცოდნის დიდი ტაძარია და აქ მოხვედრა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა“-ო. ამბობს, რომ ბავშვობის მძაფრი ემოცია არ განელებულა და დღემდე ამ განცდით მოდის „თავის უნივერსიტეტში“.
ბევრ უნივერსიტეტელს დღესაც ახსოვს მკაცრი და შეუვალი პრორექტორი გურამ ჭილაშვილი – გამორჩეული თავისი განათლებით თუ გარეგნობით, ყელზე კოპლებიანი „ბაბოჩკით“… მისი გამოხედვაც კი საკმარისი იყო, რომ მოწიწება და ერთგვარი შიში გამოეწვია. პირველად სწორედ მასთან მოხვდა 17 წლის სტუდენტი გოგონა – ქეთევან თუთბერიძე თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად.
გული წყდება, რომ სამეცნიერო მიმართულებით მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლო. დისერტაციაც თაროზე დარჩა. ქეთი თავს იმით იმხნევებს, რომ, სამაგიეროდ, კარგი შვილები აღზარდა და სამაგალითო ოჯახი აქვს.
„მოგონებების სკივრში“, სადაც უამრავი ფაქტი და მოვლენა ინახება, მისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო ყოფილი რექტორის, დიდი მეცნიერის ილია ვეკუას გარდაცვალება. „მისი დაკრძალვის ცერემონიამ ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. მახსოვს, როდესაც იგი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიეში დაასვენეს… მის ფოტოს ფონად გასდევდა მათემატიკური ფორმულებით სავსე დაფა, რომელიც ცენტრალური კიბის თავზე იყო გამოკრული. ყველა მოწიწებით ეთხოვებოდა დიდ მეცნიერს“…
როდესაც ქეთი ბედნიერ სტუდენტურ წლებს იხსენებს, პირველ რიგში, თავისი მეგობრები და ლექტორები ახსენდება. ,,საუკეთესო პერიოდი იყო, ფაქტობრივად, აქ „დავსახლდი“, დილის 9 საათზე ვიწყებდი მუშაობას, საღამოს კი ლექციებს ვესწრებოდი. საუკეთესო ლექტორები მყავდა: გრივერ ფარულავა, ვახტანგ იმნაიშვილი, ნაირა გელაშვილი, გვანცა კოპლატაძე და სხვები. საოცრად მჩქეფარე და სიცოცხლით სავსე წლები იყო“.
სტუდენტობისას სილამაზის კონკურსშიც გაუმარჯვია, რომელიც 1981 წელს ბულგარეთში გამართულა. სწორედ ბულგარეთში იყვნენ წარგზავნილნი უნივერსიუტეტიდან წარჩინებული სტუდენტები, რომელთა შორისაც ქეთი თუთბერიძე სილამაზის კონკურსში მონაწილეობდა. საერთაშორისო სილამაზის კონკურსში ქეთი მესამე ადგილზე გავიდა და ჯილდოც მიიღო.
გამორჩეული სიყვარულით იხსენებს ქეთი ნოდარ ამაღლობელთან მუშაობის პერიოდს: „ბატონი ნოდარი, გარდა იმისა, რომ დიდი მეცნიერი იყო, იშვიათი პიროვნება გახლდათ – კეთილშობილი, პატარა ბავშვივით სუფთა ადამიანი. იმ დროს ასეთი წესი იყო: თანაშემწეს ზარის საშუალებით იძახებდნენ, მაგრამ ის ზარს არასდროს იყენებდა, თავად გამოდიოდა, გამოაღებდა კარს და ბოდიშის მოხდით მაძლევდა დავალებას. ვეუბნებოდი, რატომ წუხდებით ასე, დარეკეთ ზარი! არაო – ამბობდა, – ზარი არ მჭირდება, არც ჩემს თავს ვაკადრებ და არც თქვენო! – მპასუხობდა. ძალიან განვიცადე, როდესაც მის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს, შვილი გარდაეცვალა აფხაზეთის ომში, რაც მის ჯანმრთელობაზე აისახა“.
ქეთი მტკივნეულად იხსენებს 90-იან წლებს, რომელიც უნივერსიტეტის ცხოვრებასაც შეეხო. ამ პერიოდში კანცელარიაში საქმის მწარმოებლად მოუწია მუშაობა. კარგად ახსოვს გაყინული აუდიტორიები და მძიმე ფონი, რომლის გადალახვა კოლეგებთან ერთად მოუხდა. რეორგანიზაციის შემდეგ, როდესაც უნივერსიტეტის რექტორად გია ხუბუა აირჩიეს, ადმინისტრაციის სტრუქტურა და მუშაობის სტილიც, გარკვეულწილად, შეიცვალა და ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გულიკო გალდავამ ის სამუშაოდ მიიწვია. ქეთი მას იხსენებს როგორც ძალიან მკაცრ, მაგრამ სამართლიან, გულისხმიერ და თბილ ადამიანს, რომელიც თანადგომის განსაკუთრებული უნარით გამოირჩეოდა. მათ ერთმანეთის მოკითხვა დღემდე არ ავიწყდებათ.
ქეთევან თუთბერიძე ასევე კეთილად იხსენებს შემდგომ კანცლერებს – რომან ხარბედიას, დავით ჩომახიძესა და ნუნუ ოვსიანიკოვას. რაც შეეხება ახალ უფროსს, ქეთი მას უფრო „დედის თვალით“ აფასებს და ამბობს: ,,ლაშა საღინაძე, პირველ რიგში, კარგად აღზრდილი ახალგაზრდაა, რაც იმის მანიშნებელია, რომ იგი კარგი ოჯახის შვილია. მის ღირსებებზე შემიძლია ბევრი ვისაუბრო, პირველ რიგში, ის თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი ფინანსისტია. ამასთან, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სტუდენტთან, უფროსთან თუ უმცროსთან ურთიერთობაში არაფერი ეშლება, აქ ყველა იმედიანად მოდის და იციან, რომ მისგან მხოლოდ მხარდაჭერას და დახმარებას უნდა ელოდონ. მინდა – მას კარიერული და პროფესიული წინსვლა ვუსურვო“.
45 წლიან გამოცდილებას უკვალოდ არ ჩაუვლია. დროთა განმავლობაში იგი კარგ ფსიქოლოგად და დიპლომატად ჩამოყალიბდა. „აქ დალხენილი არავინ მოდის, ხშირად ჩემი გადაუდებელი საქმე გადამიდია და დავლაპარაკებივარ გაღიზიანებულ სტუდენტს, დამიმშვიდებია და უფროსთან ცოტა უფრო დამშვიდებული შემიშვია. როდესაც შეწუხებულ ადამიანს ვხედავ, თავს მოვალედ ვგრძნობ – დავამშვიდო. ხანდახან ვგრძნობ, რომ ძალიან ვიღლები, ვიფიტები, მაგრამ ამას ჩემს მოვალეობად ვთვლი. ბევრჯერ გავუჩერებივარ რომელიმე სტუდენტს და მადლობა გადაუხდია – ამ დროს ყველაზე ბედნიერი ვარ. ხანდახან „გამოწურული ლიმონივით“ ვარ, მაგრამ სხვა გზა არ არის“, – ამბობს ქეთი.
სახლში სამსახურის პრობლემებზე, სამსახურში კი ოჯახის პრობლემებზე არასდროს საუბრობს, მაგრამ ძილის წინ მაინც ეფიქრება სტუდენტებზე – ,,ნეტავ თუ მოაგვარა თავისი პრობლემა? გადაიხადა თუ ვერ გადაიხადა გადასახადი?“… ასე გრძელდება წლები, სხვანაირად არ შეუძლია.
ოჯახში კარგად იციან ქეთის დამოკიდებულება უნივერსიტეტის და საქმის მიმართ და ყველანაირად უწყობენ ხელს. რა გასაკვირია და მეუღლეც – ვეკუას ინსტიტუტის თანამშრომელი, ფიზიკოსი ვასილ გერსამიაც ამ კედლებში გაიცნო. ბედნიერია, რომ კარგი ოჯახი ჰყავს: ქალიშვილი – თამარ გერსამია წარმატებული იურისტია და დღეს სააუქციონო სახლის დირექტორია; ვაჟი – დავით გერსამია სახელოვნებო სფეროშიც მოღვაწეობს და ეკონომიკის მიმართულებითაც მუშაობს. უდიდეს სიხარულს ანიჭებენ პატარა შვილიშვილები – ნიკოლოზი და თორნიკე. ნამდვილი საუნივერსიტეტო ოჯახი აქვს, ის კი არადა, მეგობრებიც აქ ჰყავს და ამით ბედნიერია.
„უცნაური“ ის არის, რომ ყველას კეთილად იხსენებს, ისეთი სიყვარულით საუბრობს ყველაზე – სტუდენტზე, თანამშრომელზე, უფროსებზე… ამბობს, რომ უნივერსიტეტში ყველა უყვარს და, შესაბამისად, ბუმერანგივით უკან იღებს სითბოს და სიყვარულს. სამუშაო მაგიდის უკან ფანჯრის რაფას სახლიდან მისი მოტანილი ქოთნის ყვავილები ამშვენებს. ცდილობს, მოსაცდელში სასიამოვნო გარემო შექმნას, რა თქმა უნდა, კეთილგანწყობილ ღიმილთან ერთად…
ქეთის დიდი სურვილი აქვს – რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს უნივერსიტეტთან მისი ურთიერთობა. „დიდი მადლობა უნივერსიტეტს! შეიძლება არ დაიჯეროთ – დღემდე „ფეხის წვერებით“ შემოვდივარ უნივერსიტეტში და ისეთივე დიდი მოკრძალება მაქვს, როგორც ბავშვობაში, როდესაც დედამ ეს შენობა პირველად დამანახა… კედლებსაც კი ვეფერები. მადლობა ყველას, ვისაც ვახსენდები. გული მტკივა, რომ ადამიანები ხანდახან ერთმანეთს უპირისპირდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ მოკვდავები ვართ და ამ ქვეყნიდან ვერაფერს წაიღებენ სიყვარულის გარდა. სანამ ძალა მეყოფა, მინდა სიყვარულით და ერთგულებით ვემსახურო უნივერსიტეტს…“
მოკლედ, „ჩვენი ქეთის“ „საიდუმლო“ არც ისე ძნელი ამოსახსნელი ყოფილა…