ყველა აქტუალური თემა სოციალური მეცნიერებების მიმართულების სტუდენტთა ახალ ჟურნალში

თარიღი: 2022-11-03 19:07:36

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე   სოციალურ მეცნიერებებში სტუდენტთა ჟურნალის 21-ე ნომერი გამოვიდა.

ჟურნალში 8 სამეცნიერო ნაშრომია გამოქვეყნებული.

საერთაშორისო  ურთიერთობათა  მიმართულების  სტუდენტების  მარიამ  ბერულავას და ანი  სიხუაშვილინაშრომი – „ნაციონალიზმის როლი გლობალიზაციის  ეპოქაში“ – იკვლევს, მოხდა თუ არა ნაციონალიზმის მნიშვნელობის  შემცირება გლობალიზაციის პირობებში. მკვლევრები დასკვნის სახით გვთავაზობენ, რომ „გლობალიზაციის პირობებში ნაციონალიზმის მნიშვნელობა და როლი არ შესუსტებულა. ნაციონალისტურ იდეებს იყენებს მსოფლიოს როგორც უამრავი პატარა, აგრეთვე არაერთი გავლენიანი სახელმწიფო საკუთარი  საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მიზნებისა და ეროვნული ინტერესების მისაღწევად. ნაციონალიზმი, როგორც იდეოლოგია, თანამედროვე რეალობაშიც აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს, რასაც ადასტურებს მხარდაჭერის ზრდა პოპულისტური პარტიების მიმართ რიგ ევროპულ სახელმწიფოებში. გარდა ამისა, ნაშრომში კოვიდპანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითებზე წარმოჩნდა, რომ მიუხედავად მზარდი გლობალური გავლენებისა, მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეროვნული ინტერესები და ნაციონალიზმის იდეებზე დაფუძნებული მოქმედებები“.

ამავე მიმართულების სტუდენტი  ცოტნე  უმეკაშვილი   ნაშრომი –  „2014-2016  წლების ევროპის მიგრანტთა კრიზისი, როგორც წინაღობა ე.წ. ,,4 თავისუფლების” უპირობობისათვის“ – იკვლევს ახლო აღმოსავლეთსა და რიგ კონფლიქტურ რეგიონებში სამოქალაქო დაძაბულობით გამოწვეულ მიგრანტთა კრიზისსა და ევროპულ სახელმწიფოთა თანადროულ  სასაზღვრო პოლიტიკას შორის კავშირს. კვლევა განიხილავს  და  აღწერს   2014-16  წლების  პოლიტიკურ  პოზიციებს, ევროპელ ლიდერთა შორის საწყის მოლაპარაკებებს ქვეყანათა სასაზღვრო პოლიტიკის შესახებ. კვლევის შედეგად მოცემულია დასკვნა, რომ გამკაცრებულმა სასაზღვრო პოლიტიკამ ეჭვქვეშ დააყენა ევროპული ე.წ. ,,4 თავისუფლების” უპირობობა. „კვლევის შედეგები მიუთითებენ, რომ მიგრანტთა პრობლემა ევროპისათვის  დროებითი  დეესკალაციით  ვერ  აღმოიფხვრება, ის  ნებისმიერ  დროს შეიძლება უარყოფითი მიმართულებით განვითარდეს“. მკვლევარი მიიჩნევს, რომ „მიგრანტთა  კრიზისის გადაჭრა  ევროპული და განვითარებადი სამყაროს წყარო-კონფლიქტთა ტოტალური ჩაქრობით უნდა იქნას მიღწეული“.

საინტერესოა საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების კიდევ ერთი სტუდენტის  ნინო  ხარაბაძის  პუბლიკაცია  – „ყირგიზეთის  2020  წლის  რევოლუციის მიზეზები და შედეგები“.  ყირგიზეთში არსებული არეულობის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულად შესწავლისა და გაანალიზების შედეგად ნინო ხარაბაძე ასკვნის, რომ ყირგიზეთის შიდა პოლიტიკა კომპლექსური ფენომენია. ესაა ქვეყანა, რომელმაც 30 წლის მანძილზე სამი რევოლუცია გადაიტანა და ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სასურველს. კორუფცია, ავტორიტარიზმი, მოსყიდვა, ეკონომიკური და ენერგო პრობლემები კვლავ დგას დღის წესრიგში. „ქვეყანაში არც ეკონომიკური წინსვლა შეინიშნება და არც საზოგადოების დაცვის მხრივ იცვლება რამე. იმის მიუხედავად,  რომ  რევოლუციის შედეგად შეიცვალა პრეზიდენტი, დაიწია საარჩევნო ზღვარმა, ამ რევოლუციის შედეგებზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

მარიამ  ვაჭრიძის  და  კესო  გიგიტაშვილის  ნაშრომში – „თანამედროვე  საქართველოს საარჩევნო პროცესი: საზოგადოებრივი და პარტიული განწყობების ანალიზი ევროკავშირის მიმართ“ –  კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციისადმი განსაკუთრებული ყურადღება მთავარი ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო მანიფესტებსა და გამოსვლებში უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ევროსკეპტიკურ დამოკიდებულებას ქართული პოლიტიკური პარტიების განწყობებში იშვიათად ვხვდებით, ისიც მხოლოდ რბილი ფორმით. ავტორები დასკვნის სახით გვთავაზობენ, რომ ძირითადი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა დეკლარირებულად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს. ამასთან, საინტერესოა, რომ საზოგადოებრივი განწყობები არამდგრადია საარჩევნო პერიოდის პარალელურად, კერძოდ, გარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისა, პოსტ-საარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროკავშირის მიმართ მცირდება, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში საგრძნობლად იზრდება“.

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა –  თათია გურგენიძემ და ელენე  ნამორაძემ  იკვლიეს „კოვიდ-19-ის  პირობებში  სტუდენტთა  ცხოვრების  წესის ცვლილება“. ორ ფოკუს-ჯგუფზე დაკვირვებით და ანალიზით ნაშრომში ნათქვამია, რომ ფიზიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებით ფოკუს-ჯგუფების პრაქტიკულად ყველა მონაწილეს შეექმნა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც შეეხება სტუდენტთა თვითმოვლით ქცევას, რეგულარული სამედიცინო შემოწმება აღმოჩნდა ის პრაქტიკა, რომელიც  უყურადღებოდ რჩებოდა  პანდემიამდეც  და  იგივე ვითარებაა ახლაც. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ინტერაქციების ნაკლებობამ გამოიწვია სტუდენტებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც.  პანდემიის  დროს გაუმჯობესდა სტუდენტთა ინტერაქცია პირველადი  ჯგუფის  წევრებთან  (ოჯახი, ახლო მეგობრები), ხოლო მეორადი ჯგუფის წევრებთან (კურსელები, ნაცნობები)  კი  –  გაუარესდა. მონაცემების ანალიზის შედეგად მკვლევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ „მიზანშეწონილია, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფსიქოლოგის მომსახურება, ასევე, სასურველია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სტუდენტებს შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი სერვის-პაკეტები. ამასთანავე, უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეუწყოს კურიკულუმს მიღმა სტუდენტთა სოციალურ ჩართულობას ინტერაქციის გაუმჯობესების მიზნით“.

სოციოლოგიის და პოლიტიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა მელანო ბერიძემ  და  მარიამ  კვეტენაძემ შემოგვთავაზეს შედარებითი ანალიზი – „ალტ-ინფოს“ კონსერვატიული მოძრაობის დამკვიდრება საქართველოში და მისი თანმდევი პროცესები გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების მაგალითზე“.  ნაშრომში  ნათქვამია, რომ „პროპაგანდისტული, მკვეთრად პრორუსული, ძალადობრივ-ჰომოფობიური და ანტიდასავლური მოწოდებებით დატვირთული „ალტ-ინფოს“ გარშემო განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის პროტესტის საგანი გახდა. წინააღმდეგობის ყველაზე ძლიერი ტალღა  ოზურგეთის  მუნიციპალიტეტიდან მოდიოდა. ამ მუნიციპალიტეტში ოფისის გახსნას ხმაური ახლდა, რომელმაც ინტენსიური ხასიათი მიიღო. „ალტინფოს“ ოფისთან  შეკრებილები  აპროტესტებდნენ  ოფისის გახსნის დაანონსებას და აცხადებდნენ, რომ „გურიაში „ალტ-ინფო“ ფეხს ვერ მოიკიდებს“ (Guria tv, 2022). სწორედ ამის ნიადაგზე ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“. რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, ამ უკანასკნელში „ალტ-ინფომ“ ჯერ კიდევ 2021 წლის მაისიდან, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებული მოვლენების გამო, დაიმსახურა კეთილგანწყობა. ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი „ალტ-ინფო“ ნინოწმინდის ბავშვთა  პანსიონში  არსებული მდგომარეობის სანახავად უფრო ადრე შეუშვეს, მაშინ, როცა სახალხო დამცველს ამისთვის საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა (netgazeti.ge, 2021). ავტორთა თქმით, კვლევამ ცხადყო, რომ „რეგიონებში კონსერვატიული მოძრაობის ოფისების გახსნასთან დაკავშირებით მოსახლეობის განსხვავებული დამოკიდებულებები სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში (სამცხე-ჯავახეთში) ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული იდეოლოგიის მიმართ მიმღებლობა გამოწვეულია ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური პროცესების მიმართ უინტერესობით და მის მიმართ ნიჰილისტური განწყობით. ამ რეგიონებში ,,ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნასთან დაკავშირებით რეზისტენტულობის დაბალი ხარისხი შეიძლება სწორედ ამით აიხსნას“.

საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტის ქრისტინა ქვარაია ნაშრომში მიმოხილულია „ჰიბრიდული ომი, როგორც ახალი რუსული სამხედრო სტრატეგია და გამოწვევები დასავლეთისა და პროდასავლური ქვეყნებისათვის“. ავტორის თქმით, ნაშრომის მიზანი იყო  შეესწავლა ჰიბრიდული ომის, როგორც ახალი რუსული სამხედრო სტრატეგიის, რაობა, მახასიათებლები და მისგან მომდინარე საფრთხეები. ნაშრომი აანალიზებს კრემლის ჰიბრიდული  ომის ტაქტიკის სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს და იკვლევს,  რა გამოწვევების წინაშე დააყენა კრემლის ახალმა სტრატეგიამ დასავლური ქვეყნების უსაფრთხოების ლანდშაფტი, კვლევა ასევე აანალიზებს აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს მიერ თავდაცვის ზომების გაძლიერების მიზნით გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებს. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ „რუსული ჰიბრიდული ომის სტრატეგია დიდწილად ეფუძნება 2013 წლის „გერასიმოვის დოქტრინის“ მთავარ მესიჯებს და აერთიანებს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ინტეგრირებული გამოყენების სხვადასხვა მეთოდს – ტერორიზმს, კიბერ-ომს და დეზინფორმაციულ კამპანიას, დესტაბილიზაციას და ა.შ. ასევე დადგინდა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და 2014 წლის ყირიმის ანექსია იყო კრემლის ახალი სტრატეგიის პირველი გამოვლინებები. კვლევამ აჩვენა,  რომ  აშშ-ის 2016 წლისა და სხვა ევროპული ქვეყნების არჩევნებში იგრძნობოდა რუსეთის ჩარევის გავლენა, ამავდროულად გამოიკვეთა ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც დადგა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების კვალდაკვალ“.

ამავე მიმართულების სტუდენტის გიორგი ფაჩუაშვილის ნაშრომი ეხება რუსულ-ქართულ კონფლიქტს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე. ნაშრომში მიმოხილული და გაანალიზებულია  2008 წლის რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რომელსაც ბევრი საერთო და განმასხვავებელი ნიშნები აქვს რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომთან. კვლევა ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეზე, რომელსაც მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის ფედერაცია ქმნის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიისთვის რეგიონებში. კვლევაში ასევე მოცემულია 1992-1993 წლების აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ანალიზი.

ცნობისთვის:  ცოტა  ხნის  წინ გამოვიდა ჟურნალის მე-20  ნომერი, რომელიც მიეძღვნა ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტის, ტრაგიკულად დაღუპული ნიკოლოზ მახარობლიშვილის ხსოვნას, რომლის თანაავტორობით დაწერილი სტატიაც მოცემულ ნომერში დაიბეჭდა.

Facebook
Twitter
LinkedIn