ერნა შკოიანი – სტუდენტი მედიცინის ფაკულტეტიდან
ერნა შკოიანი ნინოწმინდიდანაა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს. ის, რომ მისი გზა მედიცინისკენ მიდიოდა, ბავშვობიდან გააცნობიერა და ამიტომაც სკოლის დასრულების შემდეგ სხვა პროფესიაზე არც უფიქრია. ერნა ამბობს, რომ მის სოფელში მხოლოდ სამი უნივერსიტეტის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. ესენია: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიაუნი და სამედიცინო უნივერსიტეტი. დიდი ფიქრის შემდეგ მან თსუ აირჩია, რადგან, მისი აზრით, თსუ ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი იყო. არჩევანი იმ ფაქტორმაც განაპირობა, რომ აქ ბევრი ნაცნობი ჰყავდა, თუმცა, ცოტა ხანში, 4+1 პროგრამაზე ჩაბარების შემდეგ კინაღამ გადაიფიქრა ექიმობა.
,,როგორც იცით, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტები არ აბარებენ იმ პრინციპით, როგორც ქართულენოვანები. ჩვენ ვაბარებთ მხოლოდ ზოგად უნარებს (მშობლიურ ენაზე), შემდგომში გავდივართ ერთწლიან პროგრამას, ანუ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და მხოლოდ ამის შემდეგ ვხვდებით ჩვენ მიერ არჩეული პროფესიის შესაბამის პირველ კურსზე. იმ ერთი წლის განმავლობაში, როცა ქართულ ენას ვსწავლობდი, შევიცვალე აზრი და მინდოდა საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარება, რადგან ჩემზე დიდ გავლენას ახდენდნენ მაღალკურსელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მედიცინაზე სწავლა რთულია და არ ღირს. პროფესიის არჩევის დროს ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არც ოჯახში უხაროდათ ჩემი არჩევანი… მაგალითად, დედაჩემს სურდა – ფიზიკაზე ჩამებარებინა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გადავწყვიტე, რომ მედიცინა არის ის სფერო, რომელიც თავად მე მსურდა და რომელშიც სამომავლოდ საკუთარ თავს ვხედავდი“, – ამბობს ერნა.
როგორც ერნა აღნიშნავს, თსუ-ში ჩაბარებამ ძლიერ გოგოდ აქცია და ერთი მეორეზე უკეთესი მეგობრები და კურსელები შესძინა. სწავლასთან ერთად ერნა სამედიცინო დაწესებულებაშიც მუშაობს. გარდა ამისა, სხვა მიმართულებითაც აქვს ინტერესები – აქტიურადაა ჩართული თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის პროექტებში, თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ასევე არის მოხალისე და ტრენერი – საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. დაინტერესებულია არაფორმალური განათლებითაც არა მხოლოდ მისი სფეროს, არამედ პოლიტიკის მიმართულებითაც.
მოთმინება, მიზანდასახულობა, გუნდური მუშაობის უნარი – ეს ის თვისებებია, რაც ერნას მომავლის შექმნასა და განსაზღვრაში ეხმარება. ,,საერთოდ, თავს ვიკავებ ხოლმე სამომავლო გეგმებზე საუბრისას, რადგან ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, არც ვიცით – ხვალ რა იქნება. თანაც ჩემს ცხოვრებაში სულ ისე ხდება ხოლმე, რომ რასაც ვგეგმავ, არასდროს მისრულდება. ამიტომ მირჩევნია, ყველაფერი თავისი გზით წავიდეს. ფარმაციაზეც დავიწყე სწავლა, რათა უფრო მეტად გავაღრმავო ჩემი ცოდნა მედიცინაში. დიდი სურვილი მაქვს, რომ რეზიდენტურაზე სხვა ქვეყანაში ჩავაბარო, მაგრამ რამდენად გამოვა, არ ვიცი. ვგეგმავ უფრო მეტი ცოდნის მიღებას ჩემს სფეროში და არა მხოლოდ. ჩემი მიზნებია: ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე სიარული, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება და მოგზაურობა (ეს არა გეგმა, არამედ ოცნებაა). მინდა ვნახო საქართველოს ყველა კუთხე, რადგან აქამდე არსად არ ვყოფილვარ ჩემი რეგიონის გარდა. ვოცნებობ, მქონდეს ჩემი პირადი პატარა ბიბლიოთეკა და საკუთარი ბლოგი. მსურს, ინტერნეტში მყავდეს ფართო აუდიტორია“, – ასეთია ერნას გეგმები.
ნინო გელაშვილი
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი