ახალი სახელმძღვანელო პაროდონტოლოგიაში – დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ქეთევან გოგილაშვილისა და თეა ნაცვლიშვილის ავტორობით პაროდონტოლოგიაში, ორ ტომად, ახალი სახელმძღვანელო – „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და „პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები“ გამოიცა. სახელმძღვანელო 4 წლის განმავლობაში მზადდებოდა.
გამოცემაში მოცემულია მსოფლიოში აღიარებული პაროდონტისა და პერიიმპლანტური დაავადებების კლასიფიკაციაში ასახულ დაავადებათა ნომენკლატურა. თითოეული თავი ამ კლასიფიკაციის მიხედვით ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიარებული გაიდლაინების გამოყენებითაა დაწერილი. სახელმძღვანელო უკვე შეტანილია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კურიკულუმში.
„სამედიცინო და პედაგოგიური მეცნიერებების განვითარების თანამედროვე დონემ მოითხოვა პაროდონტოლოგიური საკითხების ახლებური მიდგომით გადაჭრა. სახელმძღვანელოში, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად არის დეტალიზებული პაროდონტოლოგიასთან ასოცირებული ქსოვილების და მათი სეგმენტების აღწერა, მეორე მხრივ კი – ყველა ეს ქსოვილი თუ მისი ელემენტი განხილულია კლინიკასთან კავშირში და იძლევა კლინიკურ გამოვლინებათა პათოფიზიოლოგიური მექანიზმის ახსნას; ყოველივე ეს კი სტუდენტის მიერ არა მხოლოდ მასალის ადვილად ათვისებას შეუწყობს ხელს, არამედ მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მომავალი სტომატოლოგის პროფესიულ დაინტერესებაში“, – აღნიშნავენ ავტორები.
თუმცა, ახალი გამოცემის სამიზნე აუდიტორია მხოლოდ სტუდენტები არ არიან, სახელმძღვანელო საინტერესო ინფორმაციას მოიცავს რეზიდენტებისა და ექიმებისთვისაც.
„ძალზედ მნიშვნელოვანია ექიმისთვის იმ ცოდნის შეძენა, რომელსაც მკურნალობის მეთოდების შერჩევისას გამოიყენებს. რა თქმა უნდა, მიღებული ცოდნა მუდმივ განახლებას საჭიროებს ახალი მტკიცებულებების და მიდგომების შესაბამისად. ჩვენ თავი მოვუყარეთ პაროდონტოლოგიაში არსებულ მკურნალობის ყველაზე თანამედროვე, სანდო და ეფექტიან მეთოდებს. გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმძღვანელო ქმედითი გზამკვლევი იქნება მკითხველისთვის, ვინაიდან ის აერთიანებს ყველა მეცნიერებას, რაც პაროდონტოლოგიის შესწავლით დაინტერესებული პირისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია – პაროდონტის ქსოვილების ანატომიიდან პაროდონტის და პერიიმპლანტური დაავადებების მკურნალობის ჩათვლით“, – განმარტავენ ავტორები.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ანდრეა პილონის შეფასებით, რომელიც რომის საპიენცას უნივერსიტეტის პირის ღრუს და ყბა-სახის მეცნიერებების დეპარტამენტის პაროდონტოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და ოჰაიოს (აშშ) უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიური დეპარტამენტის მოწვეული პროფესორია, კლინიკური პაროდონტოლოგია“ (ტომი I) და „პაროდონტის დაავადებების არაქირურგიული და ქირურგიული მკურნალობა“ (ტომი II) ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი წიგნებია, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე დაწერილა. ეს არის ძალიან სასარგებლო სახელმძღვანელო დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის და ყველა იმ სტომატოლოგისთვის, ვისთვისაც პაროდონტოლოგია საექიმო საქმიანობის ფუნდამენტურ საფუძველს წარმოადგენს.
„წიგნის დასაწყისში პაროდონტის დაავადებების ახალი კლასიფიკაციის აღწერა მთელი ნაშრომის მაღალკვალიფიციურ ხელწერაზე მიუთითებს, ხოლო პირველ გვერდებზე დაწყებული ჯანმრთელობის განმარტება, რომელიც წიგნის ბოლოს ურთულესი კლინიკური შემთხვევების განხილვით სრულდება, ნამდვილად შთამბეჭდავია. წიგნებში განხილულია პაროდონტოლოგიის ყველა ასპექტი – დაწყებული დიაგნოსტიკით, დამთავრებული მკურნალობის სპეციფიკური მეთოდებით, ეს ყველაფერი კი გამდიდრებულია ძალიან მაღალი ხარისხის ფოტომასალით, რაც მკითხველს სტომატოლოგიურ სავარძელთან აგრძნობინებს თავს.
წიგნის ყოველი თავი უახლეს კვლევებს/ლიტერატურას მიყვება ფეხდაფეხ, რაც ყოველთვის იყო ავტორების – ქეთევან გოგილაშვილისა და თეა ნაცვლიშვილის სამეცნიერო მიმართულება, რაც, ვფიქრობ, საუკეთესო მაგალითია იმ პროფესიონალი და მოტივირებული კლინიცისტებისა, რომელთა ხილვაც ჩვენი სტუდენტების გვერდით დიდი ბედნიერებაა სტომატოლოგიური სამყაროსთვის“, – აღნიშნა ანდრეა პილონიმ.
რას ცვლის ახალი სახელმძღვანელო თერაპიული სტომატოლოგიის სპეციალისტების სწავლება-მომზადების თვალსაზრისით
სახელმძღვანელო – „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და „პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები“ პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალ კლასიფიკაციას და გაიდალინებს მოიცავს, რომელიც ამსტერდამში ევროპის პაროდონტოლოგიის ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე 2018 წელს წარადგინეს და 2020 წელს გამოსცეს. მანამდე საქართველოში, როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყანაში, დაავადებათა ძველი რუსული კლასიფიკაციები გამოიყენებოდა და სასწავლო პროცესიც, ძირითადად, რუსული სახელმძღვანელოების გამოყენებით მიმდინარეობდა.
„პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ის მიმართულებაა, რომელიც ძალიან დიდ განახლებას საჭიროებდა – გვიყვება ქეთევან გოგილაშვილი – ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ფაქტობრივად, ერთმანეთთან აბსოლუტურად განსხვავებულ ენაზე საუბრობდნენ“.
ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რაც ახალი სახელმძღვანელოს შემუშავების მოტივი გახდა. თუმცა, მანამდე სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“, რომელიც ქეთევან გოგილაშვილმა დააფუძნა და რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სასწავლო კლინიკური ბაზაა, გაიხსნა პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა.
„მე და თეა ნაცვლიშვილი წავედით რომის საპიენცას უნივერსიტეტში და ოჰაიოს უნივერსიტეტში, შევისწავლეთ იქაური სასწავლო გეგმა, რის მიხედვითაც „ალბიუსში“ მოქმედი სასწავლო პროგრამა შევიმუშავეთ და დავიწყეთ ექიმების მომზადება. პარალელურად, დავინახეთ სახელმძღვანელოს გამოცემის საჭიროება. საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, რადგან თითქმის ფუნდამენტურად შეიცვალა არსებული კლასიფიკაციები“, – აცხადებს ქეთევან გოგილაშვილი.
პაროდონტოლოგიაში პირველი სახელმძღვანელო ქეთევან გოგილაშვილმა და თეა ნაცვლიშვილმა, დაახლოებით, 4 წლის წინ გამოსცეს, თუმცა 2018 წელს მიღებული ახალი კლასიფიკაციის შემდეგ მისი განახლების საჭიროებაც შეიქმნა. შესაბამისად, ახალი ორტომეული დღეს უკვე ყველა იმ გამოწვევას პასუხობს და იმ ინფორმაციულ ვაკუუმს ავსებს, რაც პაროდონტოლოგიის მიმართულებით უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე არსებობდა.
„ჩვენ ასეთი სურათი გვქონდა – არ არსებობდა სახელმძღვანელო, გვქონდა მოძველებული რუსული კლასიფიკაციები, რაც მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ დაავადებათა დეფინიციებია განსხვავებული, არამედ კლინიკური მიდგომა და მკურნალობის მეთოდოლოგიაც სხვადასხვაა. ჩვენ წიგნში დეტალურად მიმოვიხილავთ პაროდონტის დაავადებების უახლეს კლასიფიკაციას, დაწვრილებით აღვწერთ ისტორიულ კონტექსტს და შემიძლია გითხრათ, რომ რეალობა არის ერთი – სტუდენტებს აბსოლუტურად ახალი მეთოდოლოგიებით დიაგნოსტირება-მკურნალობა უნდა ვასწავლოთ“, – აღნიშნავს ქეთევან გოგილაშვილი.
პაციენტი – მთავარი პრიორიტეტი
სახელმძღვანელოში ცალკე არის გამოყოფილი პაციენტის მიმართ ექიმის დამოკიდებულების მნიშვნელობისა და მეთოდების განმარტება-რეკომენდაციები, განხილულია პაციენტის განათლების საკითხები. ასევე, ექიმ მარი მალაზონიას ავტორობით მასში შესულია ცალკე თავი სათაურით – „კვება და პირის ღრუს ჯანმრთელობა“.
„მთავარი ის არის, რომ პაციენტს მკურნალობა სწორად ჩაუტარდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – თუ როგორ უნდა შევძლოთ მისი მოტივირება, ანუ პაროდონტოლოგიური მკურნალობის წარუმატებლობის უმეტესი წილი პაციენტების მიერ რეკომენდაციების დაცვის უგულებელყოფით არის გამოწვეული, ამიტომ ექიმის რეკომენდაციები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ცოდნის გადაცემას, მოტივაციის ამაღლებას. ჩვენ დაწვრილებით გვაქვს აღწერილი – როგორ მოვიქცეთ პაციენტთან, როგორ ვაკონტროლოთ, როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება, რამდენ ხანში მოხდეს შემდეგ ვიზიტზე დაბარება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს სახელმძღვანელო შექმნილია მტკიცებითი მედიცინის საფუძველზე. განვმარტავთ, თუ როგორ უნდა მოიძიოს ექიმმა სწორი ინფორმაცია, როგორ დარჩეს მიუკერძოებელი და არ მოექცეს ცალკეული მაგალითებისა თუ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილების გავლენის ქვეშ. ჩვენ ვასწავლით, რომ მტკიცებითი მედიცინა არის ყველაზე საიმედო, ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება, რომელიც ექიმს პაციენტის მკურნალობაში ეხმარება“, – აცხადებს ქეთევან გოგილაშვილი.
სახელმძღვანელო – „კლინიკური პაროდონტოლოგია“ და „პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაქირურგიული და ქირურგიული მეთოდები“ – ილუსტრირებულია საკუთარი კლინიკური შემთხვევების ამსახველი ფოტომასალით. ამ დროისთვის ტომები ხელმისაწვდომია სტომატოლოგიის ცენტრ ,,ალბიუსში” და სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ახალი სახელმძღვანელოს ოფიციალური პრეზენტაცია 8 ოქტომბერს გაიმართა.