ნინო შავლაძის მოტივაციები – გახდეს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ

თარიღი: 2022-10-30 17:26:28

ნინო შავლაძე თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია. მისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ რომელ პროფესიას გაჰყვებოდა. ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჟურნალისტიკა ნამდვილად ისაა, რაც მის ინტერესს აღძრავს და რაც გარე სამყაროს შემეცნებაში დაეხმარება.

,,დღეს მე ჟურნალისტიკას ვუყურებ, როგორც საშუალებას  – შევისწავლო რეალობა, გავეცნო არსებულ ტენდენციებს და ამ ყველაფერში აღმოვაჩინო ჩემი თავი. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს პროფესია ჩემი მოწოდებაა“, – ამბობს ნინო.

ჩვენს შეკითხვაზე – როგორი მედია-გარემოა დღეს საქართველოში? – ნინო გვპასუხობს: ,,ზოგადად, დღევანდელი გადმოსახედიდან, მედია ბევრ ქვეყანაში პოლარიზებულია, თუმცა მდგომარეობის სიმძიმე მერყეობს დაწყებული ტოტალიტარული სახელმწიფოებიდან დამთავრებული განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებით. კონკრეტულად, საქართველოში ვაწყდებით მედიაპოლარიზაციას და მაღალრეიტინგული სამაუწყებლო პროგრამებიც ავლენენ ტენდენციურობისა და განსაკუთრებით პოლიტიკური მიკერძოების ნიშნებს. მაგალითად, „იმედი“ წარმოადგენს პროსახელისუფლო ტელემედიას, ხოლო „მთავარი არხი“ მუდმივად ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდას ეწევა. ასეთ შეთხვევებში ირღვევა ყველაზე მთავარი პრინციპი, რომელსაც საინფორმაციო გადაცემები უნდა მისდევდნენ – ფაქტის პირვანდელი სახის შენარჩუნება! ანუ, მასობრივ აუდიტორიებს მიეწოდება ის, რაც თავად მათ სურთ და როგორც სურთ. არაა დაცული „ბიბისი“-ს ცნობილი ფრაზა: „ფაქტი – ხელშეუხებელი, კომენტარი – თავისუფალი“. მართალია, „რუსთავი 2“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შეეცვალა მფლობელი, გადავიდა დასავლურ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, თუმცა ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, საქართველოში ჩამოყალიბებულმა მედიაგარემომ გარკვეული ტრანსფორმაცია უნდა გაიაროს, რათა დავიძრათ უკეთესობისაკენ. ახლანდელი გადმოსახედიდან ამ ფაქტის გამო არ მომწონს დღეს შექმნილი მდგომარეობა. თუმცა, არის დადებითი ფაქტორებიც, რომლებიც არ უნდა უგულვებელვყოთ“.

ნინო შავლაძე თავს ბეჭდურ ჟურნალისტიკაში მოიაზრებს, რადგან უყვარს წერა საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. სიამოვნებით დასაქმდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხითაც – იქნება ეს კომუნიკაციის დირექტორი, კრიზისების მენეჯერი თუ სხვა.

ნინოსთვის პასუხისმგებლობა ისეთი რამაა, რასაც ვერ იყიდი და ვერც გაყიდი.  ,,პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ მოვლენასა თუ საკითხს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები, რადგან არ მინდა საკუთარი თავის „ცუდად“ წარმოჩენა და ვგრძნობ, რომ არა მხოლოდ ჩემს თავზე ვაგებ პასუხს, არამედ სხვების წინაშეც ანგარიშვალდებული ვარ, როცა რაიმე ხდება. პასუხისმგებლობაა აცნობიერებდე შენს როლსა და ფუნქციას ამ უშველებელ სამყაროში, პირნათლად შეასრულო ის მოვალეობები, რომლებიც გაქვს და შენს სიტყვას ჰქონდეს ფასი“, – ამბობს ნინი.

მისთვის უდიდესი მოტივაციაა ის, რომ ერთ დღეს მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის საამაყო პიროვნება დადგეს. ,,როცა მოკლევადიან თუ გრძელვადიან მიზნებზე ვფიქრობ, ყოველთვის დისციპლინას ვაფარებ თავს. მარტივად რომ ვთქვათ, მოტივაცია ყოველთვის ვერ გექნება ადამიანს, ხოლო თუ დისციპლინირებული ხარ, შენს მიზანს ნელ-ნელა, მტკიცე ნაბიჯებით მიუახლოვდები“, – ასე ფიქრობს ნინო შავლაძე, რომელიც მუდმივად აკონტროლებს საკუთარ ,,მე“-ს, რათა იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ.

ნინო შავლაძემ, რომელიც თსუ პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის სტაჟირების კურსს გადის, ზუსტად იცის, რომ ჟურნალისტიკისადმი მისწრაფებებს მისი პიროვნული თვისებებიც განაპირობებს. ,,მგონია, რომ ჟურნალისტიკა დამეხმარება შევისწავლო ჩვენი რეალობა და უკეთ გავიცნო საკუთარი თავი“, – ამბობს ის.

მას მერე, რაც უფრო ჩაუღრმავდა საკუთარ თავს, აღმოაჩინა  – რაოდენ ჰარმონიულია მარტოობაც. ამიტომ ბევრ დროს ატარებს თავის თავთან და ე.წ. გართობის საშუალებად მიიჩნევს წიგნების კითხვას, რაც ნინისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი საქმიანობაა. ხშირად უყურებს ფილმებს უცხო ენებზე, რათა დასვენების დრო პროდუქტიულიც გახადოს. ცდილობს, ასევე, მიჰყვეს ჯანსაღი ცხოვრების წესს და სპორტს. უყვარს სოციალიზაცია, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ახალი ადამიანების გაცნობაც.

Facebook
Twitter
LinkedIn