საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის – ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა ნინო მაღრაძემ და ელენე კაჭკაჭიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის საერთაშორისო კონკურსი „Fund Challenge” მოიგეს და თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა მსოფლიო მასშტაბით ასახელეს. ამ კონკურსში მონაწილეობას MCD-ის 32 ქვეყნის უნივერსიტეტების ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იღებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ISET-ისთვის ,,Fund Challenge”-ში წარმატება ერთგვარ ტრადიციად იქცა, რადგანაც ზედიზედ ოთხი წელია, რაც ამ სტუდენტურ კონკურსში სწორედ ISET-ის სტუდენტები იმარჯვებენ.
გვესაუბრებიან კონკურსის გამარჯვებულები, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები: ნინო მაღრაძე და ელენე კაჭკაჭიშვილი
ნინო მაღრაძე სკოლის ასაკიდანვე იყო დაინტერესებული სხვადასხვა სახისა და თემატიკის კონკურსში მონაწილეობით და ხშირად იმარჯვებდა კიდეც. ბოლოს ეროვნული ბანკის კვლევით კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტში გაიარა სტაჟირება, სადაც ღირებული ცოდნა და გამოცდილება მიიღო პროფესიულ სფეროში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსში („Fund Challenge“) მონაწილეობის ინტერესი თავიდანვე გაუჩნდა, როცა ამ კონკურსის შესახებ გაიგო:
„ვიცოდი, რომ „IMF Fund Challenge“ პრესტიჟული სტუდენტური კონკურსია, რომელშიც ყოველ წელს იმარჯვებდნენ ISET-ის სტუდენტები და მეც გამიჩნდა მასში მონაწილეობის ინტერესი. კონკურსში IMF-ის აფრიკის (AFR), აზიისა და წყნარი ოკეანის (APD), შუა და ცენტრალური აზიის (MCD) დეპარტამენტების წევრი 114 ქვეყნის უნივერსიტეტების ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. როდესაც ISET-იდან შეტყობინება მივიღეთ „2022 Fund Challenge“-ის გამოცხადების შესახებ, ჩემს კურსელს, ელენე კაჭკაჭიშვილს შევთავაზე – მონაწილეობა მიგვეღო. საბედნიეროდ, წელსაც უკვე ზედიზედ მეოთხედ ISET-ის სტუდენტები გამარჯვებულებს შორის დაგვასახელეს. თითოეული ზემოაღნიშნული რეგიონიდან ორი გამარჯვებული შეირჩა. ჩვენ MCD-ის ქვეყნებს შორის აგვარჩიეს, რომელშიც შედის საქართველო (სულ 32 ქვეყანაა MCD-დან). კონკურსის პირველ ეტაპზე – ივნისიდან სექტემბრამდე – IMF-ის მაკროეკონომიკური დიაგნოსტიკის ონლაინ კურსი გავიარეთ, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგაც თითოეულ მონაწილე გუნდს დაგვევალა ბრაზილიის ეკონომიკის გაანალიზება – გამოვიკვლიეთ წარსულის და მიმდინარე ტენდენციები, სამომავლო პროგნოზებიც გავაკეთეთ და შევიმუშავეთ რეკომენდაციები მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით. ონლაინ კურსმა ღირებული ცოდნა მოგვცა მაკროეკონომიკური ანალიზის მეთოდების შესახებ, რომელიც შემდეგ შემთხვევის ანალიზზე მუშაობისას პრაქტიკულად განვიმტკიცეთ. ნაშრომის მზადებაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ და გარკვეულწილად გვქონდა წარმატების მოლოდინი, თუმცა მაღალი კონკურენციის ფონზე საბოლოო შედეგი მაინც განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა.
გამარჯვებულმა გუნდებმა ვირტუალურად წარვადგენეთ ჩვენი ნაშრომი საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის ოქტომბრის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, რა დროსაც შესაძლებლობა მოგვეცა შევხვედროდით პოლიტიკის გამტარებლებს, აკადემიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მსოფლიოდან“, – გვიამბობს ნინო, რომელიც „Fund Challenge“-ში მონაწილეობით დაინტერესებულ სტუდენტებს ურჩევს, რომ, კონკურსის შრომატევადობის მიუხედავად, არ დანებდდნენ და ბოლომდე მიჰყვნენ მის თითოეულ ეტაპს, რადგან გამოცდილება, რომელსაც კონკურსი იძლევა, მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ კვალიფიციურ ანალიტიკოსებად ჩამოყალიბებასა და საინტერესო პროფესიული კავშირების დამყარებაში. ნინო დიდ მადლობას უხდის ISET-ის პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისთვის, სიხარულის გაზიარებისთვის და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას უცხოეთში, ეკონომიკის მიმართულებით გეგმავს.
. . .
„რაც უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე, მაკროეკონომიკა ყოველთვის იყო ერთ-ერთი იმ საგანთაგანი, რომლის სწავლა სიამოვნებას მანიჭებდა. ლექციებზე ლექტორთან ერთად ხშირად გავნიხილავდით სხვადასხვა მოდელებსა და რეალური ქვეყნების მაგალითებს, თუმცა, ბუნებრივია, ამ მასშტაბის „case study“ -სთან შეხება არ გვქონია. ამიტომ როდესაც უნივერსიტეტისგან ამ კონკურსის შესახებ შევიტყვეთ, მე და ნინო მაღრაძემ გადავწყვიტეთ ISET-ში მიღებული თეორიული ცოდნა უკვე პრაქტიკაშიც გამოგვეყენებინა, რისთვისაც რეალური ქვეყნის ეკონომიკის გაანალიზებაზე უკეთესი შესაძლებლობა არ არსებობს. ამასთან ერთად, ISET-ის სტუდენტები უკვე ზედიზედ მესამე წელია იგებენ ამ პროექტს, ამიტომ დიდი სურვილი გვქონდა ტრადიცია ჩვენც გაგვეგრძელებინა და გვიხარია, რომ ეს შევძელით“, – ამბობს ელენე, რომელსაც კონკურსში წარმატების იმედი ჰქონდა, რადგან ონლაინ კურსიც წარმატებით დახურეს და თვითონ მონაცემების დამუშავებასა და პროექტის მომზადებაშიც დიდი შრომა ჩადეს. თუმცა გოგონები ხანდახან იმასაც ფიქრობდნენ – შეძლებდნენ თუ არა სხვა წარმატებული სტუნდენტებისთვის კონკურენციის გაწევას.
კითხვაზე – თუ რა მისცა ამ კონკურსში გამარჯვებამ? ელენე ასე გვპასუხობს: „პირველ რიგში, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან ამ მასშტაბის პროექტზე აქამდე არ მიმუშავია. შანსი მქონდა გამეანალიზებინა ისეთი საკვანძო საკითხები, როგორებიცაა ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, ინფლაციის დონე და ა.შ. ასევე საშუალება გვქონდა გაგვეზიარებინა ჩვენი რჩევები რიგი პრობლემების მოსაგვარებლად. ვფიქრობ, ეს პროექტი იყო ერთგვარი რეპეტიცია იმ საქმისა, რისი კეთებაც მომავალში მომიწევს, როგორც მომავალ ეკონომისტს“, – ამბობს ელენე და თანატოლებს ურჩევს არ შეუშინდნენ კონკურსის სირთულეებს, რადგან ფიქრობს, რომ ჯგუფური მუშაობით ეს ყველაფერი დაძლევადია, იმის მიუხედავად, რომ პროცესი საკმაოდ შრომატევადია.
ელენე, ამჟამად, ფინანსების მიმართულებით გადის სტაჟირებას TBC ბანკში. მომავალ მიზნებს რაც შეეხება, პირველ რიგში, მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას გეგმავს, ხოლო შემდეგ დოქტორანტურას უმიზნებს. რაც შეეხება კარიერულ წინსვლას, ამისთვის სხვადასხვა სასწავლო კურსების გავლა აქვს დაგეგმილი. „რომელი მიმართულებითაც არ უნდა გავაგრძელო მუშაობა, იმედი მაქვს – ჩემი საქმე სიამოვნებას მომანიჭებს და მუდმივად დამეხმარება განვითარებაში“, – ამბობს ელენე, რომელიც თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სასახელო სტუდენტი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)-ის საერთაშორისო, მასშტაბური და პრესტიჟული კონკურსის „Fund Challenge” გამარჯვებულია.