„ადმინისტრაციული მართლმსაჯულების გამოწვევები საქართველოში“ – დიალოგი მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის

თარიღი: 2022-10-26 20:29:06

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული ფორმატის – „დისკუსია მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის“ – ფარგლებში, მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, იურიდიული ფაკულტეტის ადმინსტრაციული სამართლის მიმართულების ინიციატივით პირველი შეხვედრა ჩატარდა თემაზე: „ადმინისტრაციული მართლმსაჯულების გამოწვევები საქართველოში“. დისკუსიაში თსუ-ს აკადემიური პერსონალი, მოსამართლეები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. დისკუსიები პერმანენტულად გაიმართება. ღონისძიება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ გახსნა.

პრაქტიკოსებსა და მეცნიერებს შორის დიალოგს აქვს როგორც პრაქტიკაში არსებული პრობლემების გამოსწორების, ისე უნივერსიტეტში კვლევისა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობის დანიშნულება.

„ეს არის დიალოგი პრაქტიკასა და მეცნიერებას შორის და გულისხმობს იმას, რომ მეცნიერება არ არსებობს პრაქტიკის და პრაქტიკა კი – მეცნიერების გარეშე. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ პრაქტიკის განვითარებას, გამოვავლინოთ რეფორმის საჭიროებები და კანონმდებლობის ხარვეზები, პრაქტიკის გამოცდილება შემოვიტანოთ მეცნიერებაში და სასწავლო პროცესში“, – აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა პაატა ტურავამ.

„შეხვედრაზე  შეთავაზებულ  იქნა ადმინისტრაციულ დავებში უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის საპროცესო-სამართლებრივი საშუალებების შემუშავების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა. თუ მოქალაქე ვერ იცავს საკუთარ უფლებას ეფექტურად სასამართლოს გზით, მაშინ ის მიმართავს სხვა არალეგალურ გზებს, როგორიცაა კორუფცია, უკანონო გადაწყვეტილებისადმი დამორჩილება და ა.შ. სასიხარულოა, რომ დისკუსიაში მონაწილეებს ამ შეთავაზების მიმართ არ ჰქონიათ წინააღმდეგობა“, – განმარტა თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა კობა ყალიჩავამ.

„ეს არის ჩვენი  და ჩემი მიზანი,  რომ სასამართლოს პრაქტიკა მაქსიმალურად ეფექტიანი გავხადოთ, რადგან სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან თუ გამოვალთ, სასამართლოში სარჩელის წარდგენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, – აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა მაია კოპალეიშვილმა.

 „არის რიგი პრობლემური საკითხებისა,  რის  შესახებაც განსხვავებული მოსაზრებები არსებობს და ჩვენ გვინდა, დიალოგით ხელი შევუწყოთ პრაქტიკაში არსებული პრობლემების გადაჭრას. ნებისმიერ ქვეყანაში ადმინისტრაციული სამართალი ვითარდება სასამართლოსა და მეცნიერებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გზით, ასე იყო გერმანიაში, საფრანგეთში და გამონაკლისი არც საქართველო არ  არის“, –  აღნიშნა თსუ-ს პროფესორმა ირმა ხარშილაძემ.

დიალოგში 8 სპიკერი (4 პროფესორი და თანამომხსენებელი 4 მოსამართლე) მსჯელობდა  სადისკუსიო თემებზე:

„აღიარებითი სარჩელის იმპლემენტაციის საკითხი ქართულ მართლმსაჯულებაში“

მომხსენებელი: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი მაია კოპალეიშვილი;

თანამომხსენებელი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ონიანი

„საჯარო და კერძო ინტერესების შეპირისპირების პრაქტიკა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებებში“

მომხსენებელი: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი პაატა ტურავა;

თანამომხსენებელი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი

„ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ინტენსივობა“

მომხსენებელი: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კობა ყალიჩავა;

თანამომხსენებლები: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე; სამართლის დოქტორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე სანდრო შერმადინი.

„ადმინისტრაციული განსჯადობა სასამართლო პრაქტიკაში“

მომხსენებელი: თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ირმა ხარშილაძე;

თანამომხსენებელი: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი.

მოხსენებების თემატიკა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში წამოჭრილი აქტუალური პრობლემებიდან გამომდინარე შეირჩა. გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებასთან ერთად, მომხსენებლებმა პრაქტიკოსებს პრობლემების აღმოფხვრის შესახებ საკუთარი რეკომენდაციებიც გადასცეს.

„ჩემი მოხსენება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ინტენსივობას ეხებოდა. ვისაუბრე – თუ რა დონეზე შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს ადმინისტრაციულ ორგანოზე მაკორექტირებელი ფუნქცია. მაგალითად, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არაკანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ შეიძლება სასამართლომ ისე შეამოწმოს ორგანოს საქმიანობა, რომ ამ კონტროლის ფარგლებში აშკარა კვალი დატოვოს და ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დააკორექტიროს. ამ მხრივ პრაქტიკაში პრობლემები არის. შევთავაზე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების თაობაზე წინადადება. ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალში ჩვენ გვაქვს ორგვარი ნორმა  – იმპერატიული, როდესაც იურიდიული შედეგი განსაზღვრულია ზუსტად და სასამართლო კონტროლი მარტივია და მეორე ნორმა – როდესაც დისკრეციის ფარგლებში მიიღება გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს ლავირების თითქმის შეუზღუდავი შესაძლებლობა აქვს. ამ დროს სასამართლოს არ აქვს უფლება, რომ ღრმად ჩაერიოს ორგანოს საქმიანობაში, ის ვერ მიიღებს მის ნაცვლად გადაწყვეტილებას, ანუ დისკრეციული ნორმის შემთხვევაში მოსამართლის უფლებამოსილება კონტროლის მხრივ იზღუდება. ჩემი რეკომენდაციაა – კანონში შემოვიტანოთ ე.წ. ჩამკეტი მექანიზმები, რისი საშუალებითაც სასამართლოს კონტროლი ბევრად ეფექტიანი გახდება, შეასრულებს დიდაქტიკურ ფუნქციას – მიუთითებს ორგანოს კონკრეტულად, თუ რა გზით წავიდეს და არ დაუტოვებს ლავირების საშუალებას მას. ჩემი ეს რეკომენდაცია ემყარებოდა შვიდი ევროპული ქვეყნის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების საფუძველზე შემუშავებულ პანევროპული ჩარჩო კოდექსის მიდგომებს“, – განაცხადა კობა ყალიჩავამ. 

„ვისაუბრე ადმინისტრაციული აღიარებითი სარჩელის იმპლემენტაციის საკითხებზე სასამართლოს პრაქტიკაში, რა არის საჭირო იმისათვის, რომ აღიარებითი სარჩელის პრაქტიკაში იმპლემენტაცია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ეფექტიანად წარიმართოს. ვფიქრობ, რომ საკითხი პრობლემურია როგორც კანონმდებლობის კუთხით –  ნორმის ფორმულირების თვალსაზრისით, ასევე,  ნორმის წაკითხვის მიმართულებით. ნორმაში საჭიროა  გარკვეული ცვლილებების შეტანა, დაცვის საგანთან დაკავშირებით აუცილებელია დაზუსტება, რომ გარკვეული შეფერხება არ შეექმნეს სასამართლოს და სხვადასხვა მოსამართლის მხრიდან განსხვავებულად არ ხდებოდეს ნორმის წაკითხვა. ვფიქრობ, სასამართლოსაც შეიძლება სჭირდებოდეს გარკვეული ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბება ნორმის პრაქტიკაში რეალიზაციასთან დაკავშირებით“, – განმარტა მაია კოპალეიშვილმა. 

„განსჯადობის საკითხის სწორი გადაწყვეტა ყოველ კონკრეტულ საქმეზე უზრუნველყოფს კანონიერი მართლმსაჯულების განხორციელებას. განსჯადობის საკითხზე მსჯელობა მრავალ სამართლებრივ ასპექტს მოიცავს, მათ შორის იგი დაკავშირებულია კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნის პრობლემასთან, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან, კანონის უზენაესობის პრინციპთან და ა.შ. სამართლის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოჩნდება, რომ საჯარო და კერძო სამართლის გამიჯვნის შესახებ მეცნიერ-იურისტების მიერ სხვადასხვა ეპოქაში არაერთი თეორია იქნა შემუშავებული, მაგრამ საკითხი დღემდე აქტუალური და პრობლემატური რჩება. მოქალაქეთა ძირითადი ფუნდამენტური კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებები ადმინისტრაციულ სამართალში მათ უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობაში ჰპოვებს ასახვას, მათ შორის განსაკუთრებულია სასამართლოსადმი მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მოქალაქეთა საყოველთაო უფლებაა, რომლითაც ის უზრუნველყოფს საკუთარი უფლებების დაცვას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა და მის დაცვას უდიდესი საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა პროფესორმა ირმა ხარშილაძემ.

„მოხსენების დროს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების ბუნების თავისებურება – ინკვიზიციური ხასიათი მიმოვიხილე. აუცილებელია, რომ ეს თავისებურება კარგად გამოიკვეთოს სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ანუ სასამართლომ თავისი როლი გამოკვეთოს და ხელი შეუწყოს თავისი მთავარი ფუნქციის – ადამიანის ინტერესების დაცვას. ადმინისტრაციულ სამართლებრივ ურთიერთობებში საჯარო და კერძო ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის, ჩემი მოხსენება ეხებოდა სწორედ ამ პრობლემას, რომ სასამართლომ აღნიშნული ინტერესების შეპირისპირების საკითხი კარგად გამოკვეთოს“, – განმარტა პაატა ტურავამ.

მოსამართლეებთან პირველი დიალოგის ფარგლებში სადისკუსიოდ გამოტანილი საკითხების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თითოეული საკითხი ცალკეული პლატფორმის ფარგლებში განიხილება. ორგანიზატორების თქმით, სამომავლოდ ჩანიშნულ შეხვედრებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო  ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის დიალოგის ფარგლებში განხილული საკითხები, განხორციელებული კვლევები და შემუშავებული რეკომენდაციები თეზისების სახით გამოიცემა.

Facebook
Twitter
LinkedIn