თსუ-ს მეცნიერებმა ხელნაწერები ახალი მეთოდით იკვლიეს

თარიღი: 2022-10-25 16:22:32

თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა, პირველად ქართულ ხელნაწერთა შესწავლის ისტორიაში, პერგამენტი ფურიეს სპექტროსკოპული მეთოდით იკვლიეს.

კვლევა განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.

თსუ-ის მხრიდან კვლევაში ჩართული იყვნენ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორები, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გიორგი წინწკალაძე და მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ შარაშენიძე,  ხოლო  ხელნაწერთა  ინსტიტუტის  მხრიდან  ხელნაწერთა  ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქიმის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ კლდიაშვილი.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა XI-XII-XIII და XV საუკუნეების პერგამენტებისა და მასზე წითელი და შავი მელნით შესრულებული ტექსტების შემორჩენილი ასოების სტრუქტურის კვლევა ე.წ. ფურიეს სპექტროსკოპული მეთოდით. აღნიშნული კვლევა სიახლეა ქართულ ხელნაწერთა  შესწავლის  თვალსაზრისით, ხოლო  მისი შედეგები უაღრესად მნიშვნელოვანია ხელნაწერი მასალის სრულყოფილი შეფასებისა და ამ მიმართულებით შემდგომი კვლევისთვის.  „ხელნაწერთა  ინსტიტუტს  აინტერესებდა  როგორც მელნის, ასევე თავად ეტრატის შემადგენლობა. როგორც იცით, ეტრატი არის ცხოველურ ტყავზე შესრულებული წარწერა.  მსოფლიოში  მიღებულია, რომ ეტრატის და მელნის შემადგენლობას სწავლობენ ინფრაწითელი სპექტროსკოპული მეთოდით. ქართული ხელნაწერები კი ამ მეთოდით მეცნიერულად არასოდეს შესწავლილა. ჩვენ ამ მეთოდს კარგად  ვფლობთ  და  როდესაც  დაგვიკავშირდნენ, ინტერესით  დავთანხმდით. გასულ წელს ხანგრძლივად ვიკვლევდით ხელნაწერებს სწორედ ფურიეს სპექტროსკოპული მეთოდით. დავადგინეთ სამივე ეტრატის შემადგენლობა, დამუშავების მეთოდები და იმ მელნის შემადგენლობა, რომლითაც იყო შესრულებული ხელნაწერები. ეს ძალიან რთული სამუშაო იყო მელნისა და ეტრატის რთული ქიმიური შემადგენლობის გამო. ამ მეთოდით ეტრატზე შესრულებული ქართული ხელნაწერი პირველად იქნა შესწავლილი,“ – გვითხრა გიორგი წინწკალაძემ.

ჩატარებული სამუშაოს გამო  ხელნაწერთა  ეროვნული  ცენტრის  დირექტორმა ზაზა აბაშიძემ მადლობის წერილით მიმართა თსუ-ს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორს ქეთევან ებრალიძეს.

კვლევის მიხედვით უკვე შექმნილია სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

Facebook
Twitter
LinkedIn