საქართველო – მსოფლიოს უპირობო ლიდერი C ჰეპატიტის ელიმინაციაში და ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აივ/შიდსთან ბრძოლაში
,,საქართველო ძალიან დიდი ალბათობით გახდება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც 2025 წლისთვის შეძლებს ქვეყანაში 21-ე საუკუნის ორი მთავარი ეპიდემიის: C ჰეპატიტის და აივ/შიდსის დასრულებას, იგულისხმება C ჰეპატიტის ელიმინაცია და აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მინიმალურ ნიშნულამდე (ნულთან ახლოს) დაყვანა”, – ამის შესახებ ლექციის დროს განაცხადა თსუ-ის პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ, რომელიც 13-14 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გამართულ ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) კონფერენციაზე წარსდგა. კონფერენცია აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის სტანდარტების შემუშავების საკითხებზე ჩატარდა.
კონფერენციაზე საქართველოდან საორგანიზაციო კომიტეტის მოწვევით და დაფინანსებით წარმოდგენილი იყო ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ექიმების და მეცნიერების დიდი ჯგუფი (9 პიროვნება), რაც ქართული მედიცინის კიდევ ერთი აღიარებაა. მეცნიერთა შორის იყვნენ თსუ-ის პროფესორები აკაკი აბუთიძე და ლალი შარვაძე, რომლებიც კონფერენციის ცალკეულ სექციებს და სამუშაო პანელებს თავმჯდომარეობდნენ.
თსუ-ის პროფესორი თენგიზ ცერცვაძე იყო კონფერენციის თანათავმჯდომარე დარგის ერთ-ერთ ევროპელ ლიდერთან, პროფესორ Jürgen Rockstroh-სთან (გერმანია) ერთად.
როგორც კონფერენციაზე თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, საქართველო ბოლო 6 თვის მანძილზე ინარჩუნებს COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე და საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც თითქმის შესაძლებელი გახდა COVID-ის, როგორც რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა. მოხსენებამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
თსუ-ის პროფესორმა აკაკი აბუთიძემ და სხვა ქართველმა ექიმებმა ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღეს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების მკურნალობისა და მოვლის ევროპული და ნაციონალური სტანდარტების განხილვასა და შემუშავებაში.
,,კონფერენციაზე იმსჯელეს ევროპის რეგიონში აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენისა და მკურნალობის ღონისძიებების გაძლიერების საკითხებზე, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს გლობალური მიზნების შესრულებას და აივ ინფექცია/შიდსის პანდემიის დასრულებას. იგულისხმება აივ ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების მინიმალურ ნიშნულამდე დაყვანა. აგრეთვე, აივ ინფექცია/შიდსის პრეექსპოზიციური პროფილაქტიკის პროგრამების გაფართოებას ეხებოდა კონფერენციის მომხსენებელთა გამოსვლები. ასევე, რეგიონში ვირუსული ჰეპატიტების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და მოვლაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე გაიმართა დისკუსია. კონფერენცია, როგორც ეს თავდაპირველად დაიგეგმა, თბილისში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ღონისძიების გამართვა ქ. ბრიუსელში გადაწყდა. საქართველოდან კონფერენციაზე წარდგენილ მეცნიერთა სიმრავლე მიუთითებდა ქართული მედიცინის კიდევ ერთ აღიარებას“, – განაცხადა აკაკი აბუთიძემ.
კონფერენცია შეაჯამა საზოგადოების (EACS) პრეზიდენტმა პროფესორმა Sanjay Bhagani-მა (ინგლისი).