რა განსხვავებები აღმოაჩინა მარიამ ბაღდავაძემ ევროპულ და ქართულ განათლებას შორის?

თარიღი: 2022-10-19 19:37:22

მარიამ ბაღდავაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. გასულ სასწავლო წელს მან ერთი სემესტრი ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტში გაატარა. გაცვლითმა პროგრამამ მისი მიზნები მთლიანად შეცვალა.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მარიამმა მეორე კურსზე გადაწყვიტა. ძირითადი ინფორმაცია ერასმუსზე თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გვერდზე თავად მოიძია და მზადებაც დაიწყო. მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს ხშირად იმ კურსელებისგანაც იღებდა, რომლებსაც გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება ჰქონდათ. მაღალი აკადემიური მოსწრების დამსახურებით, მან  ერასმუსის სტიპენდია მთლიანი ერთი სემესტრისთვის მოიპოვა და სწავლა დაიწყო ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტში (Universidad de granada).

მარიამი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საცხოვრებელი ბინა თავად იპოვა, თუმცა მისი ღირებულება მთელი სწავლის პერიოდში ანაზღაურებული იყო ერასმუსის სტიპენდიით, რაც გათვალისწინებული იყო ყოველთვიურ ხარჯებში.  ,,თსუ-ის სწავლა-სწავლების სტანდარტები საკმაოდ მაღალია, რასაც ადასტურებს  კავშირი მსოფლიოს მრავალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან. მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ სწავლის მიღება მაინც გამოწვევად რჩებოდა ჩემთვის. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე მქონდა სურვილი  – სხვა ქვეყნებში განათლების მიღების და გამოცდილების შეძენის. ამასთან ერთად, ეს ინტერესი განპირობებული იყო იმ პანდემიის გამოც, რაც მსოფლიოში დატრიალდა. არსებული ვითარება არ გვაძლევდა სტუდენტებს საშუალებას, სრულფასოვანი განათლება მიგვეღო. შესაბამისად, ჩემი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანეთში სწავლა იყო პირველი  საუნივერსიტეტო გამოცდილება აუდიტორიაში“, – გვითხრა მან.

უკვე გამოცდილებამიღებული ერასმუსელი ამბობს, რომ გაცვლითი პროგრამა ძალიან დიდი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს ქართული და ევროპული განათლების სინთეზი. ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ცდილობენ ფეხი აუწყონ დროის სვლას, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, დაეუფლონ განსხვავებული მეთოდებით ცოდნის მიღებას,  ერასმუსი წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო  შესაძლებლობას. მისი თქმით, ახალ სივრცეში ყოფნა იძლევა იმის ფუფუნებას, რომ სტუდენტი გაეცნოს სხვა ქვეყნის კულტურას, აღმოაჩინოს ცხოვრების ახალი რიტმი, გაიუმჯობესოს  უცხო ენის უნარები, ამასთანავე, ურთიერთობა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან საფუძველია პიროვნული განვითარების. როგორც ის ამბობს, ,,ახალგაზრდები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ ერასმუსით და გამოსცადონ ეს შესაძლებლობა. გაცვლითი პროგრამა ადამიანს ავითარებს  გონებრივად,  ზრდის ადამიანის პროფესიულ უნარებს და უბიძგებს უფრო მეტი წარმატებისაკენ.“

ევროპულ და ქართულ განათლებას შორის მარიამმა განსხვავებებიც აღმოაჩინა. „ევროპაში გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს, ვიდრე თეორიული მასალის გამოკითხვას და ამ რეჟიმით მუშაობას, რომელიც განპირობებულია უნივერსიტეტის ფინანსური შემოსავლებით. გამოცდების სტილიც უფრო მეტად გამოიხატება პრაქტიკული დავალებებით“, – მოგვითხრობს იგი.

მარიამ ბაღდავაძე ამჟამად სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრძელებს. იგი ცდილობს – ჩაერთოს ყველა ხელმისაწვდომ აქტივობაში, რათა მაქსიმალურად გაუზიაროს სხვებს ის გამოცდილება, რაც თავად დააგროვა ესპანეთში სწავლის პერიოდში და თავისი წვლილი შეიტანოს იმაში, რომ სხვებმაც შეძლონ ამ გასაოცარი შესაძლებლობის გამოყენება.  

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის აპირებს თსუ-სთან თანამშრომლობას და სურს – ცოდნის გაღრმავების შემდეგ ისევ დაუბრუნდეს  მშობლიურ სასწავლებელს ასისტენტ-სემინარისტის პოზიციაზე. უცხო ქვეყანაში ცხოვრებამ და მიღებულმა გამოცდილებამ მას საკუთარი თავის რწმენა  შესძინა, რომ შეუძლებელი არაფერია და უდიდესი მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, იგი საზღვარგარეთ გეგმავს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელებას, ამჯერად – გერმანიაში.

ანა გურეშიძე,   

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი

Facebook
Twitter
LinkedIn