ბერძნული კოლონიები ძველ კოლხეთში
შავი ზღვის სიძველეთა VII საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე (2022 წ.) სალონიკში (საბერძნეთი) გაიმართა, თსუ-ის პროფესორებმა საინტერესო მოხსენებები წარადგინეს. კერძოდ, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორმა თედო დუნდუამ და ასისტენტ პროფესორმა ნათია ფიფიამ კონგრესის მონაწილეებს გააცნეს ნაშრომი „ბერძნული კოლონიები ძველ კოლხეთში. ელინური ექსპერიმენტის მარცხი“, ხოლო კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე კობახიძემ წარმოადგინა მოხსენება — „კოლხეთის ბერძნული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო“. მან მიმოიხილა ბერძნული წარწერები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 1999 წელს სოხუმში აღმოჩენილ ეპიგრაფიკულ ძეგლზე. მოხსენებებმა კონგრესის მონაწილეთა შორის დიდი ინტერესი და საინტერესო დისკუსია გამოიწვია.
ორივე მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური კვლევებისთვის განკუთვნილი გრანტის ფარგლებში. გრანტის თემატიკაა ბერძნულ-რომაული ხანის ბერძნული და ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო. გრანტის ხელმძღვანელია ასისტენტ-პროფესორი ნათია ფიფია, კოორდინატორია ასოცირებული პროფესორი ეკატერინე კობახიძე, მკვლევარი — პროფესორი თედო დუნდუა.
კონგრესს ესწრებოდნენ შავი ზღვის ძველი ისტორიის სპეციალისტები ჰოლანდიიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მომხსენებლებმა 40-ზე მეტი მოხსენება წაიკითხეს და 50-მდე პოსტერი წარმოადგინეს.
კონგრესის დასასრულ, მონაწილეებმა მოამზადეს დასკვნითი მიმართვა, რომელშიც დაგმეს უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო არქეოლოგიური გათხრები, ასევე — რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებული ომი. მიმართვას ხელი სხვადასხვა ქვეყნის 28 მეცნიერმა მოაწერა, მათ შორის — ქართველმა მეცნიერებმაც.