როგორ გაიცემა სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიები თსუ-ში?

თარიღი: 2022-10-18 19:25:10

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე სახის სტიპენდია გაიცემა. მათი ნაწილი სახელობითი სტიპენდიაა, რომელსაც  მიზნობრივი კერძო პირი გასცემს, ნაწილი კი თსუ-სა და რომელიმე უნივერსიტეტს შორის დადებული მემორანდუმის საფუძველზე გაიცემა.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფო სტიპენდიებზე, რომელიც  სახელმწიფო პროგრამის – „სა­ხელ­მწი­ფო სტიპენ­­დი­ები სტუდენტებს“ – ფარგლებში გაიცემა დადგენილი წესის მიხედვით თვეში 150 ლარის  (ერთი სემესტრის განმავლობაში, თითოეულზე  5 თვე  – 750 ლარი) ოდენობით.

სტიპენდიის მინიჭების წესის მიხედვით: სტიპენდიებით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან/და დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებას წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე.

გასათვალისწინებელია, რომ სტიპენდიები არ გაიცემა პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე, ხოლო თანაბარ პირობებში გათვალისწინებულია წინა სემესტრში მიღებული ქულების მიხედვით გამოთვლილი GPA.

საერთო საუნივერსიტეტო წესის მიხედვით, სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება ხორციელდება 100  ქულიანი სისტემით, რომელშიც 80 ქულა აკადემიური მოსწრებაზე მოდის, ხოლო 20 – კვლევით და სამეცნიერო მუშაობაზე.

კონკრეტული კრიტერიუმები:

აკადემიური მოსწრების 80 ქულა (გარდა იურიდიული ფაკულტეტისა)  გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტსა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წინა სემესტრის სასწავლო კურსებში მოპოვებული კრედიტების საფუძველზე მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით;

სტუდენტს სემესტრის განმავლობაში მოპოვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 30 კრედიტისა (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ფაკულტეტზე – არანაკლებ 27 კრედიტისა);

სამეცნიერო კომპონენტი (20 ქულა) თავის მხრივ იყოფა ორ ნაწილად:   სტუდენტის მიერ სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება (გარდა იურიდიული ფაკულტეტისა) –  ფასდება  მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები) და  სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა (გარდა იურიდიული ფაკულტეტისა) ფასდება მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).

რაც შეეხება იურიდიულ ფაკულტეტს, აქ აკადემიური მოსწრება ფასდება  95 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში  (როგორც თსუ-ში, ასევე უცხოურ უნივერსიტეტში) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით (არანაკლებ მოპოვებული 26 კრედიტისა).

იურიდიულ ფაკულტეტზე სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება და სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით (მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები და წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).

სტიპენდიით დაფინანსებულ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით.

სტიპენდიის  მიღების  მსურველმა სტუდენტმა  შესაბამისი ფაკულტეტის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • „საქართველოს ბანკის“ საბანკო ანგარიშის ნომრის რეკვიზიტების ამონაწერი;
  • წინა სემესტრის   პუბლიკაციები (მიუთითეთ წარმოდგენილი  საბუთების რაოდენობა  (ცალი);
  • წინა სემესტრის  ტრენინგების (მოთხოვნის შემთხვევაში), კონფერენციების და სხვა აქტივობების  საბუთები  (მიუთითეთ წარმოდგენილი  საბუთების რაოდენობა  – __ ცალი);
  • დამატებითი ინფორმაცია.

განსხვავებული მიდგომები ფაკულტეტების მიხედვით

საგულისხმოა, რომ სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასებას  ყოველ ჯერზე  ახორციელებს შესაბამისი ფაკულტეტი. აკადემიური მოსწრებისა და სამეცნიერო მუშაობის ქულათა რაოდენობა  ზოგიერთ მათგანს, ფაკულტეტის საბჭოს  (ან სტპენდიის მიმნიჭებელი კომისიის) გადაწყვეტილებით, განსხვავებული აქვს.  მაგალითად:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (2022 წლის მონაცემებით):

საქართველოში ავტორიზებული  უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ  (გარდა თსუ-ისა) ორგანიზებულ სტუდენტურ სამეცნიერო  კონფერენციაში  მონაწილეობა ფასდება 1 ქულით;

თსუ-ის მიერ ორგანიზებულ საუნივერსიტეტო ან/და საფაკულტეტო (გარდა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა) სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 2 ქულით, ხოლო უშუალოდ ფაკულტეტის ან უცხოური უმაღლესი სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 3 ქულით.

განსხვავებული – 4 ქულა – ენიჭება სტუდენტს, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ საუნივერსიტეტო ან საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გაიმარჯვებს.

ამავე ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ქულა ენიჭება სტუდენტს სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების შემთხვევაში. მაგალითად:

სტატიები/პუბლიკაციები ქართულ    ბეჭდურ      ან ელექტრონულ  პერიოდულ სამეცნიერო  ჟურნალებში, რომელსაც აქვს ISSN  ან ISBN კოდი და ჰყავს აკადემიური/სამეცნიერო სარედაქციო კოლეგია, ფასდება 2 ქულით;

სტატიები/პუბლიკაციები        ქართულ           ან        უცხოურ,          ბეჭდურ  ან ელექტრონულ პერიოდულ  რეცენზირებად/რეფერირებად  სამეცნიერო  ჟურნალებში,  რომელსაც  აქვს  ISSN   ან  ISBN   კოდი   და  ჰყავს  აკადემიური/სამეცნიერო სარედაქციო კოლეგია, ფასდება 3 ქულით,

ხოლო სტატიები/პუბლიკაციები ქართულ ან უცხოურ, ბეჭდურ ან ელექტრონულ პერიოდულ რეცენზირებად/რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში, რომელსაც აქვს ISSN ან ISBN კოდი, ჰყავს აკადემიური/სამეცნიერო სარედაქციო  კოლეგია და ინდექსირებულია Google  Scholar-ის მიერ, ფასდება 4 ქულით.

ქოლოგიისა ა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ბოლო მონაცემებით):

საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, უცვლელი რჩება აკადემიური მოსწრების შეფასება ( 80 ქულა), ხოლო 20 ქულა (10+10) ნაწილდება შემდეგნაირად:

  • საქართველოში,       მათ     შორის,           თსუ-ის         ფარგლებში     ან უცხოეთში გამოქვეყნებული რეცენზირებადი ბეჭდვითი ან ელექტრონული სამეცნიერო-პოპულარული სტატიები, ნაშრომები ფასდება 1 ქულით;   
  • ქართულ        ან        უცხოურ,       ბეჭდურ ან ელექტრონულ  გამოცემებში გამოქვეყნებული  რეცენზირებადი  სამეცნიერო  ნაშრომები,  სტატიები, მათ   შორის,   ანალიტიკური   ცენტრების,   სხვადასხვა   ორგანიზაციის ეგიდით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები – ფასდება  2 ქულით, 
  • საქართველოში  გამოცემულ  რეცენზირებად  სამეცნიერო  ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციები  – ფასდება 3 ქულით,
  • ხოლო რეცენზირებად   უცხოურ   სამეცნიერო   ჟურნალებში  გამოქვეყნებული პუბლიკაციები –  4 ქულით.

განსხვავებულია ფაკულტეტის მიდგომა სამეცნიერო კონფერენციებთან მიმართებაში. აქ 0,5 ქულით ფასდება სერტიფიცირებულ ტრენინგებში მონაწილეობაც  (წარმოდგენილ  სერტიფიკატზე უნდა ფიქსირდებოდეს ტრენინგის თემა, დოკუმენტის გაცემის    თარიღი, ორგანიზატორის დასახელება, ბეჭედი და ხელმოწერა). 

  • ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის მონაწილეობა საქართველოში გამართულ რელევანტურ სტუდენტურ აქტივობებში, პროექტებში, გრანტებში,            კონგრესებში, საზაფხულო სკოლებში, პრაქტიკა/სტაჟირებაში და სხვა მონაწილეობა – ფასდება 1 ქულით;
  • ადგილობრივ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა  (საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო, დეპარტამენტის, ინსტიტუტის) მონაწილეობა – 2 ქულით;
  • საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა – ფასდება  3 ქულით;
  • ადგილობრივ/ეროვნულ    სამეცნიერო კონფერენციაში,  მათ  შორის, უნივერსიტეტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა – ფასდება 4 ქულით;
  • ხოლო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა – 5 ქულით.

აღსანიშნავია, რომ  ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ ქულების საერთ ჯამი აღემატება რომელიმე დადგენილ მაქსიმალურ ქულას, დამატებითი აქტივობები აღარ ჩაითვლება, ხოლო  კონფერენციაზე გამარჯვების/საპრიზო ადგილის აღების შემთხვევაში ორმაგდება კონფრენციაში მონაწილეობისთვის განსაზღვრული ქულა.

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე (ბოლო მონაცემებით):

კანდიდატთა შეფასება ხდება 100 ქულით, აქედან აკადემიური მოსწრება – 80 ქულა (სტუდენტს წინა სემესტრში უნდა ჰქონდეს დაგროვებული არანაკლებ 27 კრედიტი),  სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება – მაქსიმუმ 10 ქულა  და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა – მაქსიმუმ 10 ქულა;

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები ასე გამოიყურება:

1. სამეცნიერო ნაშრომი  (ქულა იყოფა თანაავტორთა რაოდენობაზე)

1.1. ნაშრომი იმპაქტ ფაქტორის მქონე (JCR) საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალში – 10 ქულა;

1.2. ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად (ISSN მქონე) ჟურნალში, რომელიც იძებნება GOOGLE SCHOLAR-ში – 5 ქულა;

1.3. ნაშრომი არარეფერირებად გამოცემაში, რომელიც იძებნება GOOGLE SCHOLAR-ში – 2 ქულა;

1.4. ნაშრომი საერთაშორისო ჟურნალში, რომელიც არ იძებნება GOOGLE SCHOLAR-ში – 1 ქულა

1.5.  ნაშრომი ადგილობრივ სამეცნიერო გამოცემებში 1 ქულა;

 1.6.  ნაშრომი ადგილობრივ სამეცნიერო-პოპულარულ გამოცემებში 0.5 ქულა;

1.7.  საერთაშორისო კონფერენციის აბსტრაქტები/თეზისები – 1 ქულა;

1.8.  ადგილობრივი კონფერენციის აბსტრაქტები/თეზისები – 1 ქულა

2. სამეცნიერო კონფერენციები  (ქულა იყოფა თანაავტორთა რაოდენობაზე)

2.1.  ზეპირი მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – 10 ქულა; სასტენდო მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე – 5 ქულა;

2.2. ზეპირი მოხსენება საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე – მაქსიმუმ 5 ქულა; 2.2.1 კვლევითი: შეფასება მაღალი – 4-5 ქულა; შეფასება საშუალო –2-3 ქულა; შეფასება დაბალი – 0-1 ქულა

2.2.2 სამეცნიერო–რეფერატული: შეფასება მაღალი – 1.5 ქულა; შეფასება საშუალო – 1 ქულა; შეფასება დაბალი – 0-0.5 ქულა

2.3. სასტენდო მოხსენება საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაზე – 2.5 ქულა;

2.4. საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი – 5 ქულა;

2.5. ადგილობრივი სამეცნიერო სემინარი 2.5 ქულა ;

2.6. საუნივერსიტეტო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

2.6.1 I ადგილი 3 ქულა

2.6.2 II ადგილი – 2 ქულა

2.6. 3 III ადგილი – 1 ქულა

2.6.4 მონაწილეობა 0.5 ქულა

2.7.  ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენცია, – მაქსიმუმ 3 ქულა

2.7.1 ზეპირი მოხსენება: შეფასება მაღალი – 3 ქულა; შეფასება საშუალო – 1.5 ქულა; შეფასება დაბალი – 0.5 ქულა; თუ კომისიის მიერ შეფასება არ მომხდარა – 0.1

2.7.2 სასტენდო მოხსენება: შეფასება მაღალი – 1.5 ქულა; შეფასება საშუალო – 0.75 ქულა; შეფასება დაბალი – 0.25 ქულა; თუ კომისიის მიერ შეფასება არ მომხდარა – 0.05

სტუდენტურ შეჯიბრებებში მონაწილეობა, რანგის შესაბამისად, უტოლდება მოხსენებას.

იურიდიულ ფაკულტეტზე (ბოლო მონაცემებით):

100-ქულიანი სისტემის ფარგლებში სტუდენტის შეფასება ხორციელდება შემდეგი კომპონენტებით:  აკადემიური მოსწრება ფასდება მაქსიმუმ 95 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 26 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით;

სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ფასდება მაქსიმუმ 1 ქულით (მხედველობაში მიიღება წინა სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები);

სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა ფასდება მაქსიმუმ 4 ქულით (მხედველობაში მიიღება წინა სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).

იმ შემთხვევაში თუ :

  • კონფერენციის ორგანიზატორია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მონაწილეობა ფასდება  1 ქულით, ხოლო საპრიზო ადგილი (I, II, III ადგილი) 0,5;
  • კონფერენციის ორგანიზატორია – სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სხვა ორგანიზაცია – მონაწილეობა ფასდება  0,5 ქულა, ხოლო, საპრიზო ადგილი  (I, II, III ადგილი) – ასევე, 0,5;
  • საქართველოს ფარგლებს გარეთ მოხსენების გაკეთება უცხო ენაზე – ფასდება 1,5 ქულით;

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე (ბოლო მონაცემებით):

სტიპენდიის მინიჭების კრიტერიუმების 100-ქულიან სისტემაში  90 ქულა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას (რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წინა სემესტრში სასწავლო კურსებში (არანაკლებ 30 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით); ხოლო 10 ქულა იყოფა შემდეგნაირად:

  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება – ფასდება მაქსიმუმ  5 ქულით;
  • სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა – ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით  (ითვლება წინა სემესტრის აქტივობები).

აქვე განსაზღვრულია, რომ თუ კონკურსანტი სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა ან/და სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა თანამონაწილეობით, მისანიჭებელი ქულა გაიყოფა ყველა თანამონაწილის რაოდენობაზე. ამავე დროს, იდენტური თემით სხვადასხვა კონფერენციაში მონაწილეობა ან იდენტური ნაშრომის გამოქვეყნება განმეორებით სხვა გამოცემაში დამატებით არ შეფასდება.

სტუდენტის სამეცნიერო აქტივობები სტიპენდიის მინიჭებისას ფასდება განსხვავებული რანგირებით:

სამეცნიერი ნაშრომების გამოქვეყნების და წარდგენის შემთხვევაში. ქულები ნაწილდება შემდეგნაირად:

  • ქართულ გამოცემებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, რეფერირებადი ჟურნალი – 1 ქულა;   სამეცნიერო ნაშრომების კრებული (მშ. კონფერენცია) – 1 ქულა;
  • უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის, რეფერირებადი ჟურნალი – 2 ქულა;  სამეცნიერო ნაშრომების კრებული (მათ შორის კონფერენციების) – 1 ქულა;

სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო კონფერენციაში მონაწილეობა – 1,5 ქულა;
  • საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო კონფერენციაში გამარჯვება:

1 ადგილი  – 3 ქულა

2 ადგილი  – 2.5 ქულა

3 ადგილი  2 ქულა

  • საკათედრო კონფერენციაში მონაწილეობა, გამარჯვება – 1,5 ქულა
  • საქართველოში, თსუ-ის გარეთ ჩატარებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – მონაწილეობა, გამარჯვება – 0,5 ქულა;
  • უცხოეთში ჩატარებული სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია – მონაწილეობა, გამარჯვება – 2 ქულა;
  • თსუ-ში სტუდენტური პროექტების ფარგლებში ან სტუდენტების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მომაწილეობა  – 0,5 ქულა;
  • საპრიზო ადგილის მოპოვება – 0,75 ქულა; პირველი ადგილი – 1 ქულა;

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები მთლიანობაში ექვემდებარება საუნივერსიტეტო წესს. განსხვავებას ყოველ ჯერზე ადგენს სასტიპენდიო კომისია. ბოლო მონაცემებით, 80 პროცენტი ერგება აკადემიური მოსწრებას, 10 სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას, ხოლო 10 – სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობას.

სამეცნიერო აქტივობა (პუბლიკაციები)  ქულების მიხედვით შემდეგნაირად იშლება:

  • რეცენზირებად უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია / პრიზი საერთაშორისო გამოფენაზე ან კინოფესტივალზე (კინო-ტელე და სახვითი ხელოვნების სტუდენტებისათვის) – 5 ქულა;
  • საქართველოში გამოცემულ რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, პრიზი ადგილობრივ გამოფენაზე ან კინოფესტივალზე (კინო-ტელე და სახვითი ხელოვნების სტუდენტებისათვის) – 4 ქულა;
  • ჰუმანიტარული კვლევების სტუდენტურ წელიწდეულში გამოქვეყნებული პუბლიკაცია – 3 ქულა;
  • სხვა (კრებულები, თარგმანი, ჯგუფური გამოფენა, ტელე ან რადიო-სიუჟეტი, საგრანტო პროექტებში მონაწილეობა…) – 1 ქულა
  • ლიტერატურული ჟურნალები (მათ შორის ინტერნეტჟურნალები) – 1 ქულა;
  • საგაზეთო მასალები (მათ შორის ინტერნეტში) (მაქს. 2 ქულა) – 1 ქულა

სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა ბოლო სემესტრის  მანძილზე:

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; უცხოეთში გამართულ საერთაშო­რი­სო სტუდენტურ კონფერენ­ცი­ა­ზე წაკითხული მოხსენება; გამოფენა უცხო­ეთ­ში; მხატ­ვ­რულ ან დოკუმენტურ ფილმზე რეჟისორული ან ოპე­რა­ტო­რუ­ლი სამუ­შაო (კინო-ტელე და სახვითი ხელოვნების სტუდენტებისათვის) – 4 ქულა;
  • თსუ საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციებში გამარჯვება (I, II, III ადგილი); საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში (საქართველოში) მონაწილეობა, რეჟისორის/ოპერატორის ასისტენტობა   – 3 ქულა;
  • ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ან რეგიონულ სტუდენტურ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; თსუ ყოველწლიურ საუნივერსიტეტო სტუდენტურ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; საფაკულტეტო სტუდენტურ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; ადგილობრივი პერსონალური გამოფენა, კლიპი (კინო-ტელე და სახვითი ხელოვნების სტუდენტებისათვის) –  2 ქულა;
  • სხვა სტუდენტურ კონფერენციაზე წაკითხული მოხსენება; ადგილობრივი ჯგუფური გამოფენა (კინო-ტელე და სახვითი ხელოვნების სტუდენტებისათვის) – 1 ქულა.

მედიცინის ფაკულტეტზე

სასტიპენდიო მოთხოვნები ანალოგიურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესისა (80+20), სადაც 80 პროცენტი განკუთვნილია  აკადემიურ მოსწრებაზე, 10 სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებაზე, ხოლო 10 – სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობაზე. განსხვავებული კრიტერიუმები ამ ფაკულტეტზე არ მოქმედებს.

Facebook
Twitter
LinkedIn