როგორ იხსენებენ პროფესორ ამირან გაგნიძეს მისი აღზრდილები

თარიღი: 2022-10-17 20:32:15

5 ოქტომბერს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გამორჩეული პროფესორი – ამირან გაგნიძე გარდაიცვალა.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1992 წ), პროფესორი ამირან გაგნიძე 1936 წელს დაიბადა. დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1960-1966 წწ), მოსახლეობის მოთხოვნისა და ვაჭრობის კონიუქტურის შესწავლის საკავშირო ს/კ  ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1965 წლიდან საათობრივი ანაზღაურების წესით მუშაობდა თსუ-ის ვაჭრობისა და მატერიალურ ტექნიკური მომარაგების ეკონომიკის კათედრაზე, 1977 წლიდან მუშაობდა თსუ-ში დოცენტად, შემდეგ პროფესორად, ჯერ კომერციის ფაკულტეტზე, ხოლო შემდგომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. 1996 წლიდან იყო სადისერტაციო საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს სწავლული მდივანი. მუშაობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. ჰქონდა გამოქვეყნებული 70 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 10-მდე ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელო, ლექციების კურსი. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 7 საკანდიდატო დისერტაცია, 12 სამაგისტრო ნაშრომი. იყო 10-მდე საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი, რამოდენიმე სახელმძღვანელოს რედაქტორი და რეცენზენტი. 2009 წლიდან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გავიდა პენსიაზე.

,,ბატონ ამირანს სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ. ის მესამე კურსზე სპეციალობის ერთ-ერთ საგანს გვასწავლიდა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ამირანს ახალგაზრდებთან ურთიერთობის კარგი უნარი ჰქონდა. ალბათ ამიტომ არ მახსენდება ლექცია-სემინარებზე მისი ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა. მისი სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი დადებითად მოქმედებდა აუდიტორიაზე – სტუდენტები მშვიდად იყვნენ და ხელს არ უშლიდნენ არც ერთმანეთს და არც პედაგოგს მუშაობის პროცესში.

ბატონი ამირანი თავისი შრომისმოყვარეობით ჩვენზე დადებითად მოქმედებდა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ფაკულტეტზე აქტიურად მუშაობდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე, რომლის სხდომებზეც სტუდენტები მოხსენებებს ვაკეთებდით ეკონომიკის პრობლემურ საკითხებზე. ერთ-ერთ სხდომაზე, ბატონ ამირანის ხელმძღვანელობით, მეც გავაკეთე მოხსენება. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაწვრილებით ამიხსნა მან ლიტერატურის მოძიების და დამუშავების წესი, საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისა და  დადასტურების საჭიროება. ამის გამო მე მისი მადლობელი ვიყავი ყოველთვის.

ბატონი ამირანი იყო ძალიან კარგი კოლეგა. ის ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა მას, ვისაც სჭირდებოდა.  უნდა ითქვას, რომ ბატონმა ამირანმა ბოლომდე შეინარჩუნა დადებითი თვისებები.  კოლეგებს, აღზრდილებს ის ყოველთვის გაახსენდებათ როგორც შრომისმოყვარე და კეთილმოსურნე პროფესორი, რომელიც არასოდეს არ კარგავდა ზომიერების გრძნობას. უფალმა დაამკვიდროს მისი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, – წერს თავის მოგონებაში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი ბაბულია (დოდო) მღებრიშვილი.

Facebook
Twitter
LinkedIn