ილია ვეკუას და არზაყან ემუხვარის სტიპენდიები თსუ-ის სტუდენტებს მიენიჭათ
მიმდინარე წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულმა კომისიამ დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2022-2023 სასწავლო წლის 3 სტიპენდიატი გამოავლინა;
ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტს – დავით მელიქიძეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს – გოგი კეჟერაძეს.
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტს – ნინო ბიგვავას.
დავით მელიქიძე ჯერ ბაკალავრიატის მეხუთე სემესტრის სტუდენტი და მომავალი პროგრამისტია. მას მაღალი აკადემიური მოსწრებების და სამეცნიერო კონფერენციებზე აქტიური მონაწილეობისთვის, რომელზე წარდგენილი მოხსენებებიც, ძირითადად, მატრიცებსა და ხელოვნურ ინტელექტს შეეხებოდა, რეკომენდაცია ლექტორებმა გაუწიეს. იგი განსაკუთრებით მადლიერია თსუ-ის პროფესორების – ალექსანდრე გამყრელიძისა და ალექსანდრე აპლაკოვისა, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ სტუდენტებთან. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის ის სასწავლებელია, რომელმაც ჩემი აქამდე გაწეული შრომა დააფასა და საშუალება მომცა მიმეღო სტიპენდია. ჩემი ლექტორების რეკომენდაციებმა კიდევ მეტი პასუხისმგებლობა შემძინა და მომავალში აქტიური მუშაობის სტიმული მომცა. ვეცდები, კიდევ მეტი წარმატებისთვის ვიშრომო“, – თქვა დავით მელიქიძემ.
გოგი კეჟერაძის თქმით, ამ სტიპენდიის მიღება მისთვის დიდი პატივია და ძალიან დიდ სტიმულს აძლევს მომავალ საქმიანობაში. ნაშრომები, რომელიც მან საკონკურსოდ წარადგინა, თსუ-ის ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ჟურნალში პროფესორ თეიმურაზ ახობაძის ხელმძღვანელობით გამოაქვეყნა. „მადლობა მინდა გადავუხადო როგორც ჩემს ხელმძღვანელს, ასევე ქალბატონ ნინო ტყეშელაშვილს, რომელმაც გვაცნობა კონკურსის თაობაზე და შესაძლებლობა მოგვცა სტიპენდიის მიღებისა. ჩემთვის საამაყოა, რომ უდიდესი მათემატიკოსის სტიპენდია მომენიჭა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კომისიამ სწორედ ჩემი ნაშრომები შეარჩია. ზოგადად, საგულისხმოა, რომ სამივე სტიპენდია თსუ-ის სტუდენტებზე გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი და, კონკრეტულად, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ზრუნავს ჩვენს წახალისებაზე. ამ სტიპენდიამ მომავალი სამეცნიერო საქმიანობისთვის დიდი სტიმული მომცა“, – გვითხრა გოგი კეჟერაძემ.
რაც შეეხება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდიატს – ნინო ბიგვავას, მისი კვლევითი ინტერესები სწორედ აფხაზეთს შეეხება და სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისა და კონფლიქტის მეხსიერების ფორმირების შესახებ ნაშრომის გამო გადაეცა. „ჩემი ძირითადი საქმიანობა – იქნება ეს კვლევითი თუ სხვა ტიპის აქტივობა, სრულადაა დაკავშირებული აფხაზეთთან. ვცდილობ, მუდმივად ვწერო და ვისაუბრო ჩემს კუთხეზე. ამიტომაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე გადავწყვიტე ჩაბარება. ამ წლის აპრილის თვეში ჟურნალში „პოლიტიკა“ გამოვაქვეყნე სტატია, რომელიც შეეხებოდა აფხაზეთის კონფლიქტის მეხსიერების ფორმირებას. ვთვლი, რომ მეხსიერება არის სწორედ ის, რაც გვანარჩუნებინებს ჩვენს კუთხეს და გვაძლევს სტიმულს – აღვადგინოთ ორ მხარეს შორის ჩატეხილი ხიდი. აღნიშნული სტატიის საფუძველზე მოხდა სწორედ თსუ-ის მიერ ჩემი წარდგინება სტიპენდიაზე. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის 2022-2023 წლის სტიპენდიატი და ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს. მსგავსი შესაძლებლობები მაძლევს უდიდეს სტიმულს, რომ მეტად ვიშრომო და კიდევ ფართოდ წარმოვადგინო ჩემი სანუკვარი აფხაზეთი“, – გვითხრა ნინომ.
ცნობისთვის: აკადემიკოს ილია ვეკუას, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, 2016-2017 წლიდან დაწესდა. გამარჯვებულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ყოველწლიურად ავლენს. პრემიები განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ.