ეკატერინე შენგელიას აქცენტები სამოქალაქო კოდექსის მიღების მნიშვნელობასა და ძირითად თავისებურებებზე

თარიღი: 2022-10-10 18:43:27

სამოქალაქო სამართლის მატერიალური და პროცესუალური ნორმების და კერძო სამართლის სხვა დარგების საკანონმდებლო აქტების შეფარდება-გამოყენების საკითხები, კერძო სამართლებრივი ნორმების განმარტების მეთოდები, ნორმების გამოყენებისა და განმარტების პრობლემები საზღვარგარეთის ქვეყნებში და პოსტსაბჭოური სახელმწიფოების კანონმდებლობაში – აღნიშნული საკითხები განიხილეს საერთაშორისო-პრაქტიკულ კონფერენციაზე – „კანონისა და ხელშეკრულების გამოყენება და განმარტება“. კონფერენცია ყაზახეთის ძველ დედაქალაქში ალმაატაში გაიმართა. სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმის მუშაობაში საქართველოდან იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნოტარიუსი ეკატერინე შენგელია მონაწილეობდა. კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა და პრაქტიკოსებმა შუა აზიის სახელმწიფოებიდან, გერმანიიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან და საბერძნეთიდან.

„ჩემი მოხსენების თემა იყო ,,დისპოზიციური ნორმების  გამოყენების ზოგიერთი საკითხი ქართულ სამოქალაქო კანონმდებლობაში.’’ ყურადღება გავამახვილე გასული საუკუნის ბოლოს საქართველოში განხორციელებული კოდიფიკაციის შედეგად სამოქალაქო კოდექსის მიღების მნიშვნელობასა და ძირითად თავისებურებებზე.

საქართველომ ხომ თავის ისტორიაში პირველად მიიღო დასავლეთის განვითარებული ქვეყნების მიღწევების გათვალისწინებით კერძო საკუთრებისა და ხელშეკრულების თავისუფლებაზე დაფუძნებული სამოქალაქო კოდექსი, რომელიც მეწარმეთა შესახებ კანონთან ერთად საბაზრო მეურნეობის პრინციპების დანერგვისა და სამეწარმეო ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა გახდა. კონტინენტური ევროპის ქვეყნების კერძოსამართლებრივი მიღწევები,  პოსტკომუნისტური ბევრი ქვეყნის კანონმდებლობისაგან განსხვავებით, წარმატებით იქნა გათვალისწინებული ყაზახეთის კანონმდებლობაშიც, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით თსუ-ის პროფესორს ლადო ჭანტურიას და თსუ-ის საპატიო დოქტორს, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორს როლფ კნიპერს.

მიუხედავად ჩვენი ქვეყნების ცივილური კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა, მოხსენებაში ასევე წარმოვაჩინე სამოქალაქო (საოჯახო) სამართლის დისპოზიციური ნორმების უფრო მეტად გამოყენების აუცილებლობის საჭიროება. საოჯახო სამართალში სამოქალაქო სამართლის სხვა ინსტიტუტებთან შედარებით იმპერატიული ნორმები ფართოდ გამოიყენება. რაც უფრო მეტად იქნება დისპოზიციური ნორმები კერძო სამართალში გამოყენებული, მით უფრო მეტად გახდება მხარეთა შორის შეთანხმება მათი ინტერესების გამომხატველი. ეს კი ხელს შეუწყობს სამოქალაქო სამართლებრივი ნორმის სწორ ახსნა-განმარტებას და გამოყენებას. ასეთი დასკვნის გაკეთება განპირობებულია ქორწინების ცნებაში შეთანხმების ელემენტების მნიშვნელობით, საალიმენტო შეთანხმების ინსტიტუტის ფართოდ დანერგვისა და საქორწინო კონტრაქტის, როგორც მეუღლეთა შორის ქონებრივი უფლება-მოვალეობების განაწილების, ძირითად მექანიზმად მიჩნევის აუცილებლობით“, – განმარტა ეკატერინე შენგელიამ.

კონფერენციის მასპინძლები იყვნენ: კასპიის საზოგადოებრივი უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება; ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟი და იურიდიული ფირმა ,,ზანგერი’’. მოდერატორობა გასწია არბიტრაჟის თავმჯდომარემ და ინსტიტუტის დირექტორმა და ყაზახეთის ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ცნობილმა ცივილისტმა, პროფესორმა მაიდან სულეიმენოვმა.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის საორგანიზაციო საბჭო განხილული მოხსენებების კრებულის გამოცემას წლის ბოლომდე გეგმავს. კონფერენციის მასალების შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია-სემინარებზე მიეწოდება. გამოქვეყნების შემდეგ კი კრებული სპეციალური შესწავლის საგანი გახდება. „ალმაატის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქართული კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის სრულყოფის პრობლემებზე ჩემი სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ნაყოფიერად წარმართვისათვის“, – აღნიშნა ეკატერინე შენგელიამ.

Facebook
Twitter
LinkedIn