თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 20 ოქტომბერს აირჩევს

თარიღი: 2022-10-10 17:49:20

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის დღედ 20 ოქტომბერი გამოცხადდა.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების თანახმად, კანდიდატებს განაცხადების წარდგენა 10 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ. აკადემიური საბჭო საკონკურსო განცხადებებს 19 ოქტომბრამდე განიხილავს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ  არაუმეტეს  რექტორის  მოვალეობის  შემსრულებლის არჩევიდან 6 თვისა.

რექტორისმოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საკონკურსო განაცხადები მიიღება მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:  chancellery@tsu.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე)  2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

ვ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე თსუ-ის  აკადემიურმა საბჭომ დადგენილება 10 ოქტომბერს მიიღო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს უფლებამოსილება 15 ოქტომბრიდან შეუწყდება. გიორგი შარვაშიძემ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს გადადგომის თხოვნით 7 ოქტომბერს  მიმართა.

Facebook
Twitter
LinkedIn