,,თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” –  მე-8  რეგიონული კონფერენცია

თარიღი: 2022-10-07 18:38:35

ინსულტის დარგში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მკვლევრები და პრაქტიკოსები დასავლეთ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ისრაელიდან, საქართველოსა და სამეზობელო ქვეყნებიდან  შეიკრიბნენ  მე-8  რეგიონულ კონფერენციაზე  ,,თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა”. კონფერენცია ინსულტის მსოფლიო ორგანიზაციის (World Stroke Organization, WSO) ეგიდით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

„ეს არის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც თბილისში ვესწრები.  ჩვენ ბოლო 20 წელია თვალს ვადევნებთ, თუ როგორ ვითარდება ეს დარგი საქართველოში, კოლოსალური სამუშაოა გაწეული საქართველოს ინსულტის ასოციაციის მხრიდან. ბევრი რამ განვითარდა ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, რაც ძალიან დიდი შრომის შედეგია“, – განაცხადა ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბო ნორვინგმა საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობის შეფასებისას.

კონფერენციის მაღალი რანგის დასტურია WSO-ს და ევროპის ინსულტის ორგანიზაციის ჩართულობა. შეხვედრის ძირითადი მიზანია ინსულტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე სამეცნიერო კონცეფციებისა და პრაქტიკული მოსაზრებების გაცვლა. შეხვედრის სამიზნე აუდიტორიაა ნეირომეცნიერები, ნევროლოგები, ინსულტის სპეციალისტები, ასევე ნეიროქირურგები, სისხლძარღვთა ქირურგები, რადიოლოგები და ზოგადი პრაქტიკოსები.

„ჩვენ დავიწყეთ 2000 წელს და, საბედნიეროდ, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ თბილისი ჩანიშნულია ინსულტის საერთაშორისო კონფერენციების რუკაზე, როგორც ადგილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრესტიჟული კონფერენციისა.  კონფერენციის პროგრამაც ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ის არ არის მხოლოდ სამეცნიერო კვლევის პროფილის, აქ ძალიან დიდია საგანმანათლებლო ნაწილიც, შესაბამისად, საინტერესოა რეზიდენტებისთვის, სტუდენტებისთვის და, ცხადია, პროფესიონალი ექიმებისთვისაც.  ამ კონფერენციის ჩატარება ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ექიმების განათლებასაც, მათ შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ახალი ცოდნა – ჩვენ ვსწავლობთ პრევენციას, სწორ ადეკვატურ პრევენციას და გარდა ამისა, ვსწავლობთ მკურნალობის ძალიან ეფექტიან საშუალებებს… მე ვგულისხმობ  ახალგაზრდა  ექიმებს, რომლებსაც ახალი ცოდნა ძალიან დაეხმარება ამ ძალიან მძიმე დაავადების – ინსულტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო კონფერენციის „ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა” დამფუძნებელმა ალექსანდრე ცისკარიძემ.

ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა, როგორც სიკვდილიანობის მეორე ძირითადი მიზეზი მსოფლიოში და ასევე, ხშირ შემთხვევაში, ზრდასრულებში ინვალიდობისა და გრძელვადიანად შესაძლებლობის შეზღუდვის წინაპირობა, რაც უდავოდ ფართო საზოგადოების დიდ ყურადღებას და შეშფოთებას იწვევს. დაავადების პრობლემა უკიდურესად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში, სადაც ეს დაავადება სიკვდილობის და ავადობის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. სწორედ აღნიშნულ კონტექსტში შეაფასეს საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია კონფერენციაზე შეკრებილი სპეციალისტების რაოდენობა და კვალიფიკაცია, ისინი არიან საერთაშორისო მასშტაბის კლინიკოსები, მეცნიერები, რომლებიც ინსულტის პრევენციისა და მკურნალობის საკითხებზე მუშაობენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა თბილისში იმართება“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

„ეს კონფერენცია არის კიდევ ერთი საშუალება სამეცნიერო ურთიერთობების გაფართოებისა და სამეცნიერო კვლევით გზაზე Horizon Europe ჩარჩო პროგრამის ფარგლებში ახალი კონსორციუმების ჩამოყალიბებისა“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

მე-8  რეგიონული კონფერენცია ,,თბილისი 2022: ინსულტის პრევენცია, დიაგნოსტიკა და მკურნალობა”  შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და საქართველოს ინსულტის ასოციაციის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.

Facebook
Twitter
LinkedIn