თსუ-ში ახალი სტუდენტური კლუბი – „სივრცე 037“ – დაფუძნდა
„სივრცე 037“ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა დააარსეს. მასში გაწევრიანება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტს შეუძლია. დამფუძნებლები საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას გეგმავენ.
კლუბის წევრების ორგანიზებით, ამ დროისთვის, უკვე მიმდინარეობს იურისტთა მინი საფეხბურთო ლიგის ჯგუფური ეტაპები. ლიგაში 16 გუნდი მონაწილეობს. საფეხბურთო მატჩები თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში მდებარე სტადიონზე იმართება.
„სივრცე 037“ დავაარსეთ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა და მისი კარი ყველასთვის ღიაა. იდეა რამდენიმე სტუდენტს დაგვებადა, როდესაც 037 აუდიტორიაში ვისხედით ერთ-ერთი ივენთის დროს. მიზანი მარტივია – სტუდენტური ცხოვრება თავად სტუდენტებმა უნდა შევქმნათ. უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია კონკრეტული თანხა სტუდენტური პროექტებისთვის, რომლის გამოყენებაც საკუთრი იდეის რეალიზებისთვის ყველა სტუდენტს შეუძლია. ბევრმა ეს არ იცის.
ყველა კრეატიული და საინტერესო იდეის მქონე სტუდენტი მოვა სივრცე 037-ში, სადაც დახვდებიან უკვე გამოცდილი სტუდენტები და ერთად აქცევენ იდეას რეალურ პროექტად. ეს გააცოცხლებს სტუდენტურ მუხტს. დაგეგმილია უამრავი სპორტული, კულტურული, გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობა; იმიტირებული პროცესები, კინოჩვენებები, საქველმოქმედო აქტივობები. ახალ წელს ვაპირებთ უსახლკარო ბავშვების დახმარებას. ვთანამშრომლობთ სისხლის ბანკთან და ჩვენი ორგანიზებით, საჭიროების შემთხვევაში, შევძლებთ უამრავი ადამიანის აქციაში ჩაბმას ფულადი დახმარების ან დონორად ქცევის მიზნით. ვგეგმავთ სტუდენტურ დღეებსაც, რომელსაც თავიდან ბოლომდე პროგრამულად გაწერენ, გააფორმებენ, ორგანიზებას გაუწევენ ჩვენი მოხალისე სტუდენტები. ველოდებით და ვთანამშრომლობთ უკვე რამდენიმე სპონსორთან. სივრცე გამოჩნდება სოც ქსელებში.
მიზანი, გარდა ჩვენი დაგეგმილი პროექტების გავრცელებისა და სტუდენტების ინფორმირებისა, უნივერსიტეტის პიარი და პოპულარიზაციაა, რათა, სტუდენტური ცხოვრების კუთხით, თსუ მომავალი სტუდენტებისთვის სასურველ და მიმზიდველ გარემოდ ვაქციოთ.
დავეხმარებით თსუ-ის სტუდენტებს თავიანთი სტარტაპების გარეკლამებაშიც. მოკლედ, გეგმები დიდია. ველოდებით ყველა სტუდენტს ჯანსაღი, კრეატიული, საინტერესო იდეით. აქვე მადლობა იურიდიულ ფაკულტეტს და მის დეკანს, რომელმაც ყველანაირი გარემო შეგვიქმნა ,,სივრცე 037”-ის დაარსებისთვის და ფუნქციონირებისთვის და, ასევე, აკადემიურ პერსონალს, თსუ-ის ადმინისტრაციას, რომელიც გვერდში უდგას კლუბს“, – აღნიშნა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, „სივრცე 037“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საბა ბასილაძემ.