სტუდენტთა  ჯგუფებთან  პრობლემებზე კონსულტაციები  და  ერთობლივი მუშაობა გრძელდება

თარიღი: 2022-09-28 16:49:29

სტუდენტურ ჯგუფებთან, რომლებიც ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას რიგი საკითხების მოგვარებისკენ მოუწოდებდნენ, მოლაპარაკების ფორმატში საუბრები დღემდე გრძელდება.

,,სტუდენტთა ჯგუფთან ბოლოს აგვისტოს თვეში გქვონდა კომუნიკაცია. მანამდე ფინანსური გამჭვირვალობის საკითხზე ყველა დეტალი გავიარეთ და რადგან დამატებითი კითხვები აღარ გაჩნდა, ეს საკითხი ამოვწურეთ, შევთანხმდით, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მუშაობის პროცესში სურვილის შემთხვევაში ისინიც ჩაერთვებოდნენ.  რექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით სტუდენტებმა გვითხრეს, რომ სტუდენტებში სურდათ გამოკითხვის ჩატარება  და გვთხოვეს ჩვენი რესურსით დახმარება,  რაზეც თანხმობა გამოვთქვით. რაც შეეხება ახალ სტუდენტურ საცხოვრებელს, ჩვენი რესურსით, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე შეგვიძლია, არის ის, რომ ბაგების საერთო საცხოვრებელში სამზარეულო სივრცეებს ვქმნით და სველ წერტილებს ვარემონტებთ. ეს პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. სატენდერო პროცედურების გამო სარემონტო სამუშაოები დროში ცოტა გაიწელა, თუმცა, ვფიქრობ, მალე დასრულდება.

როგორც აგვისტოს თვეში სამხარაულის ეროვნული ბიუროს მხრიდან დამატებით ჩატარებულმა დასკვნამ ცხადყო, ბაგების საერთო საცხოვრებლის სრული რეაბილიტაცია არარენტაბელურია, ის დაჯდება გაცილებით ძვირი, ვიდრე მისი, პირობითად, დანგრევა და ახლიდან აშენება. შესაბამისად, მისი სრული რეაბილიტაციისთვის ფინანსების გამოყოფა სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ არ გვირჩია და მეორეც – ამის ფინანსური საშუალება უნივერსიტეტს, სამწუხაროდ, არ აქვს. შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით ამ გზას და თუკი ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი დადებითად გადაწყდება, ეს ყველასთვის კარგი იქნება. ახლანდელი დაფინანსების პირობებში უნივერსიტეტს მეტის გაკეთება არ შეუძლია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ ინვესტორის დაფინანსებით ან უნივერსიტეტის კონკრეტული ქონების ჩანაცვლების გზით განვახორციელოთ ეს პროცესი სახელმწიფოსთან შეთანხმებით. მოლაპარაკება, როგორც შესაბამის უწყებებთან, ისე დაინტერესებულ პირებთან მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ ამ წლის განმავლობაში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს – თუ რა გზით განხორციელდება ახალი საერთო საცხოვრებლის მოწყობა. ეს პრობლემა, ბუნებრივია, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აწუხებს.  მიმდინარე წელს სწავლა დაიწყო ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბინის ქირის გაძვირება ყველას შეეხო და სტუდენტების სასარგებლოდ საერთო საცხოვრებლის საკითხის მოგვარება, ალბათ,  ყველას გვმართებს“, – აღნიშნა თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ ჩვენთან საუბრისას. 

ცნობისთვის: ახალი სასწავლო წლიდან გამოცხადებული რეგისტრაციის საფუძველზე ლისის საერთო საცხოვრებელში თავისუფალი ადგილი აღარ არის დარჩენილი და ის სრულად ათვისებულია. 

Facebook
Twitter
LinkedIn