ქართული ნუმიზმატიკის კატალოგს ნუმიზმატთა XVI საერთაშორისო კონგრესზე ვარშავაში ცალკე სექცია მიეძღვნა
11-16 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა ნუმიზმატთა XVI საერთაშორისო კონგრესი, რომელზეც პირველად ამ კონგრესების ისტორიაში ცალკე სექციად იყო წარმოდგენილი ქართული ნუმიზმატიკა.
სექციას თავმჯდომარეობდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თედო დუნდუა.
ქართული ნუმიზმატიკა, როგორც სამონეტო საქმე საქართველოში, ძვ. წ. VI საუკუნიდან იღებს სათავეს, ხოლო ქართული ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერება კონკრეტული სამონეტო საქმის შესახებ – XIX საუკუნის შუა ხანებიდან. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა როგორც ცალკეული სამონეტო ჯგუფების გამოვლენის, ასევე – ძირითადი ნუმიზმატიკური ნარატივის გამართვის კუთხით, მაგრამ ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ეს ხარვეზი შეივსო 2013-2015 წლებში „ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგის“ სახით. პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დააფინანსა.
ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ კატალოგი http://geonumismatics.tsu.ge/public/home/ge ფუნდამენტური ნაშრომია, რომელიც მოგვითხრობს საქართველოში მოჭრილ მონეტებზე და ქვეყნის ფულად მიმოქცევაში ჩართულ უცხოურ ნუმიზმატიკურ ძეგლებზე. კატალოგის საერთაშორისო აღიარებაზე მეტყველებს მისი განთავსება ამერიკულ ელექტრონულ ჟურნალში http://ancientworldonline.blogspot.com/…/online-english….
2021 წელს კატალოგის ბეჭდური ვერსია ათენში გამოიცა.
ცხადია, როგორც კატალოგს, ასევე, ქართულ სამონეტო ემისიებს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება. 2022 წლის ვარშავის კონგრესზე ქართული ნუმიზმატიკის სექციის გახსნა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.
კატალოგი XIX საუკუნის ოცდაათიან წლებამდე საქართველოში მოჭრილ ყველა ძირითად სამონეტო ჯგუფს მოიცავს. მათი ჩამონათვალი ასეთია: კოლხური თეთრი, ალექსანდრეს და ლისიმაქეს ტიპის სტატერების ქართული მინაბაძები, ბაგადატ ბიურატის ძის მონეტები, ე.წ. სავლაკის მონეტები, დიოსკურიის სპილენძის საქალაქო მონეტები, ვანში მოჭრილი სპილენძის ანონიმური მონეტები, არისტარქე კოლხის დრაქმა, ტრაპეზუნტის სპილენძის საქალაქო მონეტები, რომაული ფულის იბერული მინაბაძები, ქართულ-სასანური დრაქმები, თბილისში მოჭრილი არაბული დირჰემები და მათი იმიტაციები, ქართულ-ბიზანტიური მონეტები, ქართული საკრედიტო ფული (XII საუკუნე-XIII საუკუნის ოციანი წლები), ქართველ მეფეთა მონეტები XIII-XIV საუკუნეებში, მონღოლური საოკუპაციო მონეტები, XIII-XV საუკუნეების დასავლურქართული ფული, XV-XVI საუკუნეების ქართველ მეფე-მთავართა მონეტები, XVII-XVIII საუკუნეების საოკუპაციო მონეტები, ქართველ მეფეთა მონეტები XVIII საუკუნეში, 1804-1834 წლებში თბილისში მოჭრილი რუსულ-ქართული მონეტები.
კონგრესზე საინტერესო მოხსენებები წარადგინეს თედო დუნდუამ („სამონეტო საქმე საქართველოში. ზოგადი მიმოხილვა – ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული ონლაინ-კატალოგის პრეზენტაცია“), ნათია ფიფიამ („სამონეტო ტიპები საქართველოში და ბერძნულ-რომაული სამყარო“), ლერი თავაძემ („სამონეტო ტიპები საქართველოში და ბიზანტიური სამყარო“) და ევგენი ჭანიშვილმა („ქართული ნუმიზმატიკის კატალოგის მიღმა – ახალი სამონეტო აღმოჩენები საქართველოში“).