სტუდენტებს ყველა საჭირო ინფორმაციას სასწავლო, ადმინისტრაციული და სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით „თსუ ასისტენტი“ მიაწვდის
თსუ-ში ახალი პროექტი „თსუ ასისტენტი“ დაიწყო. ასისტენტის მხარდაჭერა გულისხმობს – მიაწოდოს სტუდენტებს ყველა საჭირო ინფორმაცია სასწავლო, ადმინისტრაციული და სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით, ასევე, დაეხმაროს მათ საუნივერსიტეტო აქტივობებისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრაში. პროექტს უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი ახორციელებს.
„ასისტენტი მოისმენს რა თქვენს საჭიროებებს, დაგეხმარებათ საკითხის გადაწყვეტაში, თუკი ეს საკითხი შეხებაში იქნება ცენტრთან და მის კომპეტენციასთან. იმ შემთხვევაში, თუ საკითხი შეეხება სხვა სამსახურს, გიჩვენებთ სწორ გზას, თუ სად მიიღებთ პასუხებს“, – აცხადებს უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი.
თსუ-ის ასისტენტისგან კონსულტაციის მიღების სურვილის შემთხვევაში სტუდენტებმა სპეციალური ფორმა – https://forms.gle/DAQFj2TSDKbc1TjMA – უნდა შეავსონ. რეგისტრაციის შემდგომ განაცხადზე პასუხი, მაქსიმუმ, 3 დღის ვადაში იგზავნება. შეხვედრის ჩანიშვნა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ სამუშაო დღეს 12:00 სთ-ზე (ჭავჭავაძის 1. თსუ I კორპუსი. ჩაის სახლის შენობის მეორე სართული).
გიორგი გრიგოლაშვილი: ჩვენ არა მარტო კარიერული განვითარების, არამედ სტუდენტური სერვისების ცენტრიც ვართ. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა მისთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოს მაქსიმალურად მოკლე დროში, იცოდეს – ამა თუ იმ პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში, ვის მიმართოს და როგორ მოიქცეს.
,,ავიღეთ სამი სფერო – სასწავლო, ადმინისტრაციული და სტუდენტური ცხოვრების მიმართულება, რადგან სტუდენტების მხრიდან დასმული შეკითხვები სწორედ ამ თემებს ეხება. სასწავლო საკითხთან დაკავშირებით მივცემთ სწორ რეკომენდაციებს – როგორ დაგეგმოს პირადი აკადემიური კალენდარი, როგორ უნდა შეასრულოს კრედიტების მიღების გეგმა, რაც კვალიფიკაციის მიღებისთვის სჭირდება. მივაწვდით ინფორმაციას აკადემიური თუ ადმინისტრაციული რეგისტრაციის სწორად წარმართვის თაობაზე და ა.შ. სტუდენტურ ცხოვრებას რაც შეეხება, ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს სფერო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა სტუდენტებს ზოგჯერ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ დაუკავშირონ თავისი ინტერესები უნივერსიტეტში მიმდინარე აქტივობებს. ჩვენი მიზანია ვუბიძგოთ მათ, შეაღონ სწორი კარი. მინდა გითხრათ, რომ მესამე დღეა, რაც „თსუ ასისტენტი“ მუშაობს და უკვე არაერთი განაცხადი მივიღეთ, რომელთა ნაწილს უკვე დავეხმარეთ პრობლემის მოგვარებაში, ნაწილი დამუშავების პროცესშია“, – განმარტა თსუ-ის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გრიგოლაშვილმა.