არაბულ-ქართული ლექსიკონის შედგენაზე თსუ-ის მაგისტრანტი მუშაობს

თარიღი: 2022-09-24 13:05:58

ლადო ზირაქაშვილი თსუ-ის არაბისტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. მას მიზნად აქვს დასახული, შეადგინოს დიდი არაბულ-ქართული ლექსიკონი და უფრო მეტიც – ამ სამუშაოს უდიდესი ნაწილი მას უკვე შესრულებული აქვს. ამ ასაკში არაბულ-ქართული ლექსიკონის შედგენა, მისი მხრიდან, მეტად გაბედული და ამბიციური ნაბიჯია. მან საქართველოში მიღებულ ცოდნას ეგვიპტესა და ქუვეითში შეძენილი გამოცდილებაც დაუმატა და ახლა შემართებით მუშაობს ამ დიდ პროექტზე.

გვესაუბრება მაგისტრანტი ლადო ზირაქაშვილი

ქართული არაბისტიკის სამეცნიერო სკოლა მდიდარია დარგისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის ნაშრომებით, როგორც ენათმეცნიერებაში, ისე ისტორიასა და ლიტერატურაში. ქართული არაბისტიკის მესაძირკვლემ, აკადემიკოსმა გიორგი წერეთელმა იმთავითვე განსაზღვრა სკოლის მაღალი საერთაშორისო სამეცნიერო სტანდარტი, რომელიც თაობების შემდეგაც უწყვეტად გრძელდება. ჩვენთან ხელშესახებად იგრძნობა ის ძლიერი ტრადიცია, რომელსაც დღეს ჩემი მასწავლებლები აგრძელებენ. ქართული არაბისტიკის სამეცნიერო საზოგადოება დღემდე ქმნის დარგისთვის საერთაშორისო სტანდარტების პროდუქტს.

მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული, არაბული ენათმეცნიერების თითქმის ყველა საკითხი ქართულ არაბისტიკაში ღრმად მუშავდება, ლექსიკოგრაფია მხოლოდ რამდენიმე ნაშრომით არის წარმოდგენილი.

პირველი არაბულ-ქართული ლექსიკონი 1951 წელს გიორგი წერეთელმა შეადგინა მისი ავტორობით გამოცემული არაბული ქრესტომათიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლექსიკონი მოცულობით მცირეა, მასში ზუსტად არის განსაზღვრული არაბულ-ქართული ლექსიკოგრაფიის ძირითადი პრინციპები. მას შემდეგ გიორგი წერეთლის შრომა, ამ მხრივ, წლების განმავლობაში არ გაგრძელებულა, ლექსიკონი არ შევსებულა. 2005-2007 წლებში ნუნუ ბეროზაშვილის მიერ შედგენილი ქართულ-არაბული დიპლომატიური ლექსიკონითა და არაბულ-ქართული პოლიტიკურ-დიპლომატიური ლექსიკონით გაგრძელდა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნით შეწყვეტილი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ნუნუ ბეროზაშვილის ლექსიკონები დარგობრივია და მათი მოცულობაც არ არის დიდი, ისინი მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქართული არაბისტიკისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა საქართველოსა და არაბულ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დღითიდღე აქტიურდება. დიპლომატიური ლექსიკონების  შემდგომ, 2011 წელს გამოიცა მაია ანდრონიკაშვილის, ნინო ანთიძე-კახიანისა და დარეჯან გარდავაძის ავტორობით შედგენილი ლექსიკონი თანამედროვე არაბული ენის საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოსთვის. ლექსიკონი თანამედროვე არაბული ენის სახელმძღვანელოს ლექსიკას მოიცავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გვაქვს ფართო გამოყენების არაბულ-ქართული ლექსიკონი, რომელიც დარგით ღრმად დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობას მისცემს – სრულყოფილი აკადემიური ინფორმაცია მიიღოს არაბულ ლექსემათა მნიშვნელობების შესახებ. ამ დანაკლისს, პირველ რიგში, სტუდენტები გრძნობენ, განსაკუთრებით, ბაკალავრიატის საფეხურზე. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ევროპულ ენებზე შედგენილი არაბული ენის ფუნდამენტური ლექსიკონები, მათი გამოყენებაც გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული. როგორც მე მინახავს, სტუდენტებს არაბული სიტყვის, მაგალითად, ინგლისური ეკვივალენტის თარგმნა შემდეგ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონებში უწევთ. ეს პროცესი, ხშირ შემთხვევაში, ხანგრძლივია და შედეგიც სიზუსტეს მოკლებულია. მანქანური თარგმანის გამოყენებით მიღებული შედეგი კი არაზუსტთან ერთად, ხშირად კომიკურ სახეს იღებს.

ბაკალავრიატის მესამე კურსზე, 2018 წელს არაბულ ქვეყანაში სასწავლო მიზნით ხანმოკლე ყოფნამ კიდევ უფრო მაგრძნობინა ლექსიკონის საჭიროება და სწორედ იქიდან დაბრუნებულმა ვცადე ამ საქმის დაწყება.

არაბული ენის სრულყოფილი კორპუსის არარსებობის გამო, თავიდანვე ცხადი იყო, რომ არაბულ-ქართული ლექსიკონი უნდა დაჰყრდნობოდა იმ უმდიდრეს ლექსიკოგრაფიულ გამოცდილებას, რაც არაბული ენისთვის არსებობს, როგორც არაბული განმარტებითი, ისე თარგმნითი ლექსიკონების სახით. თავიდანვე რთული აღმოჩნდა უხვი არაბული ლექსიკონებიდან ისეთის შერჩევა, რომელიც საფუძვლად დაედებოდა არაბულ-ქართულ ლექსიკონს. საჭირო იყო ანბანთრიგზე დალაგებული ძირები და მათი ძირითადი მორფოლოგიური ფორმები, რომლებიც შექმნიდა ლექსიკონის ჩონჩხს და, შემდგომ ეტაპზე, ეს ჩონჩხი შეივსებოდა სხვა მნიშვნელოვანი ლექსიკონების მონაცემებით. ასეთ საფუძვლად, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოიაზრებოდა არაბული განმარტებითი ლექსიკონებიდან ერთ-ერთი, მაგრამ ეს პრაქტიკული თვალსაზრისით მოუხერხებელი აღმოჩნდა. მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს,  როგორც განმარტებით, ისე – თარგმნით არაბულ ლექსიკონებს ლექსემათა დალაგების სხვადასხვა პრინციპი აქვთ. ეს პრინციპი არაბული განმარტებითი ლექსიკონებისთვის ისტორიულადაც განსხვავებული იყო. ერთადერთი პრინციპი, რაც არაბული ლექსიკონების უმრავლესობას აერთიანებს, ის არის, რომ ლექსემები ძირების მიხედვით არის დალაგებული, თუმცა, ბოლო დროს, არსებობს ანბანზე დალაგებული ლექსიკონებიც (მაგ. არაბულ-თურქული ლექსიკონი). ძირის პრინციპთან ერთად, თანამედროვე არაბული ლექსიკონისთვის ყველაზე ეფექტური სახეა მისი ბუდეების სტრუქტურით დალაგება. ბუდეების სტრუქტურა გულისხმობს იმას, რომ ერთი ძირის მორფოლოგიური ფორმები – ზმნები და სახელები – ბუდის ორ ნაწილს ქმნიან. ბუდის პირველ ნაწილში მოცემულია შესაბამისი ძირის ზმნური ფორმები, რომლებიც პირველიდან მეთხუთმეტე თემამდე მიმდევრობით არის დალაგებული, ხოლო ბუდის მეორე ნაწილში წარმოდგენილია სახელური ფორმები, რომლებიც ანბანთრიგის მიხედვითაა დაწყობილი. არაბულ განმარტებით ლექსიკონებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირების მიხედვითაა დალაგებული, ძირის ქვეშ მოცემული ლექსემები არ არის განაწილებული ბუდეების სისტემაზე. ცხადი გახდა, რომ დასაწყის ეტაპზე, არაბული განმარტებითი ლექსიკონის საფუძვლად აღება, ძირის ზმნათა და სახელთა ფორმების ამორჩევა და მათი ბუდეებზე გაწყობა ბევრ დამატებით დროს წაიღებდა, სწორედ ამიტომ არაბულ-ქართული ლექსიკონის საფუძველი უნდა ყოფილიყო ბუდეების სისტემაზე განლაგებული არაბული თარგმნითი ლექსიკონი. ასეთი ლექსიკონი აღმოჩნდა ბარანოვის დიდი არაბულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც ერთ-ერთ სრულყოფილ თარგმნით ლექსიკონად ითვლება თანამედროვე სალიტერატურო არაბული ენისთვის.

არაბული ენის ლექსიკონების უმრავლესობა არაბული ენის განვითარების რომელსამე ეტაპზე აკეთებს აქცენტს და მის მნიშვნელობებს აღწერს. არაბულ-ევროპული ლექსიკოგრაფიის კლასიკად აღიარებული ლექსიკონები, მაგალითად, ლეინის არაბულ-ინგლისური ლექსიკონი, კაზიმირსკის არაბულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვა, ძირითადად, ისლამამდელი და კლასიკური არაბული ტექსტების ლექსიკაზეა ორიენტირებული და მათ მნიშვნელობებს გადმოსცემს. მოგვიანო ხანის ევროპული ლექსიკონები (ვერის არაბულ-ინგლისური ლექსიკონი, ბარანოვის არაბულ-რუსული ლექსიკონი და სხვა) კი თანამედროვე სალიტერატურო არაბულის მნიშვნელობების გადმოცემით შემოიფარგლება, ასევე თანამედროვე ლექსიკონებში ადგილს იკავებს სასაუბრო ენისთვის დამახასიათებელი ლექსიკა და მნიშვნელობები.

არაბულ-ქართული ლექსიკონის მიზანი თავიდანვე შემდეგნაირად განისაზღვრა: ამ ლექსიკონში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო არაბულ-ევროპული ლექსიკოგრაფიის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, როგორც არაბულ კლასიკურ ძეგლებზე ორიენტირებული ლექსიკონების მონაცემები, ისე თანამედროვე არაბულ-ევროპულ ლექსიკონებში გადმოცემული მნიშვნელობები. დასაწყისიდანვე ნათელი იყო, რომ არაბულ-ქართული ლექსიკონი არ უნდა ყოფილიყო რომელიმე ერთი არაბული განმარტებითი ან თარგმნითი ლექსიკონის ზუსტი ასლი ქართულ ენაზე, სწორედ ამიტომ, ლექსიკონის შედგენის მეორე ეტაპი გულისხმობს, არაბული ენის გარდა, 4 ენაზე (ინგლისური, რუსული, ფრანგული, თურქული) შედგენილი თარგმნითი ლექსიკონების ინფორმაციის გათვალისწინებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ლექსიკონში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი ტექნიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური და სხვა სახის ტერმინოლოგია, რაც თანამედროვე სამყაროსთვის აქტუალურია.

დღეს,როცა მანქანური თარგმანის დახვეწა სწორედ პარალელური კორპუსებისა და ზუსტი ლექსიკონების საფუძველზე ხდება, სრულყოფილი ლექსიკონის აუცილებლობაზე საუბარი, ვფიქრობ, სრულიად ზედმეტია. არაბულ-ქართული ლექსიკონის უმთავრესი სამიზნეა სტუდენტი, რომელიც არაბულ ენას სწავლობს. ამასთან ერთად, აღნიშნული ლექსიკონი, მჯერა, დახმარებას გაუწევს დარგით დაინტერესებულ მეცნიერებს, მომიჯნავე სფეროს წარმომადგენლებს, ასევე, მეტად გააადვილებს თარგმნის პროცესს.

ამ დროისთვის ლექსიკონზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა კი აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook
Twitter
LinkedIn