საქართველოში პირველად „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“  გამოცემა იწყება

თარიღი: 2022-09-23 19:51:45
  • სამეცნიერო სტატიები სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის პრობლემატიკაზე;
  • სამედიცინო სამართლის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • სოციალურ პლატფორმებსა და მედიასაშუალებებში ფორუმებისა და სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი და იურიდიული ფირმა „ბიგვავა-ბატიაშვილი“  საქართველოში სამედიცინო სამართლის შესწავლა-განვითარების მიზნით კომპლექსურ აქტივობებს იწყებენ, რომელშიც სამედიცინო მომსახურების პროცესში ჩართული ყველა მხარე მიიღებს მონაწილეობას  – სამედიცინო სფეროს ტოპ-მენეჯერები, პაციენტები, მედიკოსები, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტები.

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ კონცეფცია დადებითად შეაფასა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ ულრიხ ჰაგენლოხმა, რომელსაც 40 წლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს და საქართველოში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა.

„სამედიცინო სამართალი და სამედიცინო მენეჯმენტი ურთიერთგადაჯაჭვული დარგებია – სამედიცინო მენეჯმენტში მოქმედი სტანდარტი მეტწილად განაპირობებს იმას, თუ რისთვის აგებს ექიმი თუ კლინიკა პასუხს, თუმცა, ამავდროულად, თავად სამართლის ზოგადი პრინციპებიც აყალიბებენ იმ ჩარჩოს, რომელიც შემდეგ დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე წესებით და ინსტრუქციებით კონკრეტდება. ეს ინტერდარგობრივი სფეროები შეიძლება განვითარდეს მხოლოდ ორივე პროფესიის წარმომადგენლების ერთობლივი ძალისხმევით. „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალი“ მიზნად ამ მიმართულებებით პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და კოოპერაციისათვის საფუძვლის ჩაყრას ისახავს მიზნად. პირველ რიგში, ეს გულისხმობს სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის პრობლემატიკისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სტატიების შექმნას, კონკრეტული აქტუალური სამედიცინო სამართლებრივი ქეისების დამუშავებას, სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპერსონალისათვის უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურების კონცეფციის შემუშავებას და ამ მიზნისადმი მიძღვნილ აკადემიურ სტატიათა ციკლის შექმნას“, – აღნიშნა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის  დეკანმა  თამარ ზარანდიამ, რომელიც  ჟურნალის ერთ-ერთი რედაქტორია. 

ჟურნალის თანარედაქტორი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი რუსიაშვილი ახალი ჟურნალის მნიშვნელობის განმარტებისას ამბობს, რომ საქართველოში სამედიცინო სამართალს, რომელიც ყველა განვითარებულ მართლწესრიგში სამართლის დამოუკიდებელი დარგია, ჯერ კიდევ არ შეუძენია დასრულებული კონტურები და მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია, შესაბამისად,  სადისკუსიო  პლატფორმების  შექმნა  „გადაუდებელ შემთხვევას“ წარმოადგენს.

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალში“ მოცემულ თემატიკას ნაშრომებს მიუძღვნიან სამედიცინო და იურიდიული სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ამ სფეროს ტოპ-მენეჯერები, პრაქტიკოსი ექიმები და იურისტები. სამეცნიერო აქტივობის ერთ-ერთი მიმართულება იქნება სხვადასხვა სახელმწიფო საზედამხედველო ორგანოებთან ურთიერთობის სტრატეგიისა და კონკრეტული მოდელების შემუშავება (კონკრეტული დოკუმენტების ფორმების შემუშავების ჩათვლით); ზემოთ აღნიშნული დარგების პოპულარიზაცია და სამეცნიერო ლობიზმი: ტელე და სოც-მედიის მეშვეობით სხვადასხვა პოპულარული ფორუმების შექმნა, სადაც მედპერსონალი, პაციენტები და იურისტები ისაუბრებენ საკუთარ პრობლემებზე“, – აღნიშნა გიორგი რუსიაშვილმა.

„სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“  გამოცემის აუცილებლობა დასტურდება სასამართლო პრაქტიკის მაგალითებიდანაც.

„ამ დარგის განვითარება საქართველოში აუცილებელია, გარდაუვალია და მას არ შეიძლება ჰქონდეს ალტერნატივა. შეუძლებელია სამედიცინო დავებთან დაკავშირებულმა მართლმსაჯულებამ  მხოლოდ ექსპერტების დავებზე დაყრდნობით იფუნქციონიროს და ეს არც დღევანდელ მოცემულობაში არ ხდება. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში დღემდე არაცალსახაა – ტრიალდება თუ არა ექიმის პასუხისგებისას ბრალის მტკიცების ტვირთი ექიმის საწინააღმდეგოდ? კერძოდ, ის, რომ ექიმი ბრალეულად მოქმედებდა, უნდა ამტკიცოს პაციენტმა თუ ეს ბრალი ივარაუდება და ექიმმა უნდა იმართლოს თავი, ანუ უნდა დაამტკიცოს, რომ პაციენტის დაზიანება მისი ბრალის გარეშე მოხდა. ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მოიპოვება გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ საკითხს, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით წყვეტს, ამდენად ამ მიმართულებით სამეცნიერო დისკუსიისათვის პლატფორმის შექმნა ძალზედ მნიშვნელოვანია“, – ამბობს ჟურნალის თანარედაქტორი, პროფესორი ნუნუ კვანტალიანი.

დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს ულრიხ ჰაგენლოხს ახალი ჟურნალის კონცეფცია იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და ჟურნალის თანარედაქტორებმა გიორგი რუსიაშვილმა და ნუნუ კვანტალიანმა გააცნეს. მან სრულად გაიზიარა „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ კონცეფცია და ქართულ მხარეს მოცემულ პერიოდულ გამოცემასთან აქტიურ თანამშრომლობას დაჰპირდა. შეხვედრაზე ულრიხ ჰაგენლოხმა იურიდიული ფაკულტეტის დეკანს და შეხვედრის მონაწილეებს სამედიცინო სამართალში დავების გადაწყვეტასა და, ზოგადად, ამ დარგის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებებიც გაუზიარა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი სამართალმცოდნე შტუტგარტის სამხარეო სასამართლოში სამედიცინო სამართლებრივი დავების განმხილველი კოლეგიის წევრი იყო. „სამედიცინო სამართლისა და მენეჯმენტის ჟურნალის“ პირველი ნომერი მზადების პროცესშია და მისი გამოცემა უახლოეს მომავალში იგეგმება.

Facebook
Twitter
LinkedIn