რა სიახლით შეხვდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 2022/2023 საწავლო წლის დაწყებას?
გვესაუბრება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი ღაღანიძე
2022 წლის მისაღები კონტიგენტი ბაკალავრიატში რეკორდული იყო ფაკულტეტის ისტორიაში: ეკონომიკის მიმართულება – 500 ადგილი; ბიზნესის ადმინისტრირება – 700; ტურიზმი – 300. ყველა 1500 ადგილი ათვისებულია.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებზე: „ეკონომიკის“, „ბიზნესის ადმინისტრირების“ და „ტურიზმის“ მიმართულებით ტრადიციულად მაღალია კონკურენცია. არსებულ ვითარებაში სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებას სჭირდებოდა თსუ-ის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის მხრიდან ღრმა და სისტემური ანალიზი, სათანადო პრაქტიკული ქმედებების განხორციელება.
ფაკულტეტი, ეტაპობრივად, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და პროგრამის ხელმძღვანელების აქტიური მუშაობის შედეგად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას.
ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიაში პირველად, 2022 წელს აკრედიტირებული იქნა ბიზნეს ადმინისტრირების ერთწლიანი პროგრამა. მეორე ასეთმა პროგრამამ გაიარა თსუ აკადემიური საბჭო 14 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ის შეიქმნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან ერთად. წარმატებით ფუნქციონირებს ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა ტურიზმში.
ფაკულტეტი გეგმავს რამოდენიმე ახალ სასწავლო პროგრამას საფრანგეთის, რუმინეთის, ლატვიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და იტალიის უნივერსიტეტებთან.
აღსანიშნავია, რომ განახლდა ინფრასტრუქტურა, კერძოდ, გარემონტდა მე-2 სართულის ფასადი და მთლიანად მე-2 სართული.