ახალი სახელმძღვანელო ეკონომიკურ ისტორიაში

თარიღი: 2022-09-22 19:57:34

თუ ზოგი ქვეყანა მდიდარია და ზოგი – ღარიბი, რატომ არ იყენებენ ღარიბები იმ მეთოდებსა და პოლიტიკურ კურსს, რომლებმაც სხვები გაამდიდრა? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მსჯელობას გაეცნობიან სტუდენტები ახალ გამოცემაში. 

ცნობისთვის: მიმდინარე ახალ სასწავლო წელს  თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პირველკურსელები  პირველად დაიწყებენ „ეკონომიკური ისტორიის“ კურსის  შესწავლას ახალი სახელმძღვანელოთი, რომელიც ამავე ფაკულტეტის კათედრის მიერ არის მომზადებული. 

ახალი სახელმძღვანელოს  – „მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე“ – ავტორები არიან:  ლარი ნილი (ილინოისის უნივერსიტეტი) და რონდო კემერონი (ემორის უნივერსიტეტი). წიგნი გამოიცა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ.

ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი ავთანდილ სილაგაძე.        თუ რატომ დაინტერესდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნის თარგმნით პროფესორი ავთანდილ სილაგაძე და  მისი კოლეგები  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრიდან,  ამ კითხვაზე წიგნის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორი  გვპასუხობს:  „ამ მიმართულებით გარკვეული ლიტერატურა ქართულ ენაზეც არსებობს, მაგრამ ისინი ეკონომიკური ისტორიის კომპლექსურად  შესწავლისათვის  არასაკმარისია.  შევისწავლეთ არსებული უცხოური ლიტერატურა და ვამჯობინეთ მსოფლიოში ცნობილი პოპულარული სახელმძღვანელოს ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა. ეკონომიკის ისტორიის პრობლემების შესწავლას თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა – ივანე ჯავახიშვილმა და ფილიპე გოგიჩაიშვილმა, ასევე, სახალხო მეურნეობისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის პირველმა ხელმძღვანელებმა – პროფესორებმა სერგი ბერაძემ და ვალერიან ადვაძემ, აკადემიკოსებმა პაატა გუგუშვილმა და ვასილ ჩანტლაძემ და მრავალმა სხვა გამოჩენილმა მკვლევარმა. სამწუხაროდ, ეკონომიკური ისტორიის სწავლება, დაახლოებით, 15 წელია, რაც შეწყდა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურზე. სასიამოვნოა აღინიშნოს, რომ ჩვენი ფაკულტეტის სასწავლო პროგრამებში უკვე გათვალისწინებულია ამ ხარვეზის აღმოფხვრა. მიმდინარე ახალ სასწავლო წელს პირველად დაიწყებენ „ეკონომიკური ისტორიის“ კურსის  შესწავლას პირველკურსელები ამ ახალი (კათედრის მიერ მომზადებული უკვე მესამე) სახელმძღვანელოთი“, – განაცხადა პროფესორმა ავთანდილ სილაგაძემ, რომელიც კოლეგებთან ერთად 3 წლის მანძილზე მუშაობდა წიგნზე.

სახელმძღვანელოში განხილულია სულ 16 თემა, კერძოდ: ეკონომიკური განვითარება უძველეს დროში და შუა საუკუნეების ევრაზიაში; თანამედროვე ინდუსტრიის განთიადი; მსოფლიო ეკონომიკის ზრდა; განვითარების გავრცელება ევროპაში და მის გარეთ; საერთაშორისო ეკონომიკური დეზინტეგრაცია; მსოფლიო ეკონომიკის აღდგენა  (1945-1989) და მიმოხილვა (1914-2014) და სხვ.  სახელმძღვანელოში იპოვით პასუხებს შემდეგ კითხვებზე: რატომ არ არის განვითარებული მთელი მსოფლიო?  – ეს საკითხი კაცობრიობას ათასწლეულების მანძილზე და, განსაკუთრებით, ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში აწუხებდა, როდესაც ევროპის ეკონომიკური მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირში აღარ იყო… ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მსჯელობას გაეცნობიან სტუდენტები ახალ გამოცემაში,  რომელიც, უდავოდ, საინტერესო იქნება მსოფლიოს ეკონომიკური (და არა მხოლოდ) ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

Facebook
Twitter
LinkedIn