ქართველი დოქტორანტი KM3NeT საერთაშორისო კვლევით პროექტში
თსუ-ს დოქტორანტი გოგიტა პაპალაშვილი 2022 წლის 14 ივნისიდან – 27 აგვისტოს ჩათვლით კვლევითი პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ინსტიტუტში (ასტრონაწილაკების ფიზიკის ერლანგენის ცენტრი (ECAP), ქალაქი ერლანგენი, გერმანია). პროექტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი „Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2022 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
გოგიტა პაპალაშვილი 2017 წლიდან არის ჩართული KM3NeT საერთაშორისო კვლევით პროექტში, რომლის ოფიციალური წევრიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 წელს გახდა. მას შემდეგ უნივერსიტეტი და მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან. ქართული ჯგუფი ძირითადად მონაცემთა ანალიზში მონაწილეობს. მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად, თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში (თსუ მეფი) გაიმართა ლოკალური კომპიუტერული სერვერი, სადაც კვლევები ხორციელდება.
KM3NeT კოლაბორაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაღალი ენერგიების ნეიტრინოების წყაროს მოძებნა და ნეტრინოების მახასიათებლების, კერძოდ, ნეიტრინოს ოსცილაციების პარამეტრებისა და მასური იერარქიის, დადგენა. ამ მიზნის მისაღწევად კოლაბორაცია ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე აშენებს ორ დეტექტორს: ARCA (Astroparticle Research with Cosmics in Abyss) და ORCA (Oscillation Research with Cosmics in Abyss).
კვლევითი პროექტის მასპინძელი ინსტიტუტი – ECAP კოლაბორაციის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია. ერლანგენის ჯგუფი კოლაბორაციის კომპიუტინგსა და IT სერვისებზეა პასუხისმგებელი. ისინი ჩართულნი არიან მონაცმეთა ანალიზში, რომელიც მოიცავს ნეიტრინოების ოსცილაციებისა და ნეიტრინოების მასების იერარქიის დადგენას KM3NeT/ORCA დეტექტორის მონაცემებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ECAP-ის ჯგუფები KM3NeT პროექტის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობენ. ერლანგენის ჯგუფის უფროსი და ამავდროულად კოლაბორაციის ინსტიტუტთა საბჭოს თავჯდომარე – პროფესორი ულრიხ კატცი უცხოელი კონსულტანტის სტატუსით იყო ჩართული თსუ-ს ჯგუფის KM3NeT ექსპერიმენტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში. გოგიტა პაპალაშვილის კვლევითი პროექტი „მიუონების დაშლების შესწავლა KM3NeT ნეიტრინული ტელესკოპის საშუალებით”, განხორციელდა ECAP-ისა თსუ მაღალი ენერგიები ფიზიკის ინსტიტუტის კომპიუტერული რესურსების გამოყენებით.
„ერლანგენში ჩემს ვიზიტს ძალიან ნაყოფიერად ვაფასებ, რადგან საშუალება მქონდა, მემუშავა უცხოელ კოლეგებთან ერთად და მიმეღო მათი გამოცდილება როგორც ფიზიკის, ასევე კომპიუტინგის მიმართულებითაც. ცხადია ამ პერიოდში, “ზუმის” საშუალებით ვკონტაქტობდი თბილისურ ჯგუფთან და მათთან ერთად განვიხილავდი აღნიშნული პროექტის მიმდინარე სტატუსსა და შემდგომ ნაბიჯებს. გარდა ჩატარებული სამუშაოებისა, დაგეგმილია აღნიშნული ამოცანის შემდგომი განვითარება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებ კონტაქტს და სხვადასხვა ტიპის კონსულტაციებს ერლანგენის ნაწილაკების ფიზიკის ცენტრის მეცნიერებთან,“ – ამბობს გოგიტა პაპალაშვილი.