იურიდიული ფაკულტეტი ახალი  სამეცნიერო ჟურნალის გამოცემას იწყებს

თარიღი: 2022-09-19 18:50:57

„საჯარო სამართლის ჟურნალი“ – ასე ჰქვია პერიოდულ ჟურნალს, რომლის გამოცემასაც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი აპირებს.

„ჩვენი მიზანია თანამედროვე, აქტუალურ  თემატიკაზე – ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში წამოჭრილ სამართლებრივ სადავო თემებზე, მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე და ა.შ. საზოგადოებისთვის კომპეტენტური სამეცნიერო აზრის მიწოდება“, – განმარტავს ჟურნალის მთავარი რედაქტორი, ასოცირებული პროფესორი კობა ყალიჩავა.

„საჯარო სამართლის ჟურნალი“ წელიწადში ორჯერ, როგორც ბეჭდური, ასევე, ელექტრონული სახით გამოქვეყნდება. სამეცნიერო პერიოდული გამოცემა ქართული და უცხოენოვანი იქნება. „საჯარო სამართლის ჟურნალის“ ინტეგრირება მაღალ იმპაქტ-ფაქტორიანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონულ ბაზებში ეტაპობრივად იგეგმება. სარედაქციო კოლეგია ქართველი და გერმანელი სამართალმცოდნეებისგან შედგება, მათ შორის არიან პროფესორი გერდ ვინტერი, პროფესორი ნორბერტ ბერნს დორფი და პროფესორი გია ხუბუა.

„ჟურნალის ინტეგრირება მაღალ იმპაქტ-ფაქტორიანი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ელექტრონულ ბაზებში ინტერნაციონალიზაციის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. ქართულ სამართალთან დაკავშირებული სტატიები, ვფიქრობ,  საინტერესო იქნება არაერთი უცხოელი მკვლევრისა თუ დაინტერესებული მკითხველისთვის. ჟურნალის ხარისხის გასაზრდელად დრო გვაქვს, რაც გათვალისწინებულია მაღალრეიტინგული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების ბაზების წესდებითაც. სტატიები კონკურსის საფუძველზე მიიღება. გამოცემის ონლაინ პლატფორმაზე განსათავსებლად მზადება უკვე დაწყებულია, რაც, ვფიქრობთ, მასზე წვდომის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აცხადებს კობა ყალიჩავა.

ახალი სამეცნიერო გამოცემისთვის სტატიების მიღება უკვე დაწყებულია, საკონკურსო განაცხადები როგორც ქართველმა, ასევე, უცხოელმა სამართალმცოდნეებმა წარმოადგინეს. პირველი ნომრის გამოცემა იანვარშია დაგეგმილი.

„საჯარო სამართლის ჟურნალის“ სარედაქციო საბჭო (პროფესორი გერდ ვინტერი, პროფესორი ნორბერტ ბერნს დორფი და პროფესორი გია ხუბუა) პერმანენტულ სამეცნიერო-პრაქტიკულ დისკუსიებსაც იწყებს, რომელშიც აკადემიურ პერსონალთან ერთად მოწვეული პრაქტიკოსი იურისტებიც ჩაერთვებიან.  პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმი სექტემბრის ბოლოსთვის ჩაინიშნა.

Facebook
Twitter
LinkedIn