თსუ-ის სტუდენტის სოფია ქურასბედიანის პოეზიის საღამო მწერალთა სახლში

თარიღი: 2022-07-16 14:56:13

მწერალთა სახლში თსუ-ის სტუდენტის სოფია ქურასბედიანის პოეზიის საღამო გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტის ლექსები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში პერიოდულად ქვეყნდება. სოფია ქურასბედიანის პოზია, ძირითადად, რელიგიის, ბუნების, სევდისა და სიყვარულის თემებს ეხება.

„ლექსებს მეხუთე კლასიდან ვწერ. სკოლა სვანეთში დავამთავრე. ალბათ, გარემომ განაპირობა ის, რომ თავიდან ჩემი ლექსები ბუნების თემას ეხებოდა, მოგვიანებით კი რელიგიური, ასევე, სევდისა და სიყვარულის ნაზავის თემატიკაც შემოვიდა. 

დღევანდელი საღამო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად მაქვს ფართომასშტაბიანი გამოსვლა და მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ბელა ალანიას, რომელმაც მას ორგანიზება გაუწია. პოეზიის საღამო არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექსებით, ვეცადე სააშკარაოზე გამომეტანა სიმღერები, რომელთა ტექსტის ავტორიც მე ვარ“, – გვითხრა სოფია ქურასბედიანმა.

სოფია ქურასბედიანი მუსიკალური მიმართულებით თავის თანაკლასელთან, ლევან მეშველიანთან ერთად მუშაობს, რომელიც ამ დროისთვის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტია. მეგობრები, ძირითადად, ქალაქური ჟანრის მუსიკას ქმნიან.

„ერთად სიმღერა პირველად „ბოლო ზარის“ დღეს დავწერეთ, სოფიამ წაიმღერა, მე აკორდი დავამთხვიე და მას შემდეგ ვწერთ. ჯერ-ჯერობით, ქალაქური ჟანრის ეტაპზე ვართ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, – აღნიშნა ლევან მეშველიანმა.

სოფია ქურასბედიანის პოეზიის საღამო მწერალთა სახლში 8 ივლისს გაიმართა. ღონისძებას თსუ-ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

. . .

მაცხოვარო

(სოფია ქურასბედიანის ლექსი)

ეკლით გმოსავდნენ, მაცხოვარო, გტკენდნენ ჭრილობებს,

ოცდაათ ვერცხლად გამყიდველი დუმდა იუდა,

ცა შეემუსრა ცოდვის ტბორებს და უცილობელ

სიმწუხრის ზარებს დედამიწის ცოდვა სტკიოდათ.

სისხლით შეღებილ განაჩენთან იდგა პილატე,

უსამართლობით კვლავ არჩიეს შენს თავს ბარაბა

და რამდენჯერაც ნაწამებმა წყალი ინატრე,

ძმარი დასთხიეს, ჩირქი მოსცხეს სულის გალავანს.

(მეც თვალებაკრულ გამყიდველთა ბოლო რიგში ვარ)

დამნაშავე ვარ, მაცხოვარო, ბევრჯერ დაგკარგე,

მაგრამ ვერ გტოვებ, შენგან შორსაც ვეღარ მივდივარ,

კაცობრიობის მარწუხებში არ ჩანს ავ-კარგი.

Facebook
Twitter
LinkedIn