რისმაგ გორდეზიანის ახალი წიგნი – „ეტრუსკები ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები“
ახალი, უნიკალური სამეცნიერო-პოპულარული წიგნის „ეტრუსკები ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტები” პრეზენტაცია გაიმართა ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ავტორი აკადემიკოსი, თსუ-ის პროფესორი რისმაგ გორდეზიანი, თანაავტორი კი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ეკატერინე კობახიძეა. წიგნი „პალიტრა ელის” მიერ გამოცემული მორიგი, თუმცა ქართულ ლიტერატურაში პირველი მონოგრაფიული სახის ნაშრომია.
ცნობილია, რომ ანტიკური კულტურა ძველი ბერძნებისა და რომაელების მონაწილეობით შეიქმნა, თუმცა ანტიკური კულტურის ფორმირებაში წვლილი ეტრუსკებმაც შეიტანეს, მათ შესახებ მკითხველი ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნობა.
ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდ-დას ნაწილში, რომაელების გამოჩენამდე, ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდნენ. მათი ქვეყანა — ეტრურია, ე.წ. თორმეტ ქალაქს, ანუ 12 პოლისის კონფედერაციას წარმოადგენდა. ეტრუსკებს კარგად განვითარებული კულტურა და ტექნოლოგიები ჰქონდათ. მათი კულტურის მემკვიდრეები რომაელები გახდნენ. ამ უკანასკნელებმა ბევრი რამ ისწავლეს ეტრუსკებისგან. იმაზე, თუ საიდან გაჩნდა ეს ხალხი ევროპის ცენტრში, ჯერ კიდევ ძველ მსოფლიოში მსჯელობდნენ და დღემდე ასე გრძელდება.
ეს წიგნიც ანტიკური სამყაროს ტრიტაგონისტებს — ეტრუსკებს ეძღვნება, რომლებმაც ბერძნებსა და რომაელებთან ერთად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ანტიკური ცივილიზაციის შექმნაში. პირველად, ქართულ სამეცნიერო სინამდვილეში ერთ ნაშრომში განხილულია ეტრუსკული მემკვიდერობის ყველა ძირითადი სფერო: ისტორია, დამწერლობა, ენა, საზოგადოებრივი ცხოვრება, მითოლოგია, რელიგია და ხელოვნება.
პრეზენტაციას პროფესორი ლევან გიგინეიშვილი უძღვებოდა, რომელმაც წიგნის მნიშვნელობასა და მის შინაარსობრივ მხარეზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წიგნი საინტერეო იქნება არა მარტო მეცნიერთათვის, არამედ იმ მკითხველისთვისაც, ვინც ანტიკური ცივილიზაციის გაცნობით არის დაინტერესებული.
„თანამედროვე მეცნიერება ცდილობს ეტრუსკების საიდუმლო ამოხსნას და ეს წიგნი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ საიდუმლოს ამოხსნაში. წიგნი დაწერილია სამეცნიერო-პოპულარულ ენაზე და საინტერესოდ იკითხება. წიგნში გაჟღერებულია ჩვენთვის ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო თეორია — ეტრუსკების ნათესაობა ქართველურ ენებთან, საქართველოსთან, რაც წიგნში ნაჩვენებია გრამატიკული ფორმებით, მორფოლოგიით, ფონეტიკით. ეს, დამეთანხმებით, ერთ-ერთი ძლიერი და ანგარიშგასაწევი თეორიაა. ისეთი საინტერესო პოლიფონიური ნაშრომია, რომ მჯერა, ის სამაგიდო წიგნი გახდება ანტიკური ცივილიზაციით დაინტერესებული მკითხველისთვის“, — განაცხადა პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.
წიგნის ავტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა მადლობა გადაუხადა ინსტიტუტს, ასევე ფილოლოგიის დოქტორს ეკატერინე კობახიძეს თანაავტორობისთვის და დამსწრე საზოგადოებას წიგნისადმი გამოჩენილი ინტერესისათვის. მან საინტერესოდ ისაუბრა ეტრუსკების როლზე ანტიკური ცივილიზაციის განვითარებაში. „წინამდებარე წიგნი ერთგვარი გაგრძელებაა ანტიკური ცივილიზაციის იმ სერიისა, რომლის პირველი სამი ტომი ბერძნულ ცივილიზაციას მიეძღვნა. რამდენადაც ეტრუსკული საიდუმლოს საკვანძო საკითხს ეტრუსკული ენის მონათესავე ენათა ოჯახებში ადგილის განსაზღვრა წარმოადგენს, წინა ტომებისგან განსხვავებით, ამ წიგნში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ენათმეცნიერულ პრობლემატიკას, ეტრუსკულ-ქართველურ და აღმოსავლეთ კავკასიურ მიმართებებს. წიგნი, მართალია, სამეცნიერო-პოპულარულია, მაგრამ ის ეტრუსკოლოგიური პრობლემატიკის შეძლებისდაგვარად ამომწურავად მომცველი ნაშრომია. ჩვენთვის სასიამოვნო იქნება, თუკი ეს წიგნი ქართველ მკითხველს ეტრუსკების მიმართ ინტერესს გაუძლიერებს“, — განაცხადა აკადემიკოსმა რისმაგ გორდეზიანმა, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა ეტრუსკულ ხოლოვნებასა და კულტურაზე.
წიგნი აკადემიკოს ილია ვეკუას ნათელ ხსოვნას ეძღვნება, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ ყურადღება გამოიჩინა იმ დროს ჯერ კიდევ დამწყები, ახალგაზრდა მეცნიერის — რისმაგ გორდეზიანის მიმართ.
წიგნის თანაავტორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ეკატერინე კობახიძემ დიდი მადლობა გადაუხადა თავის მასწავლებელს, აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანს თანაავტორად არჩევისთვის: „ასეთი შემოთავაზება ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლო და ამაღელვებელი იყო და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი წარმოგიდგინეთ“, — აღნიშნა ეკატერინე კობახიძემ, რომელმაც წიგნში ეტრუსკების მითოლოგიური წარმოდგენები, რელიგია, ეტრუსკთა მემკვიდრეობა ანტიკურსა და პოსტანტიკურ სამყაროში მიმოიხილა.
წიგნის რეცენზენტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ნანა ტონიამ ავტორებს წიგნის გამოცემა მიულოცა და დიდი იმედი გამოთქვა, რომ აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი წიგნში გაჟღერებულ პირობას შეასრულებს და სამომავლოდ იმ ნაშრომებს გამოსცემს, რომელიც წიგნში დაანონსდა.
წიგნის მეორე რეცენზენტმა, ფილოლოგიის დოქტორმა გიორგი უგულავამ გამოსვლისას ყურადღება წიგნის შინაარსობრივ მხარეზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ „წიგნს ქართულ რეალობაში ანალოგი არ აქვს და უპრეცენდენტოა! ის სხვა უცხოენოვან გამოცემებსაც შევადარე, მაგრამ ასე მასშტაბურად, ასე მრავალპროფილურად, სხვადასხვა ასპექტის მხრივ ამუშავებდეს ეტრუსკულ ცივილიზაციას რომელიმე სხვა წიგნი, ვერ ვიპოვე!
წიგნი 245 გვერდს მოიცავს და 11 სხვადასხვა თემისგან შედგება, რომელიც ჩაშლილია ქვეთავებად. არ არსებობს სოციალური ცხოვრების ასპექტი, რომელიც ამ წიგნში არ აისახა. ეტრუსკული ცივილიზაციის კვლევა საკმაოდ ძნელია, რადგან ამ კულტურას თავისი აღზევების მწვერვალი მეექვსე საუკუნეში აქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი ისტორიული წყაროები, რომლებიც პირდაპირ ასახავს და იკვლევს ეტრუსკულ ცივილიზაციას. ეტრუსკული წყაროები და ინფორმაცია ჩაშლილია ანტიკურ წყაროებში და მეცნიერისგან მაღალი კვლევის უნარებს მოითხოვს. ეს წიგნი არის ახალი ნაბიჯი, სიტყვა ეტრუსკების კვლევის ისტორიაში. მას აქვს სამეცნიერო სიღრმე, მაგრამ აქვს ის სიმსუბუქეც, რომელიც განათლებულ ადამიანს სჭირდება ახალი სამყაროს შესაცნობად“, — განაცხადა გიორგი უგულავამ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წიგნი გამოიცა „პალიტრა L“-ს მიერ. გამომცემლობის მთავარმა რედაქტორმა მაია ალადაურმა მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორებს არჩევანისთვის: „შეგრძნება იმისა, რომ დიდ ადამიანებთან ერთად აკეთებ დიდ საქმეს, არის მართლაც პატივი! „პალიტრა L“ ყოველთვის იქნება თქვენი ერთგული პარტნიორი და თანამოაზრე“, — განაცხადა მაია ალადაურმა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ „ეტრუსკები“ პირველი წიგნია საქართველოში, რომელიც ეტრუსკოლოგიურ საკითხებზე გამოიცა: „მეამაყება, რომ არცთუ ისე მარტივ დროში, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი არის ადგილი, სადაც ეტრუსკოლოგია მარტო კი არ არსებობს, ვითარდება კიდეც. ეს არის ელიტარული დარგი და დღეს ამ ფუფუნების საშუალება მრავალ უნივერსიტეტს არ აქვს. ეს კი პროფესორ რისმაგ გორდეზიანის დამსახურებაა, რომელიც ქართული ლიტერატურათმცოდნეობის პატრიარქია. მისი დამსახურება ჩვენი უნივერსიტეტისა და ქართული მეცნიერების წინაშე განუზომლად დიდია და ამას ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ და ვაფასებთ.
აქვე მინდა აღვნიშნო წიგნის მეორე ავტორის — ეკატერინე კობახიძის ცნობადობა და აღიარება უცხოელი კოლეგების მხრიდან. მასწავლებლის კვალდაკვალ იგი წარმატებით თანამშრომლობს დასავლეთის სამეცნიერო წრეებთან და უცხოელ კოლეგებთან“, — აღნიშნა პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა.
ავტორებს წიგნის გამოსვლა მიულოცეს პროფესორებმა: ელგუჯა ხინთიბიძემ, ვალერი ასათიანმა, ირაკლი კაკაბაძემ და სხვებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის ღვაწლს და დამსახურებას ეროვნული მეცნიერების წინაშე. იგი 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი მონოგრაფიისა და 24 წიგნის ავტორია.
აქვე დავამატებთ, რომ წიგნს ერთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლებისა და ხელოვნების ნიმუშების 100-ზე მეტი ილუსტრაცია და განკუთვნილია ძველი სამყაროს კულტურებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის, მათ შორის, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.
წიგნის პრეზენტაციამ თბილ და კეთილგანწობილ ატმოსფეროში ჩაიარა. ყველა გამომსვლელი თუ მონაწილე ემოციას ვერ მალავდა საყვარელი პედაგოგის, დიდი მეცნიერის აუდიტორიაში დაბრუნების გამო.