თსუ-ს ამერიკელი მწერლები ეწვივნენ
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსა და აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ორგანიზებით, თბილისს ოთხი ამერიკელი მწერალი ეწვია:კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა, რომლებმაც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტენტებთან. ღონისძიების მასპინძელი იყო თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი.
ამერიკელი მწერლები თსუ-ის აუდიტორიას ამერიკისმცოდნეობის დოქტორმა ქეთევან ანთელავამ წარუდგინა, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა საერთაშორისო სამწერლო პროგრამისა და ამერიკელი მწერლების ვიზიტის მნიშვნელობაზე: „პროგრამის (IWP) მთავარი ამოცანა მსოფლიო სხვადასხვა კუთხის ხელოვანების ერთმანეთთან დაკავშირებაა. ამ პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მწერლები საქართველოში აწყობენ კითხვის ტურს, რომლის მიზანია თანამედროვე ლიტერატურული კავშირების გაღრმავება. ტურის დროს დაგეგმილია საჯარო კითხვა, ვიზიტები ლიტერატურულ დაწესებულებებში, შეხვედრები კულტურის წარმომადგენლებსა და მედიასთან, იმ ადგილებში, რომლებიც მათ რეგიონის იტორიული და მიმდინარე მოვლენების უკეთ გაცნობაში დაეხმარება, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან“, — განაცხადა ქეთევან ანთელავამ.
…
კრისტოფერ მერილი ამერიკელი პოეტი, ესეისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი, აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლობო პროგრამის დირექტორია. მისი შემოქმედება, რომელიც მოიცავს 6 პოეტურ კრებულსა და არაერთ არამხატვრულ ნაწარმოებს, ორმოცამდე ენაზეა თარგმნილი; ფლობს არაერთ ჯილდოს როგორც ორიგინალი, ისე ნათარგმნი ტექსტებისთვის. საფრანგეთის მთავრობამ კრისტოფერ მერილის ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის გამდიდრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადასცა des Arts et des Lettres ორდერი.
მწერალმა შეხვედრაზე საკუთარ გამოცდილებებზე ისაუბრა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე კონფლიქტებზე დაკვირვებით მიიღო. მას დიდი დრო აქვს გატარებული ავღანეთში, ერაყსა და სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონებში. მწერალმა ამონარიდი წაიკითხა საკუთარი წიგნიდან, რომელიც სარაევოს ცნობილ ალყას ეხებოდა, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკისა და სერბთა რესპუბლიკის არმიებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალაქ სარაევოს გასაკონტროლებლად იყო მოწყობილი.
ავტორი თავის ნაწარმოებში ცოცხლად, შთამბეჭდავად გადმოსცემს ომის შთაბეჭდილებებს. „მნიშვნელოვნად ჩავთვალე, რომ მესაუბრა ომის შთაბეჭდილებებზე, რადგან ეს განცდები კარგად არის ნაცნობი ქართველი მკითხველისთვის, რომელმაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თანამედროვე, ცივილურ ეპოქაში საკუთარ თავზე იწვნია ომის საშინელება და დამანგრეველი ძალა. მნიშვნელოვანია, რომ მწერლებმა ამ თემაზე ბევრი ისაუბრონ, შეულამაზებლად, ობიექტურად დახატონ კონფლიქტების შედეგებით გამოწვეული ის მძიმე რეალობა, რომელსაც გარდაუვალ დანაკარგებთან მივყავართ. ჩვენ ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ამ საშინელების წინააღმდეგ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ მსგავსი სისასტიკე!“ — აღნიშნა კრისტოფერ მერილიმ, რომელმაც მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს გულთბილი მიღებისთვის.
…
პოეტი და მთარგმნელი როზა ალკალა აუდიტორიის წინაშე საკუთარი ლექსით „მარია“ წარსდგა. ის თავის შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობს ქალთა ფსიქო-სოციალური მდგომარეობის აღწერას და გულწრფელად, დაუფარავად საუბრობს განცდებზე, რომელიც ყველა ქალისთვის ნაცნობი და დამახასიათებელია, განურჩევლად ეროვნებისა. მან თავის ლექსში ქალის სახე, განცდები, შეგრძნებები განაზოგადა და საერთო გახადა ყველა ქვეყნის, ეროვნების ქალისათვის.
როზა ალკალა წარმოშობით პატერსონიდანაა (ნიუ-ჯერსი), რომელმაც თავის უახლეს პოეტურ კრებულში „MyOTHER TONGUE“ დედებისა და ქალიშვილების, საკუთარი თავის, როგორც დედის და როგორც ქალიშვილის პორტრეტები დახატა; ის თავის შემოქმედებაში საკუთარ სხეულთან ურთიერთობისას, მშობიარობისას თუ ძუძუთი კვებისას აღძრულ განცდებს აღწერს.
„ალკალას მოკლე, მღელვარე სტრიქონები, უცაბედი გაჩუმებები და თავისუფლად დატოვებული სივრცეები გვახსენებს, თუ რაოდენ იშვიათად წერენ გულწრფელად ამ თემებზე, მამებისა და ვაჟების ურთიერთობის ეპიკური ტრადიციის საპირისპიროდ“, – ვკითხულობთ The New York Times-ის რეცენზიაში.
…
ერთ-ერთი ამერიკელი სტუმრის, მწერალ ენჯი კრუზის მეოთხე რომანი „როგორ არ უნდა დაიხრჩო ჭიქა წყალში“ ამ წლის შემოდგომაზე გამოვა. მისი წინამორბედი წიგნი „დომინიკანა“ კი ქალთა პრემიის მოკლე სიაში მოხვდა და ALA/YALSA-ის პრემია დაიმსახურა.
რომანი ემიგრანტების ცხოვრებას ეხება, რომელიც დედის ისტორიით არის შთაგონებული. „მინდოდა, ჩემს წიგნში დედის ის ემოციები, განცდები, შიშები გადმომეცა, რომელიც მოზრდილობის ასაკში დამამახსოვრდა. ასეთი განცდები, ვფიქრობ, ახლობელია ყველა იმ ქალისათვის, რომელიც ემიგრანტის რთულ და წინააღმდეგობით სავსე ცხოვრების გზას გადის. რომანში დედაჩემის სახე განვაზოგადე და ის ყველა ემიგრანტი ქალისთვის ნაცნობი და ახლობელი გავხადე. ჩემი შემოქმედებითი მეთოდის „მკვებავი“ სწორედ ის გულწრფელი სიყვარულია, რომელიც რეალური პერსონაჟებითა და ადგილებით არის ნასაზრდოები. ეს არის, ალბათ, ჩემი წარმატების საიდუმლ“, — განაცხადა მწერალმა ენჯი კრუზიმ, რომელმაც ამონარიდი წაიკითხა წიგნიდან „დომინიკანა“. წიგნი მართლაც საკმაოდ კარგი და ცოცხალი ენით იყო დაწერილი…
ენჯი კრუზი არაერთი ჯილდოს მფლობელია. იგი ლიტერატურული ჟურნალის Aster(ix)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. ამჟამად ის პიტსბურგის უნივერსიტეტში ასწავლის და დაკავშირებულია CAAPP – აფრო-ამერიკული პოეზიისა და პოეტიკის ცენტრთან.
…
აიანა მათისის პირველი რომანი — The Twelve Tribes of Hattie (Knopf, 2012) — The New York Times-ის ბესტსელერად იქცა და წლის საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებთა არაერთ სიაში მოხვდა. მისი რომანი აფროამერიკელი მოსახლეობის ცხოვრების წესს და მათ ადაპტაციას ეხება გარემოსთან. მათი ადამიანური ისტორიები ავტორის შემოქმედების წყაროს წარმოადგენს, რომლებიც ყველა რასისთვის დამახასიათებელი და ახლობელია. ავტორის წერის მანერა ხასიათდება გმირების ხასიათებსა და განცდებში ღრმა წვდომით, რომელიც მკითხველზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. ავტორის აზრით, „მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები შეძლებენ თავიანთი სრული პოტენციალის რეალიზებას და პროდუქტიული, შემოქმედებითი ცხოვრების წარმართვას საკუთარი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად, რათა მათ ღირსეულად იცხოვრონ“, — განაცხადა აიანა მათისმა, რომლის შემოქმედებაში ადამიანთა განვითარების ფოკუსი გაფართოებულია და აქცენტი ეკონომიკური ასპექტიდან ადამიანურ განზომილებაზე არის გადატანილი.
ნიჭიერი მწერლის არამხატვრული ლიტერატურა იბეჭდება, ასევე, ისეთ პრესტიჟულ გამოცემებში, როგორიცაა: The New York Times, The Atlantic, Rolling Stone Magazine, Guernica.
მათისი ამჟამად უძღვება Black Arts Dialogues სერიებს, რომელსაც კოლუმბიის უნივერსიტეტის აფრო-ამერიკული და აფრიკული დიასპორული კვლევების დეპარტამენტი მასპინძლობს. იგი მეორე რომანზეც მუშაობს.
…
შეხვედრის ბოლოს ამერიკელმა მწერლებმა მსმენელთა შეკითხვებს უპასუხეს, რომელიც თანამედროვე ამერიკულ მწერლობას, ავტორების ლიტერატურულ ოსტატობასა და ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას ეხებოდა.
„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სტუდენტებისთვის, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ამერიკისმცოდნეობის პროგრამები ამერიკულ ლიტერატურასაც მოიცავს. სამწუხაროდ, თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა ქართველი მკითხველისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია თარგმანების არარსებობის გამო. ჩვენთან უფრო პოპულარულია წინა პერიოდის კლასიკური ამერიკული ლიტერატურა. მეცნიერები, ლიტერატორები, მთარგმნელები თითქმის არ მუშაობენ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაზე. ასეთი შეხვედრები კი, ვფიქრობ, სტიმული იქნება ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც დაინტერესდებიან თანამედროვე ამერიკელი ავტორებით, თანამედროვე ლიტერატურული პროცესებით და ლიტერატურული მიმართულებებით“, — განაცხადა თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ელენე მეძმარიაშვილმა, რომელმაც დიდი მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზატორებს და მონაწილეებს ესოდენ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.