თსუ-ის დოქტორანტი, რომელიც თბილისის მერიის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილებას ხელმძღვანელობს, გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულობებს იკვლევს
უკვე ორი თვეა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილებას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი ქეთევან კანდელაკიშვილი ხელმძღვანელობს. ქეთევანი ამ სტრუქტურაში მე-4 წელია მუშაობს. ეს განყოფილება კურირებს დედაქალაქში გამწვანებისთვის გათვალისწინებული ტერიტორიის გამწვანების პროექტის შეთანხმებას, მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/პროექტების მომზადებასა და მუნიციპალურ დონეზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობას.
„უშუალოდ ჩვენი განყოფილება ჩართულია მშენებლობის ეტაპზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული თუ მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად კონტროლდება. თბილისი დაყოფილია ზონებად და ჩვენ ძალიან მკაცრად ვიცავთ თითოეული ზონისთვის მინიჭებულ გამწვანების კოეფიციენტს. ასევე, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ აღნიშნული კოეფიციენტებით განსაზღვრული გასამწვანებელი არეალების ათვისებას“, — განმარტავს თბილისის მერიის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ახალ სამსახურეობრივ პოზიციას ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად მიიჩნევს. იგი უშუალოდ არის ჩართული თბილისის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ურბანული ეკოსისტემების მართვის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებაში, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო და სარეკრეაციო ზონების განვითარების, გაუმჯობესებისა და განაშენიანების ერთიანი სტანდარტის დადგენაში.
ქეთევან კანდელაკიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2012 წელს დაასრულა, 2015 წელს მაგისტრატურის საფეხური წარჩინებით დახურა. 2013-2014 წლებში ერასმუს მუნდუსის სტიპენდიის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით რუმინეთში იმყოფებოდა. სწავლისა და კვლევის პარალელურად თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი პრაქტიკულ საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული, რაზეც იმ სტრუქტურების ჩამონათვალი მეტყველებს, სადაც უმუშავია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო… მის საქმიანობას უკავშირდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტებიც.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოსდაცვითი მართვის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი კანდიდატურის შერჩევა აღსანიშნავია იმ მხრივაც, რომ ქეთევან კანდელაკიშვილის სადოქტორო ნაშრომის თემა გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიურ ანალიზს ეხება.
„ჩემი კვლევა, რომელსაც დოქტორანტურის ფარგლებში ვაწარმოებ, მაძლევს დიდ თეორიულ ცოდნას, რასაც პრაქტიკული საქმიანობის პროცესში აქტიურად გამოვიყენებ და პირიქით, პრაქტიკული გამოცდილება იქნება დიდი წინგადადგმული ნაბიჯი კვლევის განხორციელებისას“, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას.
„ქეთევანი სადოქტორო თემას გარემოსდაცვითი მიმართულებით ამუშავებს. მისი საქმიანობა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში იქნება უდიდესი ხელშემწყობი ფაქტორი მის სამეცნიერო საქმიანობაში“, — ადასტურებს დოქტორანტის ხელმძღვანელი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი და განმარტავს, რომ საკვლევი საკითხი ჯერ კიდევ შეუსწავლელი და ქართული სამართლის დარგისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია.
„თემა ახალია, მის მიმართ ინტერესი თანდათან იზრდება, ქართულ რეალობაში არ არსებობს მასალები, არაფერი თარგმნილა. ობიექტური იქნება ითქვას, რომ მასალები საზღვარგარეთაც მწირია. გარემოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევა ხე-ტყის უკანონო ჭრა, ველური ბუნებით ვაჭრობა, წყლის, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურება. ეს თემა კარგად არის დამუშავებული და კანონმდებლობის დონეზეც დარეგულირებულია, თუმცა გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიური ასპექტი შესწავლილი არ არის, ამ საკითხის ანალიზი ჩვენს ქვეყანაში არ ჩატარებულა. ზოგადად, ჩვენ ყველას გვაქვს პრეტენზია, რომ არაჯანსაღ გარემოში ვცხოვრობთ, გამწვანებული არეალის რაოდენობა გვეცოტავება და ჰაერი არ მოგვწონს, ამ დროს არ გვაქვს გააზრებული, რომ ჩვენც ვართ ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზი. მაგალითად, ვიცით, რომ ადამიანები იყენებენ ძვირადღირებულ ქურქებს, სამკაულებს, რომელიც მზადდება ისეთი ცხოველების ბეწვისგან და ძვლისგან, რომლით ვაჭრობაც აკრძალულია. მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას. მშენებლობების მაგალითზეც იგივე შემიძლია ვთქვა: კომპანიას სურს ჰქონდეს რაც შეიძლება დიდი საცხოვრებელი ან კომერციული გასაყიდი ფართი, რადგან მოთხოვნა დიდია და არ ფიქრობს გამწვანებული არეალის ფართობის გაზრდაზე, მათთვის მწვანე ნარგავები თითქოს მეორეხარისხოვანია და ცდილობენ სამშენებლო პროექტს მოარგონ არსებული გამწვანება, ვიდრე პირიქით, ნარგავებს მოერგოს პროექტი. ამ მიზნით, ისინი ცდილობენ მიმართონ უკანონო ხერხებს და შეგნებულად აზიანებენ მწვანე ნარგავებს. ამასთან, როგორც მიმდინარე პრაქტიკა გვაჩვენებს, მშენებელს უღირს კიდეც უკანონოდ, სრულიად შეგნებულად დააზიანოს ხე-მცენარე და შემდეგ დაუბრკოლებლად ააშენოს სასურველი ობიექტი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამსახური ამკაცრებს მიდგომებს, უკვე მივიღეთ ახალი დადგენილება, რომელიც ამ მიმართულებით რეგულაციებს საგრძნობლად ცვლის და ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს მწვანე ნარგავების დაცვა და მათზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების შემცირება. დამუშავების პროცესშია სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელთა უმთავრესი მიზანია შეიქმნას უფრო მყარი ბერკეტი მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურების ფაქტების შესამცირებლად და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შენარჩუნდეს მწვანე ნარგავების ბალანსი.
მსოფლიოში გარემოს დაცვის მიმართულებით ბევრი პრობლემაა, მაგალითად ნაგვის გადამუშავების მოუწესრიგებელი სისტემები, გამონაბოლქვი, უკანონო ხე-ტყის ჭრა და სხვა უამრავი რამ, რასაც ჩვენ მწვავე პრობლემად ვერ აღვიქვამთ, ვინაიდან გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების მყისიერ შედეგებს ვერ ვხედავთ. რეალურად დიდი ჯაჭვია და ჩემი სადოქტორო კვლევის მიზანიც ეს არის — შევისწავლო, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, რატომ ჩადიან ადამიანები ისეთ ქმედებებს, რაც მათივე სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მომავალ თაობებს უქმნის პრობლემებს“, — ამბობს ქეთევან კანდელაკიშვილი.
ქეთევანმა გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიური ანალიზი სადოქტორო კვლევის თემად მას შემდეგ შეარჩია, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურში გარემოსდაცვითი მართვის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა.
„ჩემი კვლევა შინაარსობრივად განსხვავებულია, მაგრამ ჩემი პრაქტიკული და თეორიული საქმიანობაც გარემოს კეთილდღეობისთვის არის გამიზნული. მუშაობის პროცესში ხშირად ვაწყდებით სამართალდარღვევის ფაქტებს, რომლებსაც შესაბამის სტრუქტურებში ვამისამართებთ. ამ საქმიანობამ არსებული პრობლემა კიდევ უფრო უკეთ დამანახა და ამიტომ გადავწყვიტე გარემოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიური ანალიზის განხორციელება“, — განმარტავს ქეთევან კანდელაკიშვილი, რომლის მთავარი მიზანიც, კვლევის დასრულების შემდეგ, ამ მიმართულებით ახალი სახელმძღვანელოს შექმნა და სტუდენტებისთვის შესაბამისი სასწავლო კურსის შეთავაზებაა, რომელიც, ჯერჯერობით, არცერთ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში არ დანერგილა.