მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ – კვლევის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტის ორგანიზებით ახალი წიგნის „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. პრეზენტაციაზე ავტორებმა: პროფესორმა რამაზ ქურდაძემ, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ლომიამ, ასოცირებულმა პროფესორმა ქ. მარგიანმა, ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ნ. ჭუმბურიძემ მონოგრაფიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა ისიც, რომ ნაშრომმა ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გაიმარჯვა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მონოგრაფია უარყოფის კატეგორიაზე „ქართველური ენათმეცნიერების“ სერიით გამოცემული მეორე წიგნია; პირველი გახლდათ „ევიდენციალობის კატეგორია ქართველურ ენებში“; ასევე, დაწყებულია მუშაობა სერიის მესამე წიგნზე − „ინფორმაციის სტრუქტურა და ჰიპოტაქსური მოდელები ქართველურ ენებში“.
ღონისძიებაზე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქართველური ენების მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობაზე ეროვნული მონოლითურობისა და ერთიანი ენობრივი მსოფლხედვის კონტექსტში. მან საგანგებოდ გაუსვა ხაზი ამ მიმართულებით ავტორთა ჯგუფის მუშაობის პროდუქტიულობას და მადლობა გადაუხადა რუსთაველის ფონდს მნიშვნელოვან ეროვნულ საქმეში თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
აკადემიკოსმა მზექალა შანიძემ აღნიშნა: „დიდია ინტერესი უნივერსალური კატეგორიების მიმართ საერთოდ მსოფლიოში; იქმნება ახალ-ახალი ლინგვისტური თეორიები, ტერმინები. ამ ჩარჩოს მიხედვით ჩვენი მდიდარი და მრავალფეროვანი ემპირიული მასალის შესწავლა არის აქტუალური და საშური საქმე. წიგნი გუშინ მივიღე, გადავათვალიერე სარჩევი, რომელიც ძალიან დატვირთულია, საკითხები საინტერესოდ არის დალაგებული; ინტერესით გავეცნობი და უფრო მეტს ნაშრომის დეტალურად გაცნობის შემდეგ მოგახსენებთ; მეცნიერებს შორის აზრთა გაცვლა და მსჯელობა, როგორც მოგეხსენებათ, ცოცხალი პროცესია და მნიშვნელოვნად წაადგება ეროვნული მეცნიერების განვითარების საქმეს“.
ემერიტუს პროფესორმა დამანა მელიქიშვილმა ყურადღება გაამახვილა საკვლევი თემის სირთულეზე: „უარყოფა თავისი არსით რთული კატეგორიაა, ამიტომ დიდძალი მასალის სკრუპულოზურ ანალიზს ითხოვს. სიამოვნებით ვუსმენდი ავტორებს; კვლევისას იმდენი რამ გაუთვალისწინებიათ და, რაც მთავარია, ნათლად, გასაგებად იყო ეს ყველაფერი მოწოდებული“.
წიგნის ერთ-ერთი ავტორის რამაზ ქურდაძის თქმით, მონოგრაფია მოიცავს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ქართველ და უცხოელ ავტორთა თეორიული ნააზრევის მიხედვით: „კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და სინქრონიული მონაცემების გათვალისწინებით“.
მონოგრაფიაზე მუშაობის პროცესში გამოვლენილ სპეციფიკურ თავისებურებებზე, შედეგის ეფექტურობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს სხვა ავტორებმაც: „საინტერესოა იმის ახსნა, ზოგჯერ რატომ „ირღვევა“ ტრადიციული გრამატიკის ნორმები სასაუბრო მეტყველებასა და ქართული ენის დიალექტებში. მხედველობაში მაქვს არ ვიცი და ვერ ვიცი ფორმების მონაცვლეობა; ასევე, საინტერესოა სხვადასხვა ემოციურ-გამომსახველობითი ნიუანსის ასახვა მწერლის ენაში არა/არ უარყოფითი ნაწილაკის საშუალებით. ამის ერთ-ერთი ნიმუშია მუხრან მაჭავარიანის ლექსი, რომლის სახელწოდებაა „არა“. „არა“ რეფრენად გასდევს ლექსს და სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სემანტიკური ნიუანსი შემოაქვს“, − განაცხადა ნინო ჭუმბურიძემ.
„უარყოფის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები მაინტერესებდა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან; სადიპლომო შრომაც კი მივუძღვენი უარყოფის ასახვას ჩრდილოკავკასიურ ენებსა და სვანურში. სვანური უარყოფითი ნაწილაკების სიმრავლით გამოირჩევა და უარყოფითი სემანტიკის ლექსიკური შესაძლებლობითაც მრავალმხრივია; კერძოდ, შეუძლია საგნის ან ფაქტის გამოხატვის კონკრეტიზაცია და მის მიმართ მთქმელის დამოკიდებულების გამოხატვა“, — აღნიშნა ქეთევან მარგიანმა.
მაია ლომიამ აქცენტი გააკეთა კვლევის შედეგების ეფექტურობაზე. როგორც მან აღნიშნა: „მონოგრაფიაში მოცემული დიდძალი ემპირიული მასალა გაანალიზებულია ახლებური ხედვით − ლინგვისტიკის კომუნკაციური, ანთროპოცენტრული მიმართულების მიხედვით, რომელიც იძლევა ტრადიციული ენათმეცნიერებისა და კოგნიციური ცნობიერების შერწყმის შესაძლებლობას და ახალ პერსპექტივებს აჩენს ენობრივი მასალის ინტერდისციპლინური კვლევის თვალსაზრისით. პროექტის ფარგლებში შესრულებული ნაშრომის პრაქტიკულ ღირებულებას განსაზღვრავს მისი გამოყენება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დანიშნულებით.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველური ენები დაარსების დღიდან ისწავლებოდა. დიდი ივანე ჯავახიშვილი და მისი მოწაფეები, თანამოაზრეები − იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე და სხვები საუნივერსიტეტო კონცეფციაში დიდ ადგილს უთმობდნენ ქართული და სხვა ქართველური ენების კვლევისა და სწავლების მნიშვნელობას. ტრადიციად ქცეულ მეცნიერულ მემკვიდრეობას, რომელსაც საუკუნეების წინ ჩაუყარეს საფუძველი უნივერსიტეტის დამაარსებლებმა, ღირსეულად აგრძელებს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ს/ს ინსტიტუტი“, — ამბობს მაია ლომია.