22 წელი თსუ სტამბაში – მთავარი მოტივატორი წიგნის სიყვარულია
ნატო ობოლაძე
2023 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბა 100 წლის გახდება. ოფიციალურად მისი დაარსების თარიღი 1923 წელია, თუმცა უნივერსიტეტის გრიფით პირველი წიგნი შედარებით ადრე — 1919 წელს გამოიცა. ეს იყო „დამხმარე სახელმძღვანელო ბოტანიკაში“ ლევან ყანჩაველის ავტორობით. ადგილი, სადაც მეცნიერების უახლესი კვლევები თითქმის საუკუნეა წიგნებად იკინძება, დღეს უნივერსიტეტელი მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების გარდა, სხვა ავტორებსაც ემსახურება.
თსუ-ის სტამბაში წელიწადში დაახლოებით 150-მდე გამოცემა იბეჭდება — სამეცნიერო ჟურნალები, სახელმძღვანელოები, სამეცნიერო კვლევები, მონოგრაფიები, ბროშურები… აქ თავს იყრის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტის, 16 დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტისა და 16 სასწავლო სამეცნიერო ცენტრის მუშაობის შედეგები.
სტამბას 2012 წლიდან თენგიზ სირაძე ხელმძღვანელობს. თსუ-ის სტამბამ გაფართოებული ფუნქციებიც სწორედ 2012 წლიდან შეიძინა. მანამდე, 2000 წლიდან, თენგიზ სირაძე უნივერსიტეტში სასწავლო დეპარტამენტის სადუბლიკაციო კომპიუტერული სამსახურის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, სადაც წიგნები სასწავლო დეპარტამენტის დაკვეთით იბეჭდებოდა.
„როდესაც სტამბაში მუშაობ, მთავარი მოტივატორი წიგნის სიყვარულია. თსუ-ის გამომცემლობა ელექტრონულ წიგნებსაც ამზადებს, რამაც დისტანციური სასწავლო პროცესი ბევრად მოქნილი გახადა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ეკრანზე კითხვა ჯანმრთელობისთვის დიდად სასარგებლო არ არის და გამოცემულ წიგნს თავისი დანიშნულება, განსხვავებული ხიბლი ყოველთვის ექნება.
წიგნის დასტამბვაზე მუშაობა საინტერესოა — ეს არაჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობას, ავტორებთან მუდმივ კომუნიკაციასაც გულისხმობს… ჩვენ ერთად ვმუშაობთ საუკეთესო შედეგის მისაღებად. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკვე აკინძული წიგნი დაგვიშლია, რადგან გარკვეული ცვლილების შეტანა გამხდარა საჭირო… ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია…“ — ამბობს თენგიზ სირაძე.
შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ინსტანცია უნივერსიტეტში, რომელსაც პანდემიის 2 წლიანი პერიოდის მანძილზე დისტანციური მუშაობის რეჟიმი არ შეხებია, სტამბაა. გამონაკლისი მხოლოდ ის პერიოდი იყო, როდესაც უშუალოდ სტამბის თანამშრომლები დაინფიცირდნენ.
„სტამბაში მუშაობის სპეციფიკა ვერანაირად ვერ შეითავსებდა ონლაინ მუშაობის ფორმატს — ამბობს თენგიზ სირაძე — ჩვენი პირდაპირი მოვალეობა საბეჭდ-ასაკინძ დანადგარებთან მუშაობაა, ამიტომ პანდემიისას დაწესებული შეზღუდვების უმეტესი ნაწილი არ შეგვხებია.“
სტამბამ წელს უკვე 45 წიგნი გამოსცა
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ახლაც — უნივერსიტეტის სტამბამ წელს უკვე 45 წიგნი გამოსცა. სხვადასხვა ფორმატის წიგნებისა და ჟურნალების დასასტამბად 25-მდე დანადგარი მუშაობს, მათ შორის არის როგორც 2012 წელს შეძენილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბეჭდი აპარატები, ასევე „ვეტერანი“ დანადგარებიც, რომელთაგან ზოგიერთი 60 წელზე მეტისაა, თუმცა მაინც „შრომისუნარიანია“.
„წიგნების პრესი, ფერადი ბეჭდვის დანადგარი, ფერადი ოფსეტური ბეჭდვის დანადგარი, გილიოტინა (ქაღალდის საჭრელი დანადგარი), თერმული აკინძვის დანადგარი, შავ-თეთრი ბეჭდვის დანადგარი — სტამბაში არსებული ტექნიკა ყოველ დღე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, შესაბამისად, ზოგიერთს რეაბილიტაცია ან ჩანაცვლებაც სჭირდება, თანაც ტექნიკა ვითარდება და თუ გვინდა, რომ სტამბამ კერძო შეკვეთების მიღებაზეც უფრო ეფექტიანად იმუშაოს, განახლება აუცილებელია… ჩემთვის სტამბაში მუშაობა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, წიგნებზე ბავშვობიდან შეყვარებული ვარ და ისევ წიგნებთან მაქვს შეხება“, — აღნიშნავს სტამბის ხელმძღვანელი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში მოსვლამდე თენგიზ სირაძე 40 წელი პირველ არხზე მუშაობდა. თსუ კურსდამთავრებული, პროფესიით ფიზიკოსი, ტელე-რადიო გადაცემების ტექნიკით უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. ამბობს, რომ პირველ არხთან ბევრი მოგონება აკავშირებს…
„40 წელი დიდი დროა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფილმებს იღებდნენ, იდგმებოდა ტელე-სპექტაკლები, ვფიქრობ, ერისთვის მნიშვნელოვანი საქმე კეთდებოდა. გარდა ამისა, ტარდებოდა ტელევიზიის დღეები, გვიწევდა მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩვენ საქმიანობას ვაცნობდით, ვუსმენდით — თუ რა იქნებოდა მათთვის საინტერესო. გარდა ტელე-რადიო გადაცემის ტექნიკური გამართულობისა, საგამომცემლო საქმიანობას ტელევიზიაშიც ვახორციელებდით“, — იხსენებს თენგიზ სირაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბაში ამ დროისთვის 6 ახალი წიგნი ისტამბება. საბოლოო ეტაპზე ახალი გამოცემები დანიშნულების მიხედვით ნაწილდება, თუმცა რამდენიმე ეგზემპლარი ყოველთვის ცალკე ინახება და თბილისის სხვადასხვა ბიბლიოთეკაში იგზავნება.