გამოიცა ძველაღმოსავლური ლოცვებისა და ჰიმნების კრებული „ზაფხულის მოკლე ღამე“
მაია ტორაძე
გამოიცა ძველაღმოსავლური ლოცვებისა და ჰიმნების კრებული „ზაფხულის მოკლე ღამე“. კრებულში შესულია შუმერული, აქადური და ხეთური ლურსმნული ტექსტების ქართული თარგმანები, რომლის ავტორებიც არიან ნინო სამსონია, ირინე ტატიშვილი და მიხაკო წერეთელი.
წიგნში მკითხველი გაეცნობა მნათობებისადმი მიძღვნილი უძველესი შუმერული ლოცვების ნიმუშებს, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ინახავდა ზეპირსიტყვიერება, მოგვიანებით კი გადამწერებმა შუმერული ეპოსის ნაწილად აქციეს.
მასში შეტანილია აგრეთვე კაცობრიობის ისტორიაში ცნობილი პირველი პოეტი ქალის, ენხედუანის მიერ შექმნილი საგალობლები, რომლებიც ქალღმერთ ინანას განადიდებს; ბაბილონის ერთ–ერთი მეფის ლოცვა ქალღმერთ იშთარისადმი, რომელიც ძველბაბილონური პოეტური სიტყვის საუკეთესო ნიმუშია; მიხაკო წერეთლის მიერ „გილგამეშიანის“ ცნობილი თარგმანიდან ამოკრებილი აქადური ლოცვები და ასევე ხეთური ჰიმნები და ლოცვები, რომელთაგან ზოგიერთი ფილოსოფიური პროზის ნიმუშადაა მიჩნეული.
„ჩვენ შევეცადეთ, რომ ცალკეული ტექსტის მნიშვნელობა და მიზანდასახულობა აგვესახა თითოეულისათვის წამძღვარებულ მოკლე შესავალში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტექსტებისთვის დართული კომენტარები დაინტერესებულ მკითხველს დაეხმარება შინაარსის აღქმაში და გაარკვევს მას ისტორიულ თუ გეოგრაფიულ რეალიებში,“ – წერენ კრებულის წინასიტყვაობაში იდეის ავტორები ნინო სამსონია და ირინა ტატიშვილი.
კრებული მომზადდა თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის ასირიოლოგიის კათედრაზე მარკ შაგალის ნიცის ნაციონალური მუზეუმის მხარდაჭერით. იგი ილუსტრირებულია ცნობილი მხატვრის მარკ შაგალის ნამუშევრებით. საილუსტრაციო მასალა მსოფლიო მუზეუმების კოლექციებიდან მოიძია ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძემ.