როგორ უმკლავდება გამოცემების მენეჯერი მარიკა ერქომაიშვილი ფენომენს, როცა ,,წიგნი ეძახის”
ნატო ობოლაძე
„ფურცელი უცნაურია, ენერგიას ისრუტავს. ყოველთვის იგრძნობა, როდესაც ინტერესით, სიყვარულით არის გაკეთებული. არსებობს ფენომენი — „წიგნმა დამიძახა“, სანამ მას აიღებ და გადაშლი, რაღაც გეძახის, სხვანაირი ენერგეტიკა მოდის. ხელნაწერი სხვანაირად იკითხება, ნაბეჭდი — სხვანაირად. კარგი წიგნის გამოცემას ბევრი ფაქტორი განაპირობებს,“ — ამბობს მარიკა ერქომაიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, რომელიც ამ დროისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის სამეცნიერო გამოცემების მენეჯერია.
თსუ-ის გამომცემლობა საქართველოში ერთადერთია, რომელიც თითქმის ერთი საუკუნეა აკადემიური სამეცნიერო პროფილით მუშაობს. აქ წელიწადში 160-200-მდე გამოცემა მუშავდება (იგულისხმება არა მხოლოდ კვლევები და სახელმძღვანელოები, არამედ თარგმანები, სამეცნიერო კონფერენციების მასალები, ლექსიკონები და ა.შ.). გამომცემლობაში 9 რედაქტორი მუშაობს, რომლებიც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ბაზაზე, მეცნიერების თითქმის ყველა დარგში განხორციელებულ კვლევებს არედაქტირებს და წიგნებად აყალიბებს…
ტერმინოლოგია სამეცნიერო რედაქტორებისთვის ნომერ პირველი გამოწვევაა
სამუშაო პროცესის დროს რედაქტორები არაერთი გამოწვევის წინაშე დგებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე დარგობრივ სამეცნიერო ტერმინოლოგიას ეხება, რადგან გლობალიზაციის პირობებში, მეცნიერების სწრაფი განვითარების ტემპთან შედარებით, ქართულ ენაზე სამეცნიერო აპარატის შექმნის პროცესი გაჭიანურებულია.
„ტერმინოლოგია სამეცნიერო რედაქტორებისთვის ნომერ პირველი გამოწვევაა. დარგობრივი ტერმინოლოგია უმეტესად არ არსებობს, ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი სიტყვები გააჩინა და ამაზე შეთანხმებაა საჭირო. ეს ძალიან შრომატევადი სამუშაოა, რაზეც ადრე მთელი კომისიები მუშაობდნენ და რასაც ახლა ცალკეული პირები აგრძელებენ. შესაბამისად, ძალიან რთულია ტერმინების ქართულ ენაზე მორგება. ამისთვის შენ უნდა იცოდე ის ენები, საიდანაც ეს ტერმინი შემოდის, უნდა იცოდე სად ჩაიხედო, ან უნდა იცოდე შენს ენაში რა ვარიანტები გაქვს და რომელი მიესადაგება მას“, — განმარტავს მარიკა ერქომაიშვილი.
ხშირად გვიწევს „ბეწვის ხიდზე გავლა”
წიგნის გამოცემა რამდენიმე ეტაპს მოიცავს — დაწერა, რედაქტირება, დაკაბადონება, რედაქტირება… და, ალბათ, კიდევ ერთხელ რედაქტირება… თითოეული ეტაპი დამატებით კიდევ რამდენიმე ქვეეტაპს ითვალისწინებს და ასე შემდეგ მანამდე, სანამ რედაქტორი და ავტორი კონსენსუსამდე არ მივლენ. შესაბამისად, ამ რთულ პროცესში მთავარი ავტორისა და რედაქტორის შეთანხმებული მუშაობაა, რომ სათქმელი ქართულად, სათანადო ტერმინოლოგიით და ქართული ენის წესების დაცვით დაიწეროს.
„გამოწვევაა თვითონ ქართული ენა, რომელიც ვითარდება. ბევრი წესი ჯერ კიდევ დაუდგენელია. ხშირად გვიწევს „ბეწვის ხიდზე გავლა“ და შეგნებულად გარკვეული წესებისთვის გვერდის ავლა. ხშირად ავტორები „ხმალამოღებულებიც იბრძვიან“ და რაღაც რედაქტორმაც უნდა დათმოს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ რეალურად წიგნის საბოლოო სახის შექმნაში რედაქტორი უდიდეს როლს თამაშობს, რადგან ხშირად ძალიან „ნედლი“ მასალა შემოდის“, — გვიყვება თსუ სამეცნიერო გამოცემების მენეჯერი.
„ინტელექტუალთა (ავტორი-რედაქტორი) ჭიდილის“ მიზანი ახალი წიგნის დაბადებაა, სადაც თითოეული წინადადება, ფოტო, გარეკანი, სასვენი ნიშნები და სქოლიოს ხაზებიც კი ერთ მთლიანობად შეიკვრება და შეიძენს უნარს, რომელსაც მარიკა ერქომაიშვილი „წიგნის ძახილის“ ფენომენს უწოდებს.
ფურცელთან მარტო დარჩენა ერთგვარ „გაშიშვლებას“ გულისხმობს
გამოწვევებთან გამკლავებისას მნიშვნელოვან როლს ენების ცოდნაც თამაშობს. „სრულყოფილად ვფლობ-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ რამდენი ენა მისწავლია, გეტყვით“ — გვეუბნება მარიკა ერქომაიშვილი და საკმაოდ გრძელ ჩამონათვალს გვთავაზობს — ლათინური და ძველი ბერძნული, რომელიც მისი უშუალო სპეციალობაა, ასევე რუსული, ინგლისური, ახალი ბერძნული და გერმანული. ახალი ბერძნული თესალონიკის უნივერსიტეტის ახალი ბერძნული ენის სკოლაში შეისწავლა, გერმანული კი გოეთეს ინსტიტუტში და ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი კურსდამთავრებული გახდა.
„ჩემი პოზიციისა და ფუნქციების მიუხედავად, რედაქტირების პროცესში მეც ვერთვები-ხოლმე. ძირითადად ნათარგმნ წიგნებს ვკიდებ ხელს მაშინ, როდესაც ფორსმაჟორი გვაქვს. ვფიქრობ, რომ არა ენების ცოდნა, რედაქტორის საქმეს ჩემთვის დამაკმაყოფილებლად ვერ გავაკეთებდი. გამომცემლობაში გვყავს არაჩვეულებრივი რედაქტორები, მათ შორის არიან ახალგაზრდა კადრები, ასევე დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც „ძველი სკოლა“ აქვთ გავლილი… ზოგადად, წიგნთან ურთიერთობა მარტივი არ არის, თუ შენი საქმე არ გიყვარს, რთულია, რადგან ფურცელთან მარტო დარჩენა ერთგვარ „გაშიშვლებას“ გულისხმობს. შეიძლება ეს სამეცნიერო ლიტერატურაზე მუშაობის საკითხზე ზუსტად ვერ გადმოიტანო, მაგრამ სამეცნიერო ლიტერატურასაც სჭირდება გარკვეული სითამამე — როგორ ჩამოაყალიბო, როგორი უნდა იყოს კომპილაცია, ორიგინალური ნააზრევი, ბევრი საფიქრალია… ვფიქრობ, ჩემი დღევანდელი საქმიანობა დიდწილად ჩემმა პროფესიამ განაპირობა“, — ამბობს მარიკა ერქომაიშვილი.
რას ეფუძნება მარიკა ერქომაიშვილის გამოცდილება?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის შესწავლის შემდეგ მარიკა ერქომაიშვილმა დოქტორანტურა საბერძნეთში გაიარა. 2006 წელს, გამომცემლობაში მუშაობის დაწყებამდე, რისმაგ გორდეზიანთან ერთად თსუ-ში ძველ ბერძნულს, მითოლოგიასა და ანტიკური ლიტერატურის ისტორიას კითხულობდა, ასევე უძღვებოდა ძველი ბერძნული ენის, ლათინური ენის, ძველი ბერძენი ავტორის (აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“), რომაელის ავტორის (ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“), კლასიკური ფილოლოგიის, ანტიკური მითოლოგიისა და ბერძნულ-რომაულ ფილოლოგიაში თანამედროვე კვლევის მეთოდების სასწავლო კურსებს. პედაგოგიური გამოცდილება თბილისის მე-6 გერმანულ სკოლაშიც მიიღო, სადაც მეოთხე კლასელ მოსწავლეებს ქართული ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მუშაობდა ჟურნალისტად ჟურნალ „კაკადუში“, იყო თსუ-ს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „ფასისი“ რედკოლეგიის წევრი და პასუხისმგებელი მდივანი. თანამშრომლობდა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტთან, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხებს იკვლევდა. არის 14 სამეცნიერო სტატიისა და მონოგრაფიის ავტორი, ანტიკური ლიტერატურის სახელმძღვანელოს თანაავტორი, შესაბამისად, გამოცდილება მრავალფეროვანი აქვს. თუმცა, როდესაც საგამომცემლო საქმიანობის დაწყებაზე საუბრობს, აქ გარდამტეხი გავლენა მისმა პირველმა მონოგრაფიამ — „კირკეს მითი“ მოახდინა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2002 წელს გამოსცა.
„აკადემიურ გამომცემლობებში ყოველთვის არის კრიტერიუმები, რომელსაც ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს. ამ შემთხვევაში ტექნიკურ მხარეს ვგულისხმობ. ამ წიგნზე მუშაობა თავიდან თამაშ-თამაშით დავიწყე, არანაირად არ იყო მოაზრებული, რომ მე დისერტაციას დავიცავ ან მონოგრაფიას დავწერ. იცით არის რაღაცები, რაც ლაღად თუ არ აკეთე, ის არ გამოდის, რაც უნდა იყოს. მღერის და ემღერებათ შორის სხვაობას ხომ ხვდებით? დაახლოებით იგივეა. თამაზ კვაჭანტირაძემ თქვა ძალიან კარგად იაპონელების ნამღერ კრიმანჭულზე: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად მღეროდნენ, ქართველი გლეხის დაზარებით ნამღერი მაინც უკეთესიაო… ანუ უნდა გეთქმევინებოდეს, ამით სიამოვნებას უნდა იღებდე.
კირკე აიეტის და, მედეას მამიდა იყო, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსონაჟი. მისი ამბავი მოთხრობილია ჰომეროსის „ილიადაში“, წიგნში, რომელსაც ფაქტობრივად ევროპული ლიტერატურა ემყარება და ვერ იპოვით ავტორს ვერც ბერძნულ და ვერც რომაულ ლიტერატურაში, რომელთანაც კირკე რაიმე ფორმით ნახსენები არ იყოს. „კირკეს მითზე“ მუშაობა იმდენად საინტერესო, სახალისო და შემოქმედებითი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ტექსტური ნაწილიც და წიგნის კონცეფციაც მე შევიმუშავე. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო გამოცემა იყო, შევიტანეთ ილუსტრაციები — ლარნაკებიდან აღებული შავ-ფიგურული გამოსახულებები, სქოლიოს გამყოფი ხაზების ნაცვლად ბერძნული მეანდრები გამოვიყენეთ. მაშინ მივხვდი, წიგნი რომ „გელაპარაკებოდეს“, ერთი მთლიანი კონცეფცია უნდა არსებობდეს. შესაბამისად, თავისთავად ეს საქმე აღმოჩნდა ძალიან საინტერესო“, — იხსენებს მარიკა ერქომაიშვილი.
პასუხი კითხვაზე: ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრონული წიგნი ბეჭდურს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა 1933 წელს დაარსდა. გამომცემლობის ისტორიაში ტექნოლოგიურმა განვითარებამ ერთგვარი გარდატეხა შეიტანა და დღეს უკვე ელექტრონული წიგნების გამოცემების აუცილებლობაც დადგა. მარიკა ერქომაიშვილი ამბობს, რომ სამეცნიერო ლიტერატურის ელექტრონულად გამოცემა გაცილებით იაფი, მომგებიანი, პრაქტიკული და ინტერაქტიურიც არის: „ელექტრონულ წიგნს ბევრი უპირატესობა აქვს, ბევრად ინტერაქტიურია და წიგნის ვიზუალური მხარის თვალსაზრისითაც ბევრი ეფექტის გაკეთების საშუალებას გაძლევს. ცხადია, საცნობარო ლიტერატურა მთლიანად ელექტრონული ფორმატის შეიძლება იყოს, მათ შორის: ბიბლიოგრაფიები, ბიობიბლიოგრაფიები, ლექსიკონები, რადგან გაცილებით მოსახერხებელია ჩაწერო სიტყვა და იპოვო, ვიდრე ლექსიკონი ფურცლო. ნაბეჭდი წიგნი კი, ვფიქრობ, უფრო ურთიერთობაა, ეს არის პროცესი და სიამოვნების მიღების საშუალება, რასაც ელექტრონული წიგნი მოკლებულია. ხშირად სვამენ კითხვას: ჩაანაცვლებს თუ არა ელექტრონული წიგნი ბეჭდურს? ვფიქრობ, რომ ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ორივეს თავისი დანიშნულება აქვს. ეს ყველაფერი გლობალიზაციის პროცესებს უკავშირდება, რაც კლასიკური ფილოლოგიის მიმართ ჩემს ინტერესს უფრო აღრმავებს, რადგან ანტიკური სამყარო იმაზე მეტად კავშირშია თანამედროვეობასთან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს“, — აღნიშნავს მარიკა ერქომაიშვილი.
გლობალიზაცია ანტიკურ სამყაროში და ახლა — მარიკა ერქომაიშვილი ორი ეპოქის საერთო მახასიათებლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი გარკვეულწილად რედაქტორის პროფესიულ გამოწვევებსაც ეხება.
„სამყარო სპირალისებურად ვითარდება — ზუსტად იმ წრეს არ ვიმეორებთ, მაგრამ გამოცდილებას ვიმეორებთ. ალექსანდრიული ხანა გლობალიზაციის ხანა იყო, მაკედონელი იწყებს მსოფლიოს დაპყრობას, იშლება საზღვრები, იწყება საინტერესო პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ბერძნული მშობლიური ენა არ არის, როგორ იცვლება დამოკიდებულება ლიტერატურის მიმართ და ლიტერატურული ფორმები — შემოდის მცირე ჟანრის ნაწარმოებები. მწერლების წინაშე ახალი ამოცანები ჩნდება — მან ისეთი ფორმა უნდა შეარჩიოს, ვისთვისაც ბერძნული მშობლიური არ არის, მისთვისაც გასაგები რომ იყოს…. დღევანდელობასთან ბევრ საერთოს იპოვით. მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიები განვითარდა, საზღვრები წაიშალა, სხვადასხვა ენიდან შემოდის სლენგი, შეიცვალა ადამიანის აღქმაც, ვიზუალურ აღქმაზე გავხდით ორიენტირებულები, ნიუსების ეპოქაა. ვერ ვიტყვი, რომ თანამედროვე ადამიანს წიგნი არ უყვარს, უბრალოდ მისი აღქმაა სხვანაირი, სხვა ტიპის ადამიანს აყალიბებს ეს ეპოქა“, — განმარტავს თსუ სამეცნიერო გამოცემების მენეჯერი და დამატებით აღნიშნავს, რომ ელექტრონული გამოცემებიც, გარკვეულწილად, ახალი ეპოქის ადამიანის მოთხოვნილებებს უპასუხებს — მორგებულია მისი ცხოვრების რიტმსა და ფორმაზე.
მკვლევრების „დაბადება” და სტუდენტური პროექტები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა ის ადგილია, სადაც უნივერსიტეტის ყველა მკვლევრის ნააზრევი იყრის თავს და მათ შორის სტუდენტებისაც. მათ შორის იკვეთება ახალი პროექტის შედეგებიც, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის ფარგლებში წელიწადში სამჯერ ტარდება. თსუ სამეცნიერო გამოცემების მენეჯერის შეფასებით, ეს არის პროექტი, რომელიც მომავალი მკვლევრების პოტენციალს სტუდენტობის წლებიდანვე თვალსაჩინოს ხდის.
„თავიდან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი სტუდენტური პროექტების მიმართ, თუმცა იმ უამრავ მასალას შორის, რომელიც შემოდის, არის კვლევები, თარგმანები, რომლებიც შეიძლება გამოვარჩიო. ამ დროს ჩემს თვალწინ მოხდა მკვლევრების „დაბადება“. მაგალითად, მე ვიყავი რედაქტორი ვლადიმირ ვოიტინსკის „ქართული დემოკრატიის“ თარგმანის, რომელიც ქეთევან ქუსიკაშვილმა, თამარ ხეტაშვილმა და ირაკლი ირემაძემ მოამზადეს. სტუდენტური პროექტების ფარგლებში გიორგი გაბელაიამ თარგმნა რობერტ სტამის „კინოს თეორია“. ეს არის ურთულესი, ინტერდისციპლინური წიგნი, რომლის თითოეული წინადადების სათარგმნად (რომ მიხვდე, რას გულისხმობს), არაერთი მონოგრაფიის წაკითხვა გჭირდება”, — აღნიშნავს მარიკა ერქომაიშვილი.
მომავალ წელს გამომცემლობის საიუბილეო წელია. დაარსებიდან 90 წლის შემდეგ გამომცემლობაში რედაქტორთა, დიზაინერთა და დამკაბადონებელთა გამოცდილი ჯგუფისთვის მთავარ მიზნად კვლავაც რჩება უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებისთვის ხელშეწყობა. გარდა უშუალოდ უნივერსიტეტელი მკვლევრების ნამუშევრების გამოცემისა, ბოლო წლებში გამომცემლობა მთარგმნელობით პროგრამაშიც ჩაერთო, რაც უცხოენოვანი რეიტინგული სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე გამოცემას ითვალისწინებს. მათ შორის აღსანიშნავია: ჯონ დენიელსის, ლი რედებოგის, დანიელ სალივანის „საერთაშორისო ბიზნესი“; ოლივერ ბლანშარის „მაკროეკონომიკა“; ზიმბარდო გერიგის „ფსიქოლოგია და ცხოვრება“; ჰარლოდ კისის „სტატისტიკა ზუსტ მეცნიერებებში“; ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ცნობილი სერიის Very short introductions პირველი წიგნები — ფრენკ ქლოუზის „ნაწილაკების ფიზიკა“ და ა.შ.