არცერთ ეპოქაში საქართველო ისე არ ჩამორჩენილა კაცობრიობის განვითარებას, როგორ დღეს, ციფრულ ეპოქაში
თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტმა გასულ წელს დაარსებიდან 80 წლისთავი აღნიშნა. აქ წლებია მუშაობენ ქართული ენის სხვადასხვა პრობლემატიკაზე, მათ შორის, ენის გაციფრულებისა და ტერმინთბანკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაზე, თუმცა მეცნიერები თავადაც აღიარებენ, რომ ამ მიმართულებით საქართველო მცირედით ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს. ახალი გზაა მოსაძებნი თუ ამ ჩამორჩენას სულ სხვა მიზეზები აქვს თანამედროვე ციფრულ ეპოქაში? — ამ საკითხების შესახებ ვესაუბრებით ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ლია ქაროსანიძეს.
— ამ კითხვებს სვამენ მომავლის სწორად დასაგეგმავად ევროპაშიც. სწორედ ამით განსხვავდება ევროპული მიდგომები, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი სფეროს მომავალი იგეგმება უკვე არსებულ ან ამისთვის საგანგებოდ შექმნილ სტანდარტებზე დაყრდნობით. ამ დაგეგმვის ნაწილია ასევე ე.წ. სიტუაციური კვლევა: რა ხდება ამ მიმართულებით, რა გაკეთდა და რა — ვერა, რა იყო წინსვლის ან მარცხის მიზეზები, რა რესურსი დაიხარჯა და იყო თუ არა ხარჯი მიზანშეწონილი. მხოლოდ ამ ყველაფრის გამოკვლევას ეფუძნება თითოეული მომავალი ნაბიჯი. ეს არის სახელმწიფოებრივი ხედვა, აზროვნება. საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი რამ სტიქიურად და წარსულ-მომავლის გაუაზრებლად ხდება, რასაც შედეგად მოჰყვება ის მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს. დიახ, სამწუხაროდ, არცერთ ეპოქაში საქართველო ისე არ ჩამორჩენილა კაცობრიობის განვითარებას, როგორ დღეს, ციფრულ ეპოქაში.
მაგალითად, გვაქვს შესანიშნავი ქართული ლექსიკოგრაფიული მემკვიდრეობა, რომელიც ვერც კი გავაციფრულეთ და, ცხადია, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული კომპიუტერული ლინგვისტიკის განვითარებაც ჯერჯერობით ვერ შევძელით. ამისი მიზეზი სწორედ ის არის, რომ 90-იანი წლებში ვერ მოვახერხეთ ენის კვლევითი ინსტიტუტის თანმიმდევრულად, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარება. ამან ბევრი დრო დაგავაკარგვინა, თუმცა გვიან, მაგრამ მაინც დაგვანახვა ინსტიტუციური კვლევების უპირატესობა მრავალ დარგში. რამდენიმე წლის წინ, შესაძლოა, სხვაგვარად მეფიქრა, მაგრამ დღეს სრულიად დარწმუნებული ვამტკიცებ: საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ენის კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც გაზრდის ახალგაზრდა მკვლევრებს, ენათმეცნიერებს, სხვაგვარად დავკარგავთ უმთავრესს — სამეცნიერო კვლევის ტრადიციებს, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, უკვე გამოჩნდა. მკვლევრის გაზრდას წლები სჭირდება, ტექნიკური პროგრამები კი შედარებით სწრაფად ინერგება.
– ფიქრობთ, რომ ამ ტემპით შევძლებთ იმის გაკეთებას, რასაც განვითარებული სამყარო წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნიდა? რას გვეტყვით ქართული ტერმინთბანკის შესახებ, რომელზეც ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობთ?
– ქართული ტერმინთბანკის პროგრამის შექმნა ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებამ 2015 წელს დაიწყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად. 2017 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებას წარვუდგინეთ ქართული ტერმინთბანკის პროექტი და დავიწყეთ მისი შევსება. ქართული ტერმინოლოგიური ბაზა ევროპული ტერმინთბანკებისგან განსხვავებულ კონცეფციას ეფუძნება, რაც საქართველოში არსებულმა განსხვავებულმა ვითარებამ განაპირობა. ტერმინოლოგიური სიჭრელე არ გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ ნორმატიულ ტერმინთა ბანკი, რადგან ტერმინოლოგიური პოლიტიკის არარსებობის გამო ნორმატიული ტერმინოლოგიური ლექსიკონები საქართველოში აღარ იქმნება და მეორეც: ქართულ ტერმინოლოგიურ მუშაობას ვერ დავაყრდნობთ ორენოვან თუ სხვა სახის კორპუსებს მათში არსებული ტერმინოლოგიური სიჭრელისა და არასანდოობის გამო. ქართული ტერმინთბანკი თავად უნდა გახდეს ნორმატიული ლექსიკონების შექმნის საფუძველი, წყარო. მასში თავს ვუყრით ყველა ბეჭდურ ტერმინოლოგიურ ლექსიკონს, ვაანალიზებთ, ვიკვლევთ თითოეული ცნების ყველა შესატყვისს და დარგის სპეციალისტებთან ერთად განვიხილავთ ნორმატიულ, მისაღებ ფორმას. დავეწევით თუ არა ციფრულ ეპოქაში უკვე საკმაოდ წინწასულ ევროპას? თანმიმდვრული და სწორად დაგეგმილი მუშაობით, რა თქმა უნდა, ყველაფერია შესაძლებელი. მთავარი ისაა, რომ ქართულ ტერმინთბანკზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ევროპელი კოლეგების დახმარებითა და რჩევებით სწორ გზაზე ვდგავართ. ქართული ტერმინთბანკი მოთავსებულია ევროპის ტერმინთბანკების რუკაზე, რაც მეტ პასუხიმგებლობას გვაკისრებს.
– როდის გეგმავთ მის გამოქვეყნებას ინტერნეტში? არის თუ არა საკმარისი რესურსები ამ მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად?
— ქართული ტერმინთბანკი ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით უნდა გამოქვეყნდეს, ვადას კი, სამწუხაროდ, ვერ ვამბობთ ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო. ტერმინთბანკი უკვე აქვს საფრანგეთს, შვედეთს, რუმინეთს, ირლანდიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, ხორვატიას, ესტონეთს, ლიეტუვას და სხვა მრავალ ქვეყანას. დღეს უკვე ევროპელი ტერმინოლოგები აქტიურად მუშაობენ ეროვნული ტერმინთბანკების გასაერთიანებლად და საერთაშორისო ტერმინოლოგიური ბაზების შესაქმნელად. აქ ტერმინოლოგიური სიჭრელე, ცხადია, ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ქვეყნის ეროვნული ინტერესია — სწორად ასახოს თავისი ენა, ტერმინოლოგია საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში. საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ბაზებში ეროვნული ტერმინოლოგიური მასალის განთავსება, ცხადია, მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც დადგინდება ეროვნული ნორმატიული ტერმინოლოგიური შესატყვისები, ანუ შეიქმნება ნორმატიული, შეთანხმებული, მრავალდარგოვანი ქართული ტერმინოლოგია. შესაბამისად, ჯერ-ჯერობით ნაადრევია საერთაშორისო ბაზებში ქართული მასალის გადატანა, თუმცა გარკვეული ჯგუფები მაინც ცდილობენ თვითნებურად, საკუთარი გადაწყვეტილებით შეიტანონ ქართული ტერმინები სხვადასხვა საერთაშორისო ბაზაში. ცხადია, ამ კერძო, შეუთანხმებელი ქმედების შედეგი ვერ იქნება დადებითი და საბოლოოდ იმ ტერმინოლოგიურ სიჭრელეს, რომელიც უკვე, რამდენიმე წელია, არსებობს ქართულ ენაში, საერთაშორისო ბაზებშიც გადავიტანთ.
საქართველოში გვაქვს ენის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ტრადიციული კვლევები მიმდინარეობს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტერმინოლოგიისათვის და, ზოგადად, ენის საკითხების კვლევისას. ტერმინოლოგიური მუშაობა, უპირველესად, თეორიული საკითხების ცოდნას მოითხოვს. მეცნიერთა დამფინანსებელი ფონდების არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში, მაგრამ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა საკვლევად და განსავითარებლად აუცილებელია კვლევითი ცენტრის გაძლიერება. შეუძლებელია წლიდან წლამდე სააგრანტო პროექტების კონკურსის შედეგების მოლოდინში იყო, ჩვენი აზრით, ტერმინოლოგიური მუშაობა მხოლოდ საგრანტო პროექტებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს ახალგაზრდები და გაზარდოს პროფესიონალი ტერმინოლოგები, ტერმინოლოგიის სტანდარტებში გარკვეული პროგრამისტები, რომლებიც მომავალშიც განავითარებენ ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს.